კალიფორნიის პოლიციამ დნმ-ის ანალიზის წყალობით შეძლო, დაეკავებინა სერიული მკვლელი - 72 წლის ყოფილი პოლიციელი ჯოზეფ დეანჯელო, ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
პროკურორმა, ენ მერი შუბერტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დეანჯელო სულ მცირე 12 მკვლელობაში და ყაჩაღობის 45 შემხვევაშია ეჭვმიტანილი. საერთო ჯამში, ყოფილ პოლიციელს 175 დანაშაულის გამო გაასამართლებენ, რომელიც მან 1976 წლიდან 1986 წლამდე პერიოდში ჩაიდინა.
შეიარაღებული დამნაშავე, რომელიც სახეს ნიღბით იფარავდა, ღამით შედიოდა სახლებში, სადაც მარტოხელა ქალები, ან - ოჯახები ცხოვრობდა. ის კლავდა, ან აუპატიურებდა ადამიანებს, ხშირად კი „სამახსოვრო სუვენირები მიჰქონდა“. მის მიერ მოკლულ ადამიანებს შორის 13 წლის მოზარდებიც არიან.
გამოძიება 40 წელზე მეტხანს გაგრძელდა და გაირკვა, რომ ყველა დანაშაული ჯოზეფ ჯეიმს დეანჯელომ ჩაიდინა, რომელმაც პოლიცია 1979 წელს დატოვა. სავარაუდო დამნაშავეებს შორის გასულ კვირამდე დეანჯელოს სახელი არ იყო.
დეანჯელოს კვალს 24 წლის კეიტ ჰარინგტონის და მისი ცოლის, 27 წლის პეტრის ჰარინგტონის მკვლელობის გამოძიებისას მიაგნეს, წყვილი საკუთარ სახლში 1980 წელს მოკლეს. სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, რომ დამნაშავე სერიული მკვლელი იყო, რომელსაც „მოძალადეს აღმოსავლეთიდან“ უწოდებდნენ. მკვლელობა გაუხსნელი დარჩა, გამოძიება საქმეზე 2016 წელს გაგრძელდა.
გენეტიკური მასალის ანალიზმა აჩვენა, რომ მკვლელი დეანჯელო იყო. ის 25 აპრილს დააკავეს საკუთარ სახლში, საკრამენტოში.
პროკურორის ინფორმაციით, ბრალდება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.