რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის “ისტორიანის” მაისის ნომერში

რას წაიკითხავთ ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის “ისტორიანის” მაისის ნომერში

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” მაისის ნომერი #5(89), რომელშიც წაიკითხავთ:

26 მაისი - დამოუკიდებლობის გამოცხადების ქრონიკები

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმი უკანასკნელად შეიკრიბა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლა დაადასტურა. ამის შემდეგ გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. გაზეთი “საქართველო” წერდა: «17:00 საათი. საათით, თუ საათ-ნახევრით წინ დასრულდა ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა. წავიდ-წამოვიდნენ ისინი, ვინც დიდის სიხარულით არ შეეგებნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას. იწმინდება ჰაერი. ყვითელ დარბაზში გაისმის დამოუკიდებელ საქართველოს შვილთა წყნარი საუბარი. მათი მხიარული თვალები ხან თუ დარბაზში მოდღესასწაულე საქართველოს ეროვნულ დროშას აჩერდებიან, ხან ფიქრებში წასულნი, უმზერენ დღესასწაულზე შემსწრე უცხოელ სტუმრებს. გარეთ: - ჟრიამული... ტაში... დუდუკი... მალე პრეზიდიუმის მაგიდასთან წარმომდგარ ნოე ჟორდანიას ფეხზე ამდგარი ხალხი მქუხარე ტაშით ეგებება. ისმის მხიარული შეძახილები: გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს! გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას!» ნოე ჟორდანია კითხულობს დამოუკიდებლობის აქტს. ხალხი ხანგრძლივი ტაშით ეგებება... აივანზე გააქვთ დროშა და ისმის ყიჟინი და ხანგრძლივი ტაში. სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, ასევე არავის შეუკავებია თავი ხმის მიცემისგან. სხდომა დასრულდა, თუმცა ზეიმი არ დასრულებულა...

ვალოდია სულაქველიძე - დამნაშავეობის მტერი #1 / როგორ დამარცხდა კრიმინალი ქუთაისში 1918 წელს

1918 წლის დასაწყისში, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ ურატაძე თავის კაბინეტში ახალგაზრდა კაცს ალმაცერად უყურებდა. ქალაქში გახშირებულ ძარცვა-გლეჯასა და ახალჩამოყალიბებული ნაციონალური პოლკების თავნებობას (რომლებიც ბოლშევიკურ აგიტაციას იყვნენ აყოლილი და ხშირად ქალაქს არბევდნენ) ამ დრომდე ვერც ერთი მილიციის უფროსი ვერ გაუმკლავდა. დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა ვლადიმერ სულაქველიძეს გაუწია რეკომენდაცია. უმაღლესი განათლების მქონე ფილოლოგი, რომელიც ადრე მასწავლებლად მუშაობდა და მეფის არმიის რეზერვის პორუჩიკის წოდებაც ჰქონდა, ურატაძეს მილიციისთვის შესაფერის კადრად არ მიაჩნდა...

მეორე დღეს ვლადიმერ სულაქველიძე უკვე მილიციის უფროსი იყო და ბოროტმოქმედებისგან ქალაქის გაწმენდას ენერგიულად შეუდგა. რამდენიმე კვირაში ვალოდიამ ქუთაისი სრულად გაწმინდა ყველა საეჭვო პირისგან და სანიმუშო წესრიგი დაამყარა; ქალაქი ნორმალური ცხოვრების წესს დაუბრუნდა. დაუმორჩილებლობას მხოლოდ ნაციონალური პოლკების ჯარისკაცები იჩენდნენ კვლავ, რის გამოც თბილისიდან გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის გამოძახება გახდა საჭირო. ვლადიმერ სულაქველიძის ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროს, 1918 წლის დეკემბერში, სომხეთის რესპუბლიკამ საქართველოს ომი გამოუცხადა. საომარი მდგომარეობის პირობებში, სულაქველიძის ძალისხმევით ქუთაისში, ქალაქის სომხური მოსახლეობის დარბევისა და შურისძიების მცდელობაც არ ყოფილა... ადგილობრივ პრესაში დაიბეჭდა და ქუჩებშიც გამოაკრეს მისი განცხადება, სადაც ნათქვამი იყო: «1. სასტიკათ აკრძალულია ერთი ერის მეორეზე წასისიანება და ამ ნიადაგზე კრების, მსჯელობისა და რაიმე გამოსვლის მოწყობა. 2. ქეიფი და ქუჩაში დროს ტარება. ჩემამდინ უკვე მოაღწია ცნობამ, რომ ზოგიერთი ვაჟბატონები პროვოკაციას ეწევიან და პოგრომისკენ მოუწოდებენ. ყველა ასეთი პირი ჩემგან სასტიკათ დაისჯება, მხოლოდ გამოსვლას იარაღით ჩავაქრობ». ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და ქუთაისში არავითარი უწესრიგობა არ მომხდარა. სულაქველიძის ავტორიტეტი კი უფრო მეტად გაიზარდა...

იოანე ბაგრატიონი - პირველი ქართველი განმანათლებელი

მწერალი, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ლექსიკოგრაფი, განმანათლებელი, სახელმწიფო მოღვაწე, შეუდრეკელი მეომარი და სარდალი - იოანე ბაგრატიონი ქართლ-კახეთის ბოლო მეფის, გიორგი XIII-ის შვილი იყო. მამა თავისი შვილებიდან იოანეს ყველაზე მეტად აფასებდა და ენდობოდა. მეფე ერეკლესაც დიდი იმედი ჰქონდა შვილიშვილის... რუსეთთან მიერთების შემდეგ, იოანე ერთ-ერთი პირველი გაამწესეს ამ ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე (1830 წლამდე) იმყოფებოდა. მთელი ცხოვრება მან საქართველოსთვის სასარგებლო საგანმანათლებლო საქმიანობას მიუძღვნა, ამისთვის საგანგებოდ შეისწავლა რამდენიმე უცხო ენა. ქართულად თარგმნა არაერთი თხზულება და ნაშრომი, შეადგინა სამედიცინო ლექსიკონი, სამკურნალო მცენარეთა ლექსიკონი, გამოსცა “მუსიკალური სახელმძღვანელო”, ათარგმნინა “საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი” და ხაზვა- ხატვის შემსწავლელი სახელმძღვანელო... ხოლო მისი “კალმასობა” არის “ძველი ქართული მწერლობის უკანასკნელი და ახალი ქართული მწერლობის პირველი თვალსაჩინო ძეგლი”.

კორდობის ტაძარი

ანდალუსიის ქალაქ კორდობის კათოლიკური ტაძარი (იგივე “კორდობის სატაძრო მეჩეთი”, იგივე მესკიტა, ესპ. mezquita) და ამავე დროს, ყველაზე გრანდიოზული მავრიტანული მეჩეთი ესპანეთში, შუა საუკუნეების მსოფლიოში სიდიდით მეორე მეჩეთი იყო. მესკიტას აგება დაახლოებით 600 წელს დაიწყო ძველი რომაული სალოცავების ადგილას. 711 წელს ეკლესია მეჩეთის ასაგებად დაანგრიეს, ამ დროს კორდობა უკვე მუსლიმანური ესპანეთის ანუ ალ-ანდალუსიის (“კორდობის სახალიფოს”) დედაქალაქს წარმოადგენდა. დამპყრობთა ყოველი ახალი ტალღა შენობას რამე საკუთარს ამატებდა. 1236 წელს კორდობა კასტილიამ დაიპყრო და კორდობის მეჩეთი კვლავ ქრისტიანულად აკურთხეს. ძირითადი სამუშაოები ეკლესიად გადაკეთებისთვის 1523-1560 წლებში შესრულდა. თუმცა, არქიტექტორები და ხელოსნები ტაძარზე სამუშაოებს XVIII საუკუნის ბოლომდე განაგრძობდნენ.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

ცხავატური მეთუნეობა - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

“მოხუცი და ზღვა” ატაკამას უდაბნოში

ბავშვობა ქვის ხანაში

აკაკი ჩხენკელის ერთი ფოტოკადრი წარსულიდან...

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა 1918-1921 წლებში

თავისუფლების ჯარისკაცი - მიხეილ ქავთარაძის გახსენება

როგორ შეიქმნა საქართველოში სახალხო გვარდია 1918 წელს

“დამოუკიდებლობის აქტმა საქართველო განადგურებას გადაარჩინა” - ნოე ჟორდანიას სიტყვა საქართველოს პარლამენტში, დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად

ვალიკო ჯუღელი ფრონტის ხაზზე / 1918 წლის მარტის “ბოლშევიკურ”-ყაჩაღური აჯანყება

ბაშის ციხე - საფორტიფიკაციო ძეგლი სამეგრელოში საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას აკონტროლებდა

გამოსათხოვარი. ლეილა აბაშიძე - ქართული კინოს ვარსკვლავი

ჯაშუშური თამაშები. ბულგარული «ხორცსაკეპი» (ნაწილი III)

უახლესი ისტორია. პუტინი “სამუდამოდ” / მიხაილ ზიგარის “კრემლის ლაშქარი” - თანამედროვე რუსეთის მოკლე ისტორია (დასასრული)

ფურცლები წარსულიდან. ამონარიდები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს