წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე შეადგინა 57.9%, რაც რაოდენობრივად 27 846 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 20.00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა კანონის შესაბამისად.
„არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი ნება თავისუფლად გამოეხატათ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებმა დაიწყეს ხმების დათვლის პროცედურების განხორციელება. შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე http://www.results.cec.gov.ge/ საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, კანონის ფარგლებში წარმართონ თავიანთი საქმიანობა. ასევე მივმართავთ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, ხელი შეუწყონ მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობას შეუფერხებლად განხორციელებაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიებში საერთო ჯამში დარეგისტრირდა 5 საჩივარი. მისივე თქმით, ყველა საჩივარი შეეხება პროცედურული ხასიათის მცირე ხარვეზებს.
„მაგალითისათვის 2 საჩივარი დაიწერა ერთი და იგივე საკითხზე ხონის #3 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, საარჩევნო უბანზე დაბრუნებული გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. მოთხოვნილია გადასატანი ყუთის ბათილობა.
ერთი საჩივარი დაწერილია ვანის #20 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. კერძოდ, ამომრჩეველთა რაოდენობა ერთით ნაკლებია გაცემულ ბიულეტენებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის რეგისტრატორი წევრის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მას გამორჩა ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა. არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ - პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.