ვინ იყო თვითმფრინავში გარდაცვლილი 28 წლის ბიჭი და რას ითხოვს მისი ოჯახი

ვინ იყო თვითმფრინავში გარდაცვლილი 28 წლის ბიჭი და რას ითხოვს მისი ოჯახი

13 აპრილს თბილისიდან სტამბოლისკენ მიმავალ რეისზე გარდაცვლილი მგზავრის ოჯახი ობიექტიურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. 28 წლის მურაზ ხუდოევის დების თქმით, ახალგაზრდას პირველადი დახმარება ვერ აღმოუჩინეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

გარდაცვლილის დებმა მგზავრების ნაამბობით იციან, რომ თვითმფრინავმა გაფრენა ნახევარი საათით დააგვიანა და ბორტზე უჰაერობა იყო:

"შეიძლება ძალით არავის მოუკლავს, მაგრამ იყო უყურადღებობა. არ გაუწიეს პირველადი დახმარება. რატომ არ ყავს აეროპორტს ამ დროს სასწრაფო? 30-40 წუთი დაიგვიანა სასწრაფომ... რომ ყოფილიყო ადგილზე სასწრაფო და დროული სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ჩემი ძმა გადარჩებოდა.

ბორტის არც ერთი წევრი არ იყო მომზადებული რომ პირველადი დახმარება გაეწია. იყო ქაოსი და მეტი არაფერი. ვინც ბორტზე იყო, ამბობს, რომ ვენტილაცია ცუდად მუშაობდა და იყო უჰაერობა... ჩემს ძმას არც გულის ტკივილი და არც სხვა ჩივილები ჰქონია იქამდე," - ამბობს "რუსთავი 2"-თან საუბარში ელა ხუდოევა.

ხოდიევების ოჯახი ობიექტიურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ჯერჯერობით კი ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან, რომელმაც ზუსტად უნდა დაადგინოს, რას ემსხვერპლა 28 წლის ახალგაზრდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს "პეგასუსის" ხელმძღვანელობა, რომლის თვითმფრინავშიც უბედური შემთხვევა მოხდა. მათი წარმომადგენლის განმარტებით, კომპანია გამოძიების დასრულებას ელოდება და კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ.

28 წლის მურახ ხუდოევი 13 აპრილს, გამთენიისას თბილისი-სტამბოლის რეისზე გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისის აეროპორტში, "პეგასუსის" თვითმფრინავში, აფრენამდე მოხდა. შემთხვევის შემდეგ გავრცელდა კადრები, რომელიც თვითმფრინავშია გადაღებული. კადრებში ჩანს კონფლიქტი რამდენიმე მგზავრსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის. დაძაბულობის მიზეზი ის გახდა, რომ მგზავრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს.

"30 წუთი კაციშვილი არ შემოსულა და კაცი მოკლეს, დროული დახმარება არ უნდა გაეწიათ? ჟანგბადი ვერ დაუდგეს დროულად! ჩვენ ბრმები არ ვართ. სად იყო ექიმი? როდის მოვიდნენ? ნახევარი საათის მერე მოვიდა ექიმი, პატრული მოვიდა უფრო სწრაფად. პატრულის თანამშრომელი შემოვიდა პირველი და მერე ექიმი" - ამბობდა ერთ-ერთი მგზავრი ვიდეოში.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო