ავტორი:

აფხაზეთი ქართული მხარის ნაჩუქარ ელექტროენერგიას უკონტროლოდ ხარჯავს - რეგიონს უშუქოდ დარჩენა ემუქრება?

აფხაზეთი ქართული მხარის ნაჩუქარ ელექტროენერგიას უკონტროლოდ ხარჯავს - რეგიონს უშუქოდ დარჩენა ემუქრება?

ენგურჰესი, 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად მუშაობენ... აფხაზებს, ისევე როგორც ქართველებს, ხელფასს ქართული მხარე უხდის, ისევე როგორც უხდის მთლიანად მოსახლეობას დენის საფასურს, თუმცა, სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით აფხაზების გულისწყრომას, “თუ როგორი დაბალი ძაბვაა რეგიონში და როგორ ხშირად მიდის შუქი.”

აფხაზეთი ჯერ კიდევ რჩება საქართველოს გაერთიანებული ენერგოსისტემის ყველაზე მსხვილ მომხმარებლად, რომელიც არ იხდის არც გენერაციისა და არც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რემონტის თანხას. ცნობისთვის, რუსი და თურქი ბიზნესმენებისთვის აფხაზეთის რეგიონში ბიზნესის წარმოება იმიტომაც არის საინტერესო, რომ მომსახურება ხელსაყრელია, რაშიც ერთ-ერთი “დეტალი” სწორედ უფასო დენია - ანუ ქართული მხარის მიერ გადახდილი... ამასთან, მთელ აფხაზეთში რუსული ბაზების ელექტროენერგიით მომარაგებას, სწორედ ქართული მხარე უზრუნველყოფს და ეს წლებია გრძელდება.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის გენერალური დირექტორის ლევან მებონიას განცხადებით, რეგიონის მოთხოვნები სისტემატურად იზრდება - ბოლო ხუთი თვის განმავლობაში დენის 95% აფხაზურმა მხარემ წაიღო, ეს იმ დროს, როდესაც ქართული მხარე, დეფიციტს იმპორტის ხარჯზე ფარავდა. საქართველოს ენერგობალანსზე, შარშან პირველი დეკემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით, აფხაზეთმა 911 მილიონი კილოვატ-საათი მოიხმარა - თბილისმა კი 1 მილიარდ 112 მილიონი...

“გამოდის, რომ ნახევარმილიონიანმა თბილისმა სულ რაღაც 19%-ით მეტი ელექტროენერგია მოიხმარა, ვიდრე რეგიონმა, სადაც 220 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც სერიოზული წარმოება არ აქვს...” - წერს გამოცემა.

ენგურჰესის კომპლექსის გენერალური დირექტორის ლევან მებონიას თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი არის ელექტროენერგიის უკონტროლო ხარჯვა, რომელიც აფხაზეთშია გამეფებული. აფხაზეთს ამ დროის განმავლობაში უფასოდ მიაქვს ელექტრონერგია და არავითარი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, რათა თუნდაც მცირედი თანხა გადაუხადოს. მეტიც, მათ ამის არავითარი ვალდებულება არ გააჩნიათ. ლევან მებონიას თქმით, ასეთი სიტუაცია შეიქმნა 2013 წლიდან და მას შემდეგ, რეგიონში ელექტროენერგიის მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რადგან მოსახლეობა გასათბობად და ზოგადად, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ელექტოენერგიას იყენებს.

"აპრილის დადგომასთან ერთად ელექტროენერგიის მოხმარება ორნახევარი-სამჯერ იკლებს. ჩვენ აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გავმართეთ და მათ ლამის დაიფიცეს, რომ გადასახადი დაწესდებოდა და ხალხი დაიწყებდა გადახდას, რაც დენის გამოყენებას თავისთავად შეამცირებდა, თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა...

ვიცი, რომ ისინი “ჭკვიანი” მრიცხველების დაყენების პერსპექტივას განიხილავდნენ, რომელიც მუშაობს წინასწარ გადახდით. ასევე, გეგმაში ჰქონდათ მისი მართვა რუსული კომპანიებისთვის გადაეცათ, თუკი ასეთი ვარიანტი ჩაუვარდებოდათ. ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება და ერთხელაც, სადგური გაჩერდება. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის ადგილობრივი სპეციფიკა და ხელისუფლებისა და მოსახლეობის ურთიერთდამოკიდებულება”- აცხადებს მებონია.

ენგურჰესის კომპლექსის გენდირექტორის თქმით, მხარეებს შორის ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გენერაციის გაყოფასთან დაკავშირებით, არავითარი წერილობითი შეთანხმება არ არსებობს. ekhokavkaza-ს ინფორმაციით, “ჯენტლმენური შეთანხმება, რომელსაც 1997 წელს მიაღწიეს, ქართული მხარის სასარგებლოდ, პროპორციების 60%-ი 40%-ით გადანაწილებას გულისხმობდა..."

მებონიას თქმით, უკვე დადგა დრო, როდესაც ქართულმა მხარემ, უფრო მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს. ვითარებას ამუხრუჭებს მასობრივი კამპანიები, რომელიც გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.

“ამ დღეებში სადგური მუშაობას სამი თვით შეაჩერებს – ამ დროის განმავლობაში ჩვენი ძალებით უნდა განვახორციელოთ დერივაციული გვირაბების რემონტი, საიდანაც წყალი კაშხალიდან ტურბინაში ჩაედინება, რომელიც გალის რაიონში მდებარეობს... არ ვიცით, ისინი ამ დეფიციტს როგორ გაუმკლავდებიან, სავარაუდოდ, დახმარებას რუსეთს სთხოვენ...” - აცხადებს მებონია ekhokavkaza-სთან საუბარში და დასძენს, რომ ამ ვითარებაში წარმოქმნილი დეფიციტის ამოწურვის ვალდებულება, ქართულ მხარეს არ აქვს.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი