თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩემთვის სიტყვის მოცემის თაობაზე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზისა და პარლამენტის შენობის დატოვებისას განაცხადა.
„იცით, რომ გამოცხადებული იყო დებატების ფორმატი და მე მივესალმე დებატების ფორმატს. ამის თაობაზე დაანონსებული იყო არაერთხელ. ჩემთვის ბუნებრივია, რომ პატივცემულ დეპუტატებთან მქონდეს საუბრის შესაძლებლობა და დებატების შესაძლებლობა. პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, მე შინაარსს ვერ ვხედავ. მე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატების ფორმატში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან. ველოდები, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არსად არ წერია რეგლამენტში, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩემთვის სიტყვის მოცემის თაობაზე, რა თქმა უნდა დავბრუნდები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნული კომენტარის შემდეგ პარლამენტის შენობა დატოვა, რამდენიმე წუთის შემდეგ ის შენობაში ისევ დაბრუნდა, თუმცა დარბაზში ჯერ არ შესულა.
ნახეთ ვიდეო: "არასწორია, რასაც აკეთებთ" - გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა