ჩემი შვილის მკვლელს რამდენი წელი უნდა მიესაჯოს, ამაზე საუბარი არის ვაჭრობა. ვეფხია ბაქრაძე სამუდამოდ უნდა იჯდეს ციხეში, - ეს განცხადება მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამამ ზვიად გამრეკელაშვილმა დღეს შვილის დაკრძალვის შემდეგ გააკეთა. ზვიად გამრეკელაშვილი ფიქრობს, რომ მისი შვილის მკვლელობა არის მაგალითი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასჯელი გაამკაცროს და მსგავს შემთხვევებში ეფექტურად იმოქმედოს.
"გაგვამწარა, შვილი მოგვიკლა. კაცი, რომელიც ქალს ეუბნება შენთვის სიკვდილი შვებაა და შვილს მოგიკლავ გასამწარებლადო, ასეთი პიროვნება სამუდამოდ უნდა გამოამწყვდიო ციხეში. ეს კაცი საზოგადოებისთვის საშიშია", - თქვა ზვიად გამრეკელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.