ავტორი:

"ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები" - პოლიტიკური მესიანიზმი ქართველებში

"ზვიადისტები, მიშისტები, ბიძინისტები" - პოლიტიკური მესიანიზმი ქართველებში

მარიამ დემეტრაშვილის ბლოგი

რამდენადაც მრავალფეროვანია მსოფლიოს მოსახლეობა, ალბათ, იმდენადვე მრავალფეროვანია ერებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ ერებს თავიანთი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვთ. ასევე განსხვავებულია მათი პოლიტიკური კულტურაც და სახელმწიფოებრივი მოწყობაც. რაც ერთი ქვეყნისა თუ ხალხისთვის ჩვეულებრივ მოვლენად ან ტრადიციად აღიქმება, ზუსტად იგივე სხვა სახელმწიფოსთვის მიუღებელი შეიძლება იყოს. მაგალითად, მაშინ როცა ევროპის ქალაქების (ლონდონის, რიგის...) პოლიტიკოსები ველოსიპედებით გადაადგილდებიან, ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები ძვირადღირებული მანქანებით, კორტეჟის თანხლებით დადიან. მაშინ, როცა მსოფლიოს ერთ წერტილში (მაგ,: ჩრ. კორეა) ავტორიტარული რეჟიმით ცხოვრობენ, მეორეში - დემოკრატია ძლიერდება (მაგ,: აშშ) , ხოლო მესამეში - საპარლამენტო მონარქია (მა,: დიდი ბრიტანეთი) ითვლის წლებს.

რაც შეეხება საქართველოს, ის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დემოკრატიის გზას წარმატებით ადგას. თუმცა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ნაკლოვანება ყველა ერს აქვს და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. ერთ-ერთი ასეთი უარყოფითი თვისება ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკური მესიანიზმი აღმოჩნდა, რომელიც უკვე წლებია ვერაფრით დავძლიეთ.

მესიანიზმი - რელიგიური მოძღვრება უფლის რწმუნებულზე, კაცობრიობის მხსნელზე, მესიაზე, რომელიც ქვეყნად წესრიგს დაამყარებს - ასეთია ლექსიკონური დეფინიცია ტერმინისა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დიდი ხანია დამკვიდრდა. პოლიტიკურ მესიანიზმს საფუძველი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ჩაეყარა, როცა 70 წლის განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კიდევ 14 ქვეყნის საზოგადოება ერთი უალტერნატივო პარტიის პირობებში არსებობდა; სისტემაში, რომელშიც საზოგადოებამ არ იცოდა პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელობა (თუ აღლუმებზე წითელი ყელსახვევებით სიარულს არ ჩავთვლით).

ქართული საზოგადოებისთვის, რომლის ზოგიერთი წევრი ჯერ კიდევ სტალინს ეთაყვანება, რთული აღმოჩნდა მესიანიზმის დაძლევა და პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ დონეზე აყვანა. თუ უახლეს ისტორიას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ნაცვლად ერთი იდეისა თუ მიზნის გარშემო გაერთიანებისა, ხშირად ერთი კონკრეტული პერსონის გარშემო ერთიანდება ხოლმე. თუმცა მის პიროვნებას, რომლის პედესტალზე აყვანის სურვილიც ხალხს უჩნდება, აუცილებელია რაღაც მესიანისტური, ირაციონალური შემადგენელიც ჰქონდეს. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების ცვლილებებს არცერთხელ ჩაუვლია ე.წ. მესიის გარეშე, რომელსაც საზოგადოების რწმენით ყველა პრობლემა უნდა მოეგვარებინა. მაგალითად, 90-იან წლებში, როდესაც პოლიტიკური პარტიების გაერთიანებულმა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში, საზოგადოება მხოლოდ ზვიად გამსახურდიას მიიჩნევდა მხსნელად. შედეგად, ამდენი წლის მერეც ისევ არსებობენ „ზვიადისტები“, მაგრამ აღარავის ახსოვს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ სხვა, დამსახურებული წევრები.

საზოგადოება, რომლის 80%-ზე მეტმა ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტებას დაუჭირა მხარი, ასეთივე მაღალი ნდობით ძალიან მალე უკვე ედუარდ შევარდნაძეს მიემხრო. იმჟამინდელმა საერთაშორისო კავშირებმა, შევარდნაძე ხალხის თვალში ახალ მესიად დახატა. მიუხედავად იმისა, რომ მხსნელად მოვლენილი „მესია“ პოლიტიკურ ასპარეზზე მარტო არასოდესაა და უმეტესად პარტიასთან ერთად „იბრძვის“, საზოგადოებას მხოლოდ მისი სჯერა, მისი სწამს და საკუთარ მომავალსაც მხოლოდ მას ანდობს. სწორედ ამიტომ პოლიტიკურ რეალობაშიც ჩვეულებრივი საბაზრო კანონი - მოთხოვნა-მიწოდების კანონი - მუშაობს. არსებობს საზოგადოების მოთხოვნა, შესაბამისად ასპარეზზე პერიოდულად ჩნდება „მესიაც“.

„პოლიტიკური მესიები“ იცვლებიან, საზოგადოების მიერ მათ წინაშე წამოყენებული მოთხოვნები - არა: აშენდეს ქვეყანა, დასრულდეს სიღარიბე, მოგვარდეს ყველა პრობლემა. შედეგად კი ვიღებთ ხელისუფლებაში მოსული ძალის (პარტიისა თუ კოალიციის) პერსონიფიკაციას. მაგალითად, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ - ზვიად გამსახურდია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - მიხეილ სააკაშვილი, „ქართული ოცნება“ - ბიძინა ივანიშვილი. ალბათ, ყველას ახსოვს 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს როგორ გაერთიანდა მთელი საზოგადოება. თუმცა ამჯერადაც პერსონის - მიხეილ სააკაშვილის - და არა იდეის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ედუარდ შევარდნაძის გადაყენების სურვილი ხალხს მანამდეც ჰქონდა, მთელმა საზოგადოებამ უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით კონსოლიდაცია იქამდე ვერ შეძლო, ვიდრე გამსახურდიას მგავსი ახალი „მესია“ არ გამოჩნდა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ირწმუნა, რომ ერთი კაცი თითოეული მოქალაქის პრობლემას ერთი ხელის მოსმით მოაგვარებდა და საკუთარი ცხოვრების მართვის სადავეები სწორედ ამ კაცს გადასცა. გადასცა და დაივიწყა, რომ კონტროლი „მესიასაც“ სჭირდება; დაივიწყა, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან „მესია“ არ ათავისუფლებს; დაივიწყა, რომ დემოკრატიულ ხელისუფლებას ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევის უფლება არ უნდა მისცეს. და მერე შედეგიც ლოგიკური დგება - ერისა და ქვეყნის მხსნელად მოვლენილ ლიდერი საკუთარ უნიკალურობაში რწმუნდება და ფიქრობს, რომ მის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აბსოლიტური ჭეშმარიტების ხასიათს ატარებს, ნებისმიერი კრიტიკული აზრი კი ჩანასახშივე ისპობა.

რამდენიმე წელში საზოგადოებისგან განუსაზღვრელი ნდობითა და უფლებებით აღჭურვილ „მესიას“ თავისი „მისია“ დაავიწყდა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ძალაუფლების ერთ ხელში კონსოლიდაციამ, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებამ, საკუთარი უნიკალურობის რწმენამ და ხალხში ტერორის თესვამ ის შედეგი გამოიღო, რომ საკუთარი და პარტიის სახელი სისხლიან 9 წელს სამუდამოდ დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ 9 წლის განმავლობაში საზოგადოებას არაერთი მიზეზი მიეცა იმისათვის, რომ ხელისუფლებისთვის ჩადენილ ქმედებებზე პასუხი მოეთხოვა და შეეხსენებინა, რომ ისევე როგორც მოყვანა, გადაყენებაც ხალხის ნებაა, ამ უფლების გამოსაყენებლად გაერთიანება იქამდე ვერ შეძლო, სანამ ახალი „მესია“ არ გამოჩნდა. ბუტა რობაქიძისა თუ სანდრო გირგვლიანის გახმაურებულმა საქმეებმა, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის სასტიკმა დარბევამ და სხვა მსგავსმა მოვლენებმა ვერ შეძლო ის, რაც 2012 წელს ახალმა „მესიამ“ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო.

პოლიტიკური მესიანიზმით დაავადებული საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა მხსნელის გარშემო და მის მიერ შემოთავაზებული ოცნებების რეალურობა დაიჯერა. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებებში ახალი არაფერი იყო (უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევა, პენსიის მომატება, გადასახადების შემცირება და ქვეყნის გამთლიანება), საზოგადოების ერთსულოვანი მხარდაჭერა მაინც მოიპოვა. ახალ მესიას, ბიძინა ივანიშვილს, მართალია ლიდერისთვის დამახასიათებელი ქარიზმა აკლდა, მაგრამ სხვა „მხსნელებისგან“ დიდი ფინანსური შესაძლებლობები გამოარჩევდა. საზოგადოებისთვის ოცნებების დაჯერება უფრო ადვილი გამოდგა, ვიდრე იმით დაინტერესება, რა გზებით მოახერხებდა პრობლემების გადაწყვეტას ივანიშვილის კოალიცია. თუმცა ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, წინამორბედისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი პრაგმატულად მოიქცა და პოლიტიკიდან ფორმალური დისტანცირება არჩია. „მესიამ“, რომელზეც საზოგადოება ქვეყნის აყვავების იმედებს ამყარებდა, მის მიერ დაფუძნებული პარტიის შემდგომ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა რამდენად გამოუვიდა პოლიტიკისგან შორს ყოფნა, ეს უკვე სხვა საკითხია. დამფუძნებლის გარეშე დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ოცნებები ვერ აუსრულა - გაიზარდა ინფლაციის დონე, კომუნალური გადასახადები, პროდუქტების ფასები, კრიმინალის დონე... ხალხი ისევ აპათიამ მოიცვა და ვერც იმან დააინტერესა, საკუთარი პრეზიდენტის არჩევის უფლება რომ წაართვეს.

მდგომარეობის გამოსწორების იმედი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელახლა გაუჩნდა ქართულ საზოგადოებას, ისევ სავარაუდო მხსნელის იდეას უკავშირდება. 2018 წლის 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტიის თავმდჯომარის რანგში ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან დღემდე საზოგადოების უმეტეს ნაწილს ბიძინა ივანიშვილმა თავი მხოლოდ ასწლოვანი ხეების საკუთარ ბაღში გადარგვით დაამახსოვრა, ხალხმა მას „მესიის“ როლი ხელახლა მაინც წარმატებით მოარგო. ჯერჯერობით, გაურკვეველია რა შედეგს მოიტანს მისი „მეორედ მოსვლა“, თუმცა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სამოქალაქო პასუხისმგებლობა ვერ გაუთავისებია, ალბათ, ბედნიერია. იქამდე, სანამ არჩევნებზე საარჩევნო პროგრამის ნაცვლად ხმას ოცნებებს მივცემთ, იქამდე, სანამ საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისებას მხსნელად მოვლენილ „მესიაზე“ ბრმად მინდობა გვერჩივნება, იქამდე, სანამ ხელისუფლება გააკონტროლებს ხალხს და არა ხალხი - ხელისუფლებას, მანამდე იარსებებენ „ზვიადისტები“, „მიშისტები“, „ბიძინისტები“... და ვინაიდან ხალხის არჩევანი პოლიტიკურ კულტურაზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, რომ ჩვენთან ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერი იცვლება, თამამად შეგვიძლია ვიკითხოთ: ვინ იქნება შემდეგი „პოლიტიკური მესია“?

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები