2017 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა 563,2 ათასი ტონა შეადგინა, აქედან იმპორტირებული საწვავის ყველაზე დიდი წილი - 197,6 ათასი ტონა, ანუ 35,1% აზერბაიჯანზე მოდის. დიზელის მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში აზერბაიჯანის შემდეგ მოდიან თურქმენეთი - 149,0 ათასი ტონით, ანუ 26,4%-ით, რუმინეთი - 79,0 ათასი ტონით, ანუ 14,0%-ით, რუსეთი - 72,6 ათასი ტონით, ანუ 12,9%-ით, ბულგარეთი - 39,5 ათასი ტონით, ანუ 7,0%-ით, საბერძნეთი - 22,9 ათასი ტონით, ანუ 4,1%-ით - ასეთია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის სტატისტიკური მონაცემები.
გარდა ამისა, საქართველოში დღეს ევრო 4 და ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის დიზელის საწვავი იყიდება, რომლის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანიდანაა იმპორტირებული.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის ვახტანგ იობაშვილის განმარტებით, მეზობელი აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის ტრადიციული მომწოდებელია, შესაბამისად, მისი პროდუქტი სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ დიზელის საწვავთან შედარებით იაფია. კერძოდ, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის (ევრო 4) საწვავის ფასი 15-18 თეთრით ნაკლებია სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული დიზელის ფასზე.
„90-იანი წლებიდან დაწყებული არ ყოფილა შემთხვევა, რომ აზერბაიჯანიდან მომხდარიყო საწვავის მოწოდების შეფერხება. მათ შორის აღსანიშნავია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის ომის პერიოდი, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი საზღვაო აკვატორია პარალიზებული იყო და ქვეყანაში ზღვით საწვავის შემოტანა ვერ ხდებოდა. ამ დროს ქვეყანამ საწვავის დეფიციტი იმის ხარჯზე გადალახა, რომ ის აღნიშნულ პროდუქტს რკინიგზის მეშვეობით აზერბაიჯანიდან იღებდა და ქვეყნისათვის ამ უმძიმეს პერიოდში, მეზობელი ქვეყნის დახმარებით დიზელის საწვავის რამდენიმე ათასტონიანი მარაგი შეიქმნა,“ - განმარტავს ვახტანგ იობაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში სულ 1 228 100 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, საიდანაც დაახლოებით 28-30% დიზელის საწვავზე მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეადგენს. მათ შორის არის სატვირთო (100 000 ერთეული), სამგზავრო (53 500 ერთეული), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (28 400 ერთეული), სპეც. ტექნიკა (4 400 ერთეული) და სპეციალიზირებული (11 400 ერთეული) ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ესენი არიან ძირითადად თავისი ასაკიდან გამომდინარე ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთათვისაც მნიშვნელობა აქვს ევრო დიზელთან შედარებით დიზელის საწვავის დაბალ ფასს.
ვახტანგ იობაშვილის განმარტებით, აზერბაიჯანული და თურქმენული საწვავის მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში მომუშავე სამშენებლო და სპეცტექნიკისათვის.
„აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტირებული დიზელის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის თვეებში, მკაცრი კლიმატური პირობების დროს, როდესაც პარაფინის გაცილებით მცირე შემცველობის გამო აზერბაიჯანული დიზელის საწვავის გამოყენება შეფერხებების გარეშე ხდება შესაძლებელი. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურული ნათესი ფართობები სულ უფრო მეტად მცირდება, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის 15-20 თეთრით იაფი პროდუქციის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია. ამის საილუსტრაციოდ სტატისტიკური მონაცემებიც გამოდგება, რომლის მიხედვითაც 2014 წელს ნათესი ფართობის ოდენობამ - 274,9 ათასი ჰექტარი, 2015 წელს - 263,7 ათასი ჰექტარი, 2016 წელს - 240 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 214,9 ათასი ჰექტარი შეადგინა,“ - აღნიშნავს ვახტანგ იობაშვილი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში დიზელის საწვავის მომხმარება საქართველოში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ერთი მხრივ ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მატებასთან, მეორე მხრივ ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების ზრდასთანაა კავშირში.