სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადება მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა (პაციენტის ოჯახის ინფორმაციით, კლინიკის ექიმებმა ორი თვის ნენე მოდებაძეს ოპერაციის შემდეგ მუცლის ღრუში ტამპონი ჩაუტოვეს) და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს ეხება.
„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აუცილებლად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება ბოლო პერიოდში სამედიცინო შეცდომებთან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე. კერძოდ, მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაშვებულ სავარაუდო სამედიცინო შეცდომასა და ქუთაისის N3 სამშობიარო სახლის ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე.
მ. იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარდა უაღრესად რთული ოპერაცია, მსგავსი ოპერაციები ჩვენს რეგიონში საკმაოდ იშვიათია. თუ ოპერაციის მსვლელობისას დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომა, უნდა მოხდეს მისი შესწავლა და შემუშავდეს მექანიზმები, რომელიც ამგვარი შემთხვევების შანსს მინიმუმამდე დაიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო შეცდომები მაღალგანვითარებული ჯანდაცვის მქონე ქვეყანების კლინიკებშიც ხდება. არსებული სტატისტიკით, ოპერაციული ჩარევისას მუცლის ღრუში უცხო სხეულის ჩარჩენის სიხშირე საშუალოდ 3-5 ათას ოპერაციაზე ერთხელ გვხვდება. აშშ-ში წელიწადში 1500, ხოლო საფრანგეთში 600 მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება.
ექიმ ირაკლი მერკვილაძისთვის პატიმრობის შეფარდებაც, სამედიცინო შეცდომის მიუხედავად, არ შეიძლება ჩაითვალოს ადექვატურ სასჯელად. საექიმო შეცდომის გამო, ექიმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მიუღებელია. სამედიცინო შეცდომებთან ბრძოლის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური მდგომარეობების მართვის პროტოკოლების საყოველთაო დანერგვისა და უწყვეტი პროფესიული განათლების ეფექტიანი სისტემის შექმნა, რაც სხვადასხვა ფორმით დარგობრივი ასოციაციების მიერ არაერთხელ იქნა განცხადებული.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდანაც იდგმება გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს. გვსურს მივმართოთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევების შეფასებისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ექიმებმა საზოგადოებრივი გაკიცხვის ან სისხლისსამართლებლივი პასუხისმგებლობის შიშის გამო, მძიმე სარპოგნოზო შემთხვევებში, თავი არ აარიდონ სამედიცინო ჩარევას, რაც გაცილებით მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
განცხადება კეთდება საქართველოს სამედიცინო ასოციაციაში გაერთიანებული ყველა დარგობრივი ასოციაციის სახელით, მათ შორის თენგიზ ასათიანი - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ქეთევან ნემსაძე - საქართველოს პედიატრთა აკადემიის პრეზიდენტი, გია თომაძე - საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კოტე ყიფიანი - საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ოკრიბელაშვილი - ავლიპ ზურაბიშვილის სახ. საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, მალხაზ მიზანდარი -საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარე, არჩილ ჩხოტუა - აიპ “უროლოგთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ლია ჯანაშვილი - საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციაციის თავმჯდომარე, ზურაბ კლიმიაშვილი - საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის თავმჯდოარე, მარინა ალფაიძე - ცერებული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოების ხელმძღვანელი. საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება დღეისათვის 42 დარგობრივი ასოციაციას აერთიანებს“, – ნათქვამია „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ განცხადებაში.