თუკი ჩვენ დოკუმენტირებულად გვექნება დადასტურებული ფრანგული მხარისგან, რომ ბავშვის სხეულში სახარჯი მასალა აღმოჩნდა, დადგება შესაბამისი საექიმო პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, არსებული დოკუმენტაციით, 2 თვის წინ ჩატარებული ოპერაციისას, რაიმე დარღვევა არ იკვეთება.
"რა თქმა უნდა, ასეთი საკითხების შესწავლა ჩვენი ვალდებულებაა. ასეთი რთული ოპერაცია, საკუთრივ ოპერაციული ნაწილი მართლაც კარგად გაკეთდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი არის მთავარი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თანამედროვე მედიცინა რთული საწარმოო, ინდუსტრიული პროცესია, როდესაც კარგ ექიმს აქვს თავისი ადგილი, მაგრამ მთლიანი მწკრივია ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, არის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, საოპერაციო აწოდებს ინსტრუმენტებს ან სახარჯ მასალას ქირურგს, თითოეული ნივთი არის დანომრილი და ასევე ნომრების მიხედვით იბარებს, რადგან ვიზუალურად საოპერაციო არეში შეუძლებელია გაარჩიო შესახვევი მასალა, ის მყისიერად ღებულობს ქსოვილის და სისხლის ფერს. ამ შემთხვევაშიც, თუკი ჩვენ დოკუმენტირებულად გვექნება დადასტურებული ფრანგული მხარისგან, რომ აღმოჩნდა სახარჯი მასალა სხეულში, დადგება შესაბამისი საექიმო პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან საწყენია კარგად გაკეთებული ოპერაციის შედეგი რომ ასეთი დადგა. თუმცა, ფრანგული მხარისგან დოკუმენტური დადასტურება ჯერ არ გვაქვს. როგორც კი გვექნება, მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა სერგეენკომ. როგორც მინისტრი აღნიშნავს, წინასწარი მოკვლევა უკვე დაწყებულია.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ შემთხვევის შესწავლა დავიწყეთ, მაგრამ არსებული დოკუმენტაციით, რაიმე დარღვევა არ იკვეთება", - განაცხადა სერგეენკომ.
არსებული ინფორმაციით, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში კლინიკის ექიმებმა ორი თვის ბავშვს ოპერაცია ჩაუტარეს და დოლბანდის ტამპონი ჩაუტოვეს, რაც ფრანგმა მედიკოსებმა დაადასტურეს.