კრის რის არშემდგარი კონცერტისთვის გაყიდული ბილეთების საფასურის დიდი ნაწილი, კომპანია TKT.ge-მ უკვე აუნაზღაურა მსმენელს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ს შპს “ნიჯ გრუპმა” დაუკვეთა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ონლაინბილეთების პლატფორმა და მსმენელი თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.
კრის რის კონცერტი თბილისში 30 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ის რეალურად საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი. მომღერლის სახელის გამოყენებით დიდი ოდენობის ფულის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა. სისხლის სამართლის საქმის წარმოება ბილეთების ონლაინ-გაყიდვის სერვის TKT.GE-ის ინიცირებით დაიწყო, მას შემდეგ, რაც კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა საეჭვო ტრანზაქციები დააფიქსირა და საგამოძიებო სამსახურსა და ფინანსურ პოლიციას მიმართა.
”ეჭვის გაჩენისთანავე მივმართეთ კრის რის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომლებმაც განგვიმარტეს, რომ შემსრულებელი საქართველოში კონცერტს საერთოდ არ გეგმავდა. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საგამოძიებო სამსახურს და დამნაშავის გამოვლენის მიზნით მათთან დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა. კონცერტის ჩაშლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, დაზარალებული მომხმარებლები ჩვენ მოგვმართავდნენ თანხის ასანაზღაურებლად. თუმცა, რეალიზაციიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილი ორგანიზატორს უკვე წაღებული ჰქონდა და ჩვენ თანხას თუ დავაბრუნებდით, ეს საკუთარი ხარჯებით უნდა გაგვეკეთებინა” - განმარტავს TKT.GE-ის მარკეტინგის მენეჯერი ელენე ბაღათურია.
საგამოძიებო პროცესში დაზარალებული მომხმარებლებიც ჩაერთვნენ. სწორედ მათი და TKT.GE-ს საგამოძიებო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც მაქინაციური გზებით დიდი რაოდენობით თანხის დაუფლებას ცდილობდნენ. ამ ეტაპზე თაღლითური სქემის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი დაკავებულია, ხოლო კომპანია TKT.GE საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულ მხარედ ცნო.
”მართალია საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულ მხარედ გვცნო, მაგრამ ეს ჩვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის, რადგან სრულიად უდანაშაულოდ შეილახა ჩვენი რეპუტაცია. TKT.GE არის კომპანია, რომელსაც პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აქვს და მომხმარებლის ინტერესები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, საკუთარი ხარჯებით დავიწყეთ დაზარალებული მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნება. პროცესი 15 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის 1531 ბილეთი უკვე დაბრუნებულია”, - განმარტავს ელენე ბაღათურია.
როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.
რაც შეეხება TKT.GE-ს, მსგავსი პრობლემის მომავალში თავიდან აცილების მიზნით, TKT.GE-მ პარტნიორ კომპანიებთან კონტროლი გააძლიერა და რიგი სტანდარტები დააწესა ბაზარზე: ღონისძიებების ორგანიზატორებს ენიჭებათ ვერიფიცირებული სტატუსი, რაც ბილეთის ყიდვისას საიტზე ჩანს. ახალბედა ორგანიზატორებს კი, რომლებიც ჯერ არ არიან ვერიფიცირებული, ბილეთების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას მხოლოდ ღონისძიების ჩატარების შემდეგ ჩაურიცხავენ.