საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. როგორც ქევხიშვილმა ჟურნალისტებს აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ძიუდოს ნაკრების წევრების მიერ მის მიმართ წამოყენებული ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. ქევხიშვილის თქმით, ის ამ ეტაპზე საერთოდ არ ფიქრობს თანამდებობის დატოვებაზე და სიმართლის დამტკიცებას ეცდება.
გარდა ამისა, ქევხიშვილი აღნიშნულ პროცესებს მართულს უწოდებს, თუმცა არ აკონკრეტებს - ვისგან.
"თანამდებობას, ბუნებრივია, არავინ არის გამოკიდებული. თუმცა სპორტსმენების რაღაც ჯგუფი უსაფუძვლოდ ითხოვს ამას. რაც თვითონ სახელმწიფოსა და სისტემისთვის არ არის სწორი. ყველა საკითხში, რომელზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს. ჩემი მხრიდან, მათთან მიმართებაში მხოლოდ გვერდში დგომა და პატივისცემა იყო გამოხატული. კარგია, რომ გაირჩეს მტყუან-მართალი და კონკრეტული ფაქტები მითხრან, თუ რაში ვუშლიდი ხელს, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ", - განაცხადა ქევხიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, ამ სპორტსმენების ბოიკოტის შემთხვევაში როგორ დაკომპლექტდება ეროვნული ნაკრები, ქევხიშვილის თქმით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, რომელსაც ფედერაცია სპორტის სამინისტროსა და აღმასკომთან შეთანხმებით დანიშნავს.