2018 წლის 7 მაისს, მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის რიგით მეოთხე ინაუგურაცია გაიმართება. ოპოზიციურმა პარტიებმა, ალექსეი ნავალნის ხელმძღვანელობით, რუსეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები დააანონსეს, სახელწოდებით - "ის არ არის ჩვენი მეფე".
"მშიშარა მოხუცს ჰგონია, რომ ის რუსეთის მეფეა. გამოდით, 5 მაისს ქუჩაში. შემოუერთდით ქვეყნის ქუჩებში მონარქიის, კორუფციის, უთანასწორობის, ცენზურისა და უკანონობის პროტესტს" - მიმართავს ალექსეი ნავალნი საზოგადოებას და მათ კორუფციის, სიღარიბის, უკანონობის, კორუმპირებული მართლმსაჯულების, უკანონო პოლიტპატიმრებისა და მართული მედიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს...
მისივე თქმით, პუტინის "დამსახურებაა" ინტერნეტისა და მედია-სივრცის კონტროლი, ასევე ადამიანების დარღვეული უფლებები და განათლების დაბალი დონე... ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დააკავა ნავალნის რამდენიმე ათეული მომხრე.
ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა მასში 76%-ით გაიმარჯვა.
არის თუ არა პუტინი რუსეთის მეფე, ამის შესახებ მსჯელობს შვედეთის უნივერსიტეტის პროფესორი, საგარეო ურთიერთობების სპეციალისტი ნატალია მამონოვა:
"კეთილი და სამართლიანი მეფე" - ასე იცნიობს მას რუსეთის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხმას აძლევს. მეტიც, არიან ისეთებიც, განსაკუთრებით მოხუცები, ვინც თავიანთ პენსიას პრეზიდენტის ფონდში რიცხავს, ზოგი ბინასაც კი სახელმწიფოს უტოვებს, მაშინ როდესაც თავად თუ არა მისი ოჯახის წევრები მაინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ... ის კი, ყოველდღიური გაურესების ფონზე ახალ-ახალ რეიტინგებს აფიქსირებს. თავის ყველა სატელევიზიო გამოსვლაში უფრო და უფრო ცდილობს კეთილი და გულჩვილი მმართველი იმიჯის შეიქმნას, რომელიც თავის ხალხზე ზრუნავს, აძლიერებს ერს და იცავს მათ საშინაო და საგარეო საფრთხეებისგან... როგორც ჩანს, ეს სტრატეგია, შესანიშნავად მუშაობს - უკვე წლებია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს და ამ და სხვა მიზეზების გამო, საპრეზიდენტო არჩევნებში, უკვე მეოთხედაც დამაჯერებლად გაიმარჯვა" - წერს მამონოვა.
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს როდესაც მას მეფეს უწოდებენ. როგორც ამბობს, ეს მისთვის შეუფერებელია... "მეფედ" მას მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები კი არა, დასავლელი პოლიტოლოგებიც ძალიან ხშირად მოიხსენიებენ, თუმცა, განსხვავება ინტონაციაშია...
"საქმე ის არის, რომ "რუსეთის მეფედ" მას მისი მომხრეებიც კი მოიხსენიებენ და ასევე ირონიით, თუმცა, რასაკვირველია გამუდმებით ცდილობენ ერთგულება დაუმტკიცონ და მმართველობა გაუხანგრძლივონ... მე პირადად მომისმენია როგორ ამბობენ მასზე, როდესაც პუტინი ტელევიზორში გამოდის, "შეხედე, მეფე საუბრობს!". ისინი ირონიითა და სარკაზმით ამბობენ ამას, თუმცა, მისი რეალური შეცვლა რომ დაიგეგმოს, მაშინვე მისი შემცვლელის ნავში გადასხდებიან...
"XXI საუკუნის რუსეთის მეფე" - ასე მოიხსენიებენ მას ოპოზიციონერები და მის ავტორიტარულ და უსასრულო მმართველობასაც აკრიტიკებენ, თუმცა ჯერჯერობით რუსეთში არაფერი იცვლება.
"ახლა მსჯელობენ იმაზე, პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, თუმცა, ის ჩვენთვის მეფეა... "ასე რომ, 7 მაისს რუსეთი XXI საუკუნის რუსეთში, ახალ მეფეს იკანონებს.." - აღნიშნავს შვედეთის უნივერსიტეტის პროფესორი ნატალია მამონოვა და დასძენს, რომ პუტინი მისი კორუმპურებული ელიტისა და ჩინოვნიკებისთვის, მეფეც არის და ღმერთიც, იქამდე ვიდრე სხვა არ გამოჩნდება.
"ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ უკვე "გულუბრყვილო მონარქიზმმა" რუსეთის რევოლუციის დროს ძალა დაკარგა, რადგან მეფის რეჟიმს არსებობის გაგრძელება არ შეეძლო... თუმცა, პუტინის რეჟიმი თავისი პროპაგანდისტული მანქანების საშუალებით მონარქიას ინარჩუნებს, საინტერესოა, როდემდე?" - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნატალია მამონოვა პრეზიდენტის რიგით მეოთხე ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე.