სასამართლო დარბაზში ბადრაგის თანხლებით ხელბორკილებით შემოიყვანეს. სკამზე ჩამოჯდა, თავი დახარა და დარბაზისკენ არ გაუხედავს. ვეფხია ბაქრაძეს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. მის გვერდზე მისი მამიდაშვილი, თეიმურაზ ბაქრაძე იჯდა, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებს ბრალს, შუახნის მამაკაცი, ლამის მთელი პროცესის განმავლობაში ტიროდა. სავსე დარბაზში მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი გამოჩნდა და სხდომაც დაიწყო. "ვეფხია ბაქრაძე, დავიბადე 1972 წელს, ვცხოვრობ მცხეთის რაიონის სოფელ მუხათწყაროში", - თქვა ბრალდებულმა და სხვა განმარტება პროცესზე არ გაუკეთებია. მოსამართლემ განუმარტა, მისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას რომ ითვალისწინებს.
პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა ორივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და საქმის გარემოებებზე ისაუბრა:
"ვეფხია ბაქრაძე და ნათელა (ნათია) გობაძე წლების განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. მათ შორის ხშირი იყო კონფლიქტები, ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდა მეუღლეს. იგი 2014 წელს გაასამართლეს...
ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ყველა გზით ცდილობდა აღედგინა მასთან ურთიერთობა და ნათელას ქალიშვილი, თამარ გამრეკელაშვილი ხელს უშლიდა მათ ურთიერთობას... ნათელა გობაძეს დაქირავებული ჰქონდა ბინა ბარნოვის ქუჩაზე. სწორედ იმ ბინაში 6 და 3 წლის შვილების თვალწინ თაკო გამრეკელაშვილს ვეფხია ბაქრაძემ დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და ყელი გამოჭრა... ჩადენილია საზარელი დანაშაული...
აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ნათელა გობაძეს მისი ეშინოდა და არც ერთი განცხადება პოლიციაში ძალადობაზე მას შეტანილი არ აქვს. როცა ის ბაქრაძემ ბათუმში სცემა, მაშინაც პოლიციისთვის არ მიუმართავს, პოლიცია მასთან მივიდა საავადმყოფოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე", - თქვა პროცესზე პროკურორმა და ვეფხია ბაქრაძის დაპატიმრება მოითხოვა.
როგორც ირკვევა, ბრალდებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა და ის წაყენებულ ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებს. ვეფხია ბაქრაძე ირწმუნება, რომ თაკო ბავშვების თვალწინ არ მოუკლავს, თუმცა ამას კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდება. ცნობილია, რომ ტრაგედიის დროს პატარები სახლში იყვნენ და სწორედ ბავშვების ტირილის ხმაზე შევიდნენ ბინაში იქ მეზობლები. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე ბაქრაძეს და გამრეკელაშვილს შორის შელაპარაკება იყო, ახალგაზრდა ქალი თურმე დახმარებას ითხოვდა, მეზობლები ამბობენ, რომ ქალის კივილი გაიგონეს, ამიტომ მივიდნენ იმ ბინაში და კარზე დააკაკუნეს. პროკურატურა ვარაუდობს, მეზობლები რომ არ გამოჩენილიყვნენ და ბაქრაძეს არ შეშინებოდა მათი, ის სახლსაც დაწვავდა და ასე შეეცდებოდა კვალის წაშლას.
ბრალდებული თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ბინაში ბენზინი მიიტანა და ბენზინი დაასხა იმ ტანსაცმელს, რომელიც დანით დააზიანა. პროკურატურის თქმით, ყველა ტანსაცმელი, რაც დაზიანებულია, ნათია გობაძის იყო. "ქალის და ბავშვების კივილის ხმა შემოესმათ მეზობლებს, მივიდნენ და კარზე დააკაკუნეს. ვეფხია ბაქრაძე მიხვდა რომ ამ ვითარებაში ადვილი არ იყო მტკიცებულებების განადგურება და გადაიფიქრა ცეცხლის წაკიდება".
პროკურატურა ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სითხე, სავარაუდოდ, ბენზინი, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.
ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი ცდილობდა გაემართლებინა ბრალდებულის მიმალვა. ცნობილია, რომ მკვლელობის შემდეგ ის ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. ამის შემდეგ თავის ნაქირავებ ბინაში, შინდისის ქუჩაზე მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და წავიდა გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში, მამიდაშვილის თეიმურაზ ბაქრაძის სახლში. სწორედ იქიდან აიყვანეს დამნაშავე.
რაც შეეხება თეიმურაზ ბაქრაძეს, მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება და წაყენებული ბრალი 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისი ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურატურას და 3000 ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. "ჩემმა დასაცავმა აღიარა დანაშაული. პოლიციაში დარეკვისთანავე მივიდა, თანამშრომლობს. ნასამართლევი არ არის. მშრომელი ადამიანია. ცალი თვალით ბრმაა, აქვს ბრონქიალური ასთმა. მისთვის წაყენებული მუხლი ჯარიმასაც ითვალისწინებს და გთხოვთ შეუფარდოთ გირაო", - თქვა პროცესზე მისმა ადვოკატმა ვახტანგ აბესაძემ. თუმცა ამას არ დაეთანხმა პროკურატურა. როგორც გაირკვა, თეიმურაზ ბაქრაძემ სატელეფონო მიმოწერა წაშალა.
ჩვენი ინფორმაციით, დეტალური ჩვენება მისცა გამოძიებას თეიმურაზ ბაქრაძემ. ის სოფელში ცხოვრობს და მასთან მივიდა მკვლელობის შემდეგ მისი ბიძაშვილი.
თეიმურაზი ჩვენებაში ამბობს: "ვეფხიამ სასმლის მოტანა მთხოვა, ვსვამდით, როცა თქვა, თავს მივიკლავო, ვკითხე, რატომ - მეთქი და მიპასუხა, გოგო მოვკალიო...". სწორედ ამიტომ ედავება დანაშაულის შეუტყობინებლობას მას გამოძიება. ჩვენ დავინტერესდით მესიჯის შინაარსით, რის წაშლასაც ედავება მას გამოძიება და როგორც შევიტყვეთ, სწორედ ამ მიმოწერით გაიგეს სამართალდამცავებმა დამნაშავის ადგილსამყოფელი.
ეტყობა პოლიციამ მოსმენაზე აიყვანა ვეფხია ბაქრაძის და მისი ნათესავების ტელეფონები. როგორც ირკვევა, თეიმურაზ ბაქრაძემ მას მერე, რაც მოისმინა, რომ ვეფხიას მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მესიჯი მისწერა ვეფხიას დას. შარში არ გამხვიოთ, ეს კაცი მომაშორეთ აქედანო. პოლიცია ამის შემდეგ დაადგა თავზე სახლში მყოფ ვეფხიას. ამ დროს მისი მამიდაშვილი საქონლის სამწყემსად იყო წასული, იქ დაურეკეს პოლიციელებმა და დაიბარეს განყოფილებაში, მან კი წაშალა მესიჯები.
თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატები ახლა სააპელაციო სასამართლოში შეეცდებიან გაასაჩივრონ თეიმურაზ ბაქრაძის პატიმრობის საკითხი და გირაოს მოითხოვენ.
უკვე ცნობილია, რომ ნათია გობაძემ და ვეფხია ბაქრაძემ 30 მარტს ოფიციალურად დაარეგისტრირეს ქორწინება. ნათია გობაძე ამბობს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო "სამსახურში მივდიოდი, დამხვდა, მუქარით მანქანაში ჩამსვა და იძულებით წამიყვანა იუსტიციის სახლში. ვუთხარი, არ მინდა შენთან ხელის მოწერა-მეთქი. აბა რა გინდა, ყელი გამოგჭრაო? უფრო იმიტომ დავთანხმდი, რომ საზღვარგარეთ აპირებდა სამუშაოდ წასვლას, მეუბნებოდა ერთად წავიდეთო და ცოლ-ქმრის მოწმობა გვჭირდებაო. არ ვეწინააღმდეგებოდი, რადგან უფრო აგრესიული ხდებოდა... მე მაისის ბოლოს მაინც ვაპირებდი საზღვარგარეთ წასვლას და იქამდე ვაგროვებდი მტკიცებულებებს, რომ ეგ პოლიციისთვის ჩამებარებინა და ჩემი შვილები მშვიდად დამეტოვებინა..." - ამბობს მოკლულის დედა ნათია გობაძე.
თუმცა ამას არ ეთანხმება ბრალდებულის ქალიშვილი ლიკა ბაქრაძე. განაგრძეთ კითხვა