ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს საკუთარ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება:
"საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას შევხვდი. განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 1 წელი. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ლიტვის მხარდაჭერის იმედი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების და მიგრაციისათვის შესაფერისი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პროცესში" - წერს ლინკევიჩუსი "ტვიტერზე".
ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრაზე, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, ვიმედოვნებთ და გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი და კითხვა გააქარწყლოს.
ჩვენ ყველა მიმართულებით ვხედავთ ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას, რაც თვალსაჩინოა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიც. აღსანიშნავია, რომ ლიტვა საქართველოს პარტნიორია და ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა საჭირო მიმართულებით. შესაბამისად, მზად ვართ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.
გიორგი გახარიამ ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.