სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად წარადგინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „იელქის“ წევრმა არარატ მირზოიანმა განუცხადა.
მან ასევე დაამატა, რომ დღეს ფრაქცია „იელქი“ პარლამენტის დანარჩენ სამ ფრაქციასთან, მათ შორის სომხეთის რესპუბლიკურ პარტიასთან შეხვედრებს გამართავს. მთავრობის პროგრამასთან დაკავშირებით დეპუტატმა აღნიშნა, რომ მთავრობა, რომელზეც ახლა საუბარი მიმდინარეობს და რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს, დროებითია.
„ამ მთავრობის არსებითი მისია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ“, - განაცხადა მირზოიანმა.