გუდაურში გარდაცვლილი სალომე ტატიშვილის დედა ნინო ჟვანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "ფეისბუქზე" ეხმაურება:
"ჩემო ძალიან კარგო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო და უცნობებო, ყველა, ვინც გვერდში მედექით მე და ჩემ ოჯახს ამ ბრძოლაში, არა მეგობრობის, სიყვარულის და ნაცნობობის გამო, არამედ სიმართლის დადგენის სურვილით და სამართლის აღსრულების მიზნით - დიდი მადლობა ყველას! დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პრინციპულობა მნიშვნელოვანია, ბრძოლა საჭიროა და ძალა ერთობაშია! ჩვენ ყველას გვაერთიანებს სურვილი, ვიცხოვროთ სამართლიან სახელმწიფოში, სადაც ჩვენი შვილების სიცოცხლე დაცულია, სასამართლო სამართლიანია, დამნაშავე კი პასუხს აგებს თავის საქციელზე.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მეჩვენებინა ჩემი შვილებისთვის და სალომეს მეგობრებისთვის, რომ სამართალი არსებობს, უსამართლობასთან ბრძოლა კი აუცილებელია. მათ ბევრი რაღაცის ნახვა და განცდა მოუხდათ პატარა ასაკში, რომ არ უნდა ენახათ და განეცადათ, ისეთი. ამ ყველაფრისთვის უსამართლობის შეგრძნების დამატება ძალიან დიდი დანაშაული იქნებოდა ჩემი მხრიდან.
დღევანდელმა გადაწყვეტილებამ უნდა ითამაშოს გარდამტეხი როლი ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტების უსაფრთხოების საქმეში - მე მჯერა, რომ ნასვამი და უპასუხისმგებლო ადამიანები ასე მარტივად ვეღარ შეუქმნიან სათხილამურო ტრასებზე საფრთხეს სხვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
მადლობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია -ს მთელი ორი წლის განმავლობაში გვერდში დგომისთვის, პროფესიონალიზმისა და პრინციპულობისთვის. დიდი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ასე ღირსეულად ემსახურებიან თავიანთ საქმეს.
სამართლიანობისთვის #სალომესსახელით" - წერს ნინო ჟვანია.
სააპელაციო სასამართლომ გუდაურში სრიალის დროს შეჯახების შედეგად 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაში ბრალდებული გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო.
მეორე ინსტანციის სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და 12 წლის გოგონას გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულ გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურის მტკიცებით, ლიპარტელიანი სათხილამურო ტრასაზე ნასვამ მდგომარეობაში სრიალებდა, რამაც აღნიშნული შემთხვევა გამოიწვია.
განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ სასწავლებლად იმყოფება. დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და მის გასაჩივრებას გეგმავს.
ნახეთ ვიდეო: ხმაური სასამართლოში - 20 წლის ბიჭს, რომელიც 12 წლის გოგონას დაღუპვის მიზეზი გახდა, 3 წლით პატიმრობა შეეფარდა