ავტორი:

"ელიტ მოტორსმა" სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი მეორედ ჩაატარა

"ელიტ მოტორსმა" სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი მეორედ ჩაატარა

სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებსა და მაღალი ხარისხის სამშენებლო ტექნიკაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

იმისათვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა პროფესიონალიზმი გაუმჯობესდეს და პროფესიული განათლების წახალისება მოხდეს, კომპანია „ელიტ მოტორსმა,“ რომელიც საქართველოში Volvo Construction Equipment-ის ოფიციალური დილერია, სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა შეჯიბრი ჩაატარა.

შეჯიბრმა სტარტი საქართველოში უკვე მეორედ აიღო და ამჯერად ღონისძიება ოპერატორთა კლუბის საიუბილეო მე-20 წელს დაემთხვა. სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების დავალება ასეთი იყო: ექსკავატორისა და დამტვირთველის დახმარებით მათ ბურთი კალათებში უნდა მოეთავსებინათ, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებდა, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. დაძაბული შეჯიბრის შედეგად 10 ფინალისტი გამოვლინდა, საიდანაც გამარჯვება სამმა საუკეთესო ოპერატორმა მოიპოვა. პირველი ორი ადგილის მფლობელები კი გერმანიაში გამართულ ფინალურ ტურზე გაემგზავრებიან.

როგორც „ელიტ მოტორსის“ დირექტორმა, ზვიად ანთელიძემ განმარტა, ასეთი ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რადგან „ელიტ მოტორსის“ მიერ სამშენებლო სექტორისთვის შეთავაზებული სამშენებლო ტექნიკა მაღალტექნოლოგიურია და მათი პოტენციალის სრული რეალიზება სიღრმისეულ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.

ნებისმიერ ინსფრასტრუქტურულ სამუშაოში გამართული ტექნიკით მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ოპერატორმა კი თანამედროვე ტექნოლოგიების დადებითი თვისებები უნდა გამოიყენოს, რათა პროდუქტის ხარისხიანობა გამოვიყენოთ,“ - განმარტა ზვიად ანთელიძემ.

შეჯიბრის გამარჯვებული სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, გურამ ადიკაშვილი გახდა, რომელმაც საქართველოში ჩატარებულ ოპერატორთა კონკურსში პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვა. შედეგების გამოცხადების შემდეგ ის ემოციებს ვერ მალავდა.

„ძალიან გახარებული და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონატში გამარჯვებას ჩემი პროფესიით მივაღწიე. კონკურსი ძალიან რთული არ ყოფილა, მაგრამ მაინც თავისებური ემოციური განწყობა მქონდა,“ - აღნიშნა შეჯიბრის გამარჯვებულმა.

ასევე გაიმართა სპეცტექნიკის დემო შოუ, რაც უდაოდ დაუვიწყარი სანახაობა იყო. მუსიკის ფონზე შესრულდა ურთულესი მოძრაობები სხვადასხვა სპეცტექნიკაზე, კერძოდ, ექსკავატორებზე, დამტვირთველებზე, გრეიდერსა და გრუნტის სატკეპნზე.

შედეგების გამოცხადების შემდეგ კულმინაციური მომენტი დადგა: მონაწილეებს კომპანიების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ, თავად შამპანური გახსნეს და დიდი კონკურენციის შედეგად მოპოვებული გამარჯვება ამგვარად აღნიშნეს. ყველაზე მთავარი კი მათ შემოდგომაზე გამართულ ევროპის ფინალურ ეტაპზე ელით.

„ელიტ მოტორსის“ მიერ ორგანიზებულ ოპერატორთა შეჯიბრს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პროფესიული განათლებისა და მსგავსი კონკურსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ასეთი საქმის მცოდნე პროფესიონალები ჩვენს ქვეყანაში საჭიროა, არაერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ სამშენებლო სფეროში დეფიციტური პროფესიები გვაქვს და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ვგეგმავთ, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზე ვიმუშაოთ. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს,“ - აღნიშნა ქეთევან ნატრიაშვილმა.

ღონისძიებაზე დასასწრებად „ელიტ მოტორსის“ ტერიტორიას Volvo Construction Equipment-ის წარმომადგნლებიც ეწვივნენ, რომელიც შეჯიბრს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. Volvo Construction Equipment-ის ბიზნეს მენეჯერის, ოლეგ ნიკიტინის შეფასებით, სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის მშენებლობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მას დიდი წვლილი შეაქვს.

„ამ კონკურსზე სწორედ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ იმ საპატიო საქმეებში, რასაც ოპერატორები ასრულებენ, მათ მხარი დავუჭიროთ. ძალიან მიხარია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად სპეციალისტები მოვიდნენ, რათა თავიანთი უნარები ეჩვენებინათ, ერთმანეთი გამოეცადათ და საქართველოში საუკეთესო გამოევლინათ,“ - აღნიშნა ოლეგ ნიკიტინმა.

კონკურსის დასრულების შემდეგ შთაბეჭდილებებს ვერ მალავდა Volvo Construction Equipment-ის მარკეტინგის მენეჯერი ვიქტორია ფომინა, რომელმაც დღის ბოლოს საზეიმო ტორტი ექსკავატორის ციცხვზე დამაგრებული დანის მეშვეობით გაჭრა და შეკრებილი აუდიტორიის მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

„ჩვენთვის, Volvo-ს წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს ვაჩვენოთ, რომ ოპერატორები ჩვენთვის ძალიან ღირებული თანამშრომლები არიან. რა თქმა უნდა, ჩვენი სპეც. ტექნიკა ევროპული და მაღალხარიხიანია, მაგრამ პროფესიონალის გარეშე ის უბრალოდ რკინაა,“ - აღნიშნა ვიქტორია ფომინამ შეჯიბრის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის Volvo-ს სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა კლუბს 16 ქვეყნის 23 000 მონაწილე ჰყავს, მათ შორის ავსტრიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, დანიიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, შვეიცარიიდან და უკრაინიდან.

რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის ქართულ გამოცდილებას, გასული წლის ჩემპიონატზე, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში გამართულ ფინალში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, ბესიკ კალანდაძე ევროპის საუკეთესო ოპერატორთა ათეულში შევიდა, წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები კი თავიანთ შესაძლებლობებს რამდენიმე თვეში გამოცდიან.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი