ყოფილი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გამო აკრიტიკებს.
როგორც ზვიადაური აცხადებს, დავით ქევხიშვილი უკვე წლებია ანადგურებს საქართველოში ძიუდოს და სწორედ ამის შედეგია, რომ თელ-ავივში დასრულებულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა მედალი ვერ მოიპოვეს.
„ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე შედეგი -0. მე, როგორც ერთ-ერთმა ძიუდოისტმა და გულშემატკივარმა, მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება ძიუდოში. არ ვიცი საიდან დავიწყო. ამას ვამბობდი წლების წინ, რომ ქევხიშვილი ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი, სამწუხაროდ, არავინ არის. მინდა, ყველამ ამოიღოს ხმა, ვისაც ესმის სპორტი და ვისაც შესტკივა გული დღევანდელ მდგომარეობაზე. შეიძლება კიდევ ის მომაწერონ, რომ მე ინტერესი მაქვს ფედერაციის, მაგრამ აქვე გავიმეორებ, რომ არანაირი ინტერესი არ გამაჩნია, გარდა კეთილდღეობისა. მინდა, ქართული ძიუდო ისევ იმ ადგილს და ტიტულს დაუბრუნდეს, როგორიც წლების წინ იყო. ჭრიკიშვილს შეკრებაზე რომ არ წაიყვან, პირველი ნომრები რომ თავისი ხარჯებით გაემგზავრებიან შეჯიბრზე, არ შეუქმნი პირობებს იმ მიზეზით, რომ ფედერაციას ფული არ აქვს, ეს ტყუილია! ფედერაციამ 6-თვიანი შეკრება გაუკეთა ახალგაზრდებს სასტუმროთი და კვებით. თანხები სად მიდის ფედერაციიდან, გადაამოწმეთ, თუ ვინმეს გაინტერესებთ და დარწმუნდებით! და კიდევ, ფედერაციის პრეზიდენტი უწყვეტს სპორტსმენს, დადგება თუ არა ევროპაზე ან ნებისმიერ შეჯიბრზე და მწვრთნელს ფუნქციას უკარგავს. აი ეს არის დღევანდელი ძიუდოს ფედერაცია. მეგობრებო და გულშემატკივრებო ძიუდოსი, ამოიღეთ ხმა, სანამ დროა და ბოლომდე არ ჩაძირულა ის ძიუდოს ნაკრები, რომლითაც ამაყობდით თქვენ და მთლიანად საქართველო“, - აცხადებს ზვიადაური.
ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვერც ერთი მედალი ვერ აიღო.