ავტორი:

ქუთაისის ყოფილი მერის წარმატებული ამერიკული კარიერა - "არასდროს მიფიქრია მერობაზე და ამიტომ არ დამიმთავრებია რამდენიმე უნივერსიტეტი..."

ქუთაისის ყოფილი მერის წარმატებული ამერიკული კარიერა - "არასდროს მიფიქრია მერობაზე და ამიტომ არ დამიმთავრებია რამდენიმე უნივერსიტეტი..."

”არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ განხორციელდება ჩემი მიზანი - საქართველო გახდება წარმატებული ქვეყანა და მეც ჩემს წვლილს შევიტან ამაში, რადგან 1991 წელს სწორედ ამ განწყობით წამოვედი საქართველოდან. ყოველთვის პრიორიტეტად ჩავთვლი ვიშრომო და ვიბრძოლო ჩემი სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის” - ასე იწყებს AMBEBI.GE-სთან საუბარს დიმიტრი კოპალიანი, ქართველი მეცნიერი, რომელმაც აშშ-ში დიდ წარმატებას მიაღწია, 2013 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისის მერის თანამდებობაზე დაიწყო საქმიანობა.

თუმცა ეს გადაწყვეტილება არც ისე წარმატებული აღმოჩნდა - მისმა მერობამ მხოლოდ 3 თვე გასტანა. აშშ-ში დაბრუნებულმა კი წარმატებული კარიერა განაგრძო და ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

- რამდენიმე ცნობილი კომპანიის თანამშრომელი იყავით, მათ შორის - „ჯენერალ მოტორსის“, ”კრაისლერის”... ხართ პრესტიჟული ამერიკული უნივერსიტეტების პროფესორი... როგორ და რატომ გაგიჩნდათ ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი?

- აშშ-ში უდიდესი გამოცდილება მივიღე მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაში - დეტროიტში ”ფორდის”, ”ჯენერალ მოტორსის”, ”კრაისლერის”, ”ტოიოტას” და ”ნისანის” საერთაშორისო კომპანიებში პროექტების შესრულებით, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთში. სკოლიდანვე მაინტერესებდა მათემატიკა, კომპიუტერული ტექნიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები. განათლებაც ამ მიმართულებით მივიღე. პირველი უნივერსიტეტიც ჩემს ქალაქში - ქუთაისში დავამთავრე - აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი. სკოლასა და ინსტიტუტში სწავლის პერიოდშივე სისტემატიურად ვმონაწილეობდი საქალაქო და რესპუბლიკურ ტურებში მათემატიკასა და კომპიუტერულ ტექნიკაში.

- გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ, როგორც ვიცით თქვენი ოჯახის წევრები, მშობლები, ბაბუები სამეცნიერო წრის წამომადგენლები იყვნენ…

- ხშირად მახსენდება ჩემი მშობლიური მე-9 საშუალო სკოლა, მეგობრები ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან, უელსის უნივერსიტეტიდან, არაჩვეულებრივი ოჯახები ნიუპორტიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, რომლებთანაც დღესაც ვმეგობრობ მეც და ჩემი ოჯახიც. ვიცნობ და ურთიერთობები მაქვს ასევე ბევრ ადამიანთან, რომლებიც ჩემმა მშობლებმა, ბაბუამ აღზარდეს უნივერსიტეტებში. ბიძებიც აკადემიური წრეების წარმომადგენლები არიან: ზურაბ კოპალიანი ნობელის მშვიდობის სიგელიანტია, ამირან კოპალიანი კი ქუთაისში ცნობილი ექიმი, პროფესორი გახლავთ.

- მოგვიყევით თქვენი მეუღლისა და შვილების შესახებ. როგორია მათი საქართველოსადმი დამოკიდებულება?

- ჩემი მეუღლე საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტის დოქტორია, კიბერშეტევების და უსაფრთხოების დარგში. მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია, განათლება აშშ-ში აქვს მიღებული. ბავშვები ამჟამად სკოლაში სწავლობენ და ძალიან უყვართ თავიანთი ქვეყანა - საქართველო. ოჯახი ჩემთან ერთად ცხოვრობდა საქართველოში ჩემი იქ ყოფნის დროს.

- მოსკოვში განათლების მიღებაზე ოცნებობდით, თუმცა უელსის უნივერსიტეტში აღმოჩნდით... როგორ მოხდა ეს?

- დიახ, ვაპირებდი მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. თუმცა, სხვანაირად მოხდა. იმ პერიოდში ქალაქი ქუთაისი დაუმეგობრდა დიდ ბრიტანეთში უელსის ქალაქ ნიუპორტს და ქუთაის-ნიუპორტის ასოციაციის რეკომენდაციით, გავაგრძელე სწავლა ნიუპორტის გვენტის საგრაფოს უმაღლესი განათლების კოლეჯში. უელსის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამი უნივერსიტეტი დავამთავრე აშშ-ში. ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დავიცავი სადოქტორო დისერტაციაც და ამ სფეროში ვმოღვაწეობ უკვე 26 წელია. ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელებული არაერთი პროექტის შესახებ ცნობილია საზოგადოებისთვის. ბევრზე ვერც ვისაუბრებ, რადგან ისინი კონფიდენციალურია...

ცხადია, სწავლასთან ერთად მუშაობაც მიწევდა. სერიოზული მიღწევებისთვის ბევრი შრომაა საჭირო და ეს ყველაფერი იოლი ნამდვილად არაა.

- წლების შემდეგ პირველად 2013 წელს დაბრუნდით სამშობლოში და ქუთაისის მერის თანამდებობაზე დაინიშნეთ... თუმცა, სულ 3 თვე იმუშავეთ ამ პოსტზე. რატომ მიიღეთ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება და რამდენად გამართლებული იყო ის?

- საქართველოსთან კავშირი არასდროს დამიკარგავს. მანამდე სამშობლოში ყოველ წელს ჩამოვდიოდი. დღეში რამდენჯერმეც ვუკავშირდები ჩემს ოჯახს საჭიროების მიხედვით. თუმცა არასდროს მიფიქრია მერობაზე და ამ მიზნით არ დამიმთავრებია რამდენიმე უნივერსიტეტი. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ მაშინდელი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გამართლებული იყო, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში ვბრუნდებოდი ერთადერთი მიზნით - დასავლეთში მიღებული ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ქვეყნის და ადამიანების ერთგულების უნარი და საქმისადმი პასუხისმგებლობა გამომეყენებინა ქუთაისისა და საქართველოს უკეთეს მომავალში წვლილის შესატანად. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ცხოვრებაში რაიმეს მისაღწევად დღედაღამ შრომა, შრომა და შრომაა აუცილებელი. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი პოლიტიკაა პატიოსნად, ერთგულად, ემსახურო შენს ქვეყანას და შენს ხალხს, სადაც არ უნდა მუშაობდე და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყო.

- მერობის შემდეგ, თქვენს სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნაზე გაჟღერდა ინფორმაცია. გქონდათ თუ არა კონკრეტული შემოთავაზება და რატომ თქვით უარი?

- აღნიშნულ პერიოდში კონკრეტული შემოთავაზება არ მქონია.

- ამჟამად ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხართ. რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

- ჩემი საქმიანობა ეხება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ბიზნესსა და უსაფრთხოების არქიტექტურას. ამჟამადაც ბევრი კონფიდენციალური პროექტი მაქვს, რომელთა შესახებ დეტალურად ვერ ვისაუბრებ. პარალელურ რეჟიმში ვკითხულობ ლექციებს კოლუმბიის უნივერსიტეტში.

- თუ ფიქრობთ საქართველოში დაბრუნებას? როდის და როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

- რათქმა უნდა ვფიქრობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

- რამდენად რთულია საზღვარგარეთ მაღალი დონის განათლების მიღება და დასაქმება? თქვენი ეროვნება როდესმე თუ გამხდარა ხელისშემშლელი ან დამაბრკოლებელი ფაქტორი?

- ძნელია და ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. ჩემი ეროვნება კი არასოდეს ყოფილა დამაბრკოლებელი ფაქტორი. ყოველთვის ვამაყობდი და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!

როგორ ჩატარდა სისხლის პლაზმის გადასხმის პირველი პროცედურა საქართველოში - ინფექციონისტი პროცესს დეტალურად აღწერს

"არ მინდოდა ჯერ მეთქვა, მაგრამ... დიახ, უკვე გამოვიყენეთ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულ პაციენტზე" - თენგიზ ცერცვაძე

"გარდაცვლილ ბოლო ორ პაციენტს, კოვიდინფექცია აღარ ჰქონდათ, პასუხი ვირუსზე უარყოფითი იყო" - თენგიზ ცერცვაძე