ავტორი:

თბილისური სკოლა, რომელიც ბულინგს განსხვავებული მეთოდით ებრძვის

თბილისური სკოლა, რომელიც ბულინგს განსხვავებული მეთოდით ებრძვის

ბულინგი სკოლაში - ეს არის თემა, რომელიც ყველა სკოლას, ყველა კლასს, ყველა ოჯახს აწუხებს. ყველა თავისუბურად ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ყველაზე კარგად ეს თავად მოსწავლეებს, ბულინგის მსხვერპლებს, მჩაგვრელებს თუ უბრალოდ შემსწრეებს გამოსდით.

ბულინგის აღმოსაფხვრელად სამოქალაქო განათლებისა და თვითშეგნების ამაღლება საუკეთესო საშუალებაა. აღნიშნულის კარგი მაგალითია 186-ე საჯარო სკოლა და სკოლაში არსებული სამოქალაქო განათლების კლუბი ”დელტა”, რომელმაც ბულინგის აღმოსაფხვრელად სპეციალური პროექტი განახორციელა და სკოლაში საერთო ვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

186-ე სკოლის მოსწავლის და კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრის ირაკლი მანაგაძის განმარტებით, კლუბი სამოქალაქო განათლების პროგრამა ”მომავლის თაობის” ფარგლებში შეიქმნა და მასში მოსწავლეები საკუთარი სურვილით გაერთიანდნენ. კლუბი პროგრამის დასრულების შემდეგაც აგრძელებს აქტიურ საქმიანობას, პროექტების განხორციელებას ბულინგის და სკოლისთვის აქტუალური სხვა თემების შესახებ.

კლუბის კიდევ ერთი აქტიური წევრი ტიტე გედენიძე აღნიშნავს, რომ პრობლემებს, რომლებსაც ქუჩაში, ეზოში და თავად სკოლაში აწყდებიან, კლუბის შეკრებებზე წამოჭრიან და მერე ეძებენ გადაჭრისა და მოგვარების გზებს. ერთ-ერთი ასეთი იყო ბულინგი, რომელზე მუშაობაც კლუბის შექმნის შემდეგ მალევე დაიწყეს.

”ბულინგი ძალიან აქტუალური პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენს სკოლაში. ყველა ვყოფილვართ, სულ ცოტა დაცინვის მსხვერპლი. თუმცა ჩვენი პროექტის განხორციელების შემდეგ სკოლაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თბილისის მერიის გრანტი მოვიგეთ და პროექტი ისე განვახორციელეთ” - განმარტავს ტიტე გედენიძე.

ბავშვებმა პროექტის განხორციელება კვლევით დაიწყეს. საკუთარი სკოლის გარდა, 20-მდე სკოლაში გამოკითხეს მოსწავლეები, თუ რა იყო ბულინგი და ყოფილან თუ არა ბულინგის მსხვერპლი. როგორც გაარკვიეს, გამოკითხულთა 70%-მა ისიც კი არ იცოდა, რა იყო ბულინგი. ”როცა ავუხსენით, თუ რა იყო ბულინგი, აღმოჩნდა, რომ მათი სრული უმრავლესობა ბულინგს შესწრებია,” - დაამატა ტეტე გედენიძემ.

”შედეგების გაანალიზების შემდეგ, სკოლის ფსიქოლოგმა ჩაატარა ტრენინგი ბულინგის პრევენციის შესახებ. ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან ბულინგი, როგორ უნდა მოიქცეს მსხვერპლი და მის გარშემო ადამიანები. ასევე, ჩავატარეთ იმიტირებული სასამართო თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოვაწყვეთ ჩვენება ფილმისა ”რომი”, რომელიც ორგანიზაციამ ”ადამიანი გაჭირვებაში” მოგვცა. საშუალო კლასის მოსწავლეებს ვაჩვენებდით ამ ფილმს და ჩვენების მერე დისკუსია იმართებოდა. პროექტის დასკვნითი ღონისძიება იყო აქცია, სახელწოდებით ”მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ”. ამ აქციის ფარგლებში დაიბეჭდა ფლაერებიც, რომლებიც 20-მდე სკოლაში დავარიგეთ,” - განმარტავს ირაკლი მანაგაძე.

როგორც კლუბის წევრები განმარტავენ, აღნიშნული აქტივობების შედეგად გაიზარდა ინფორმირებულობის დონე ბულინგის შესახებ, ბავშვებმა ბულინგის თავიდან არიდების გზები ისწავლეს, მიხვდნენ, რომ არ უნდა გაჩუმებულიყვნენ და ამით მოძალადეს არ უნდა დახმარებოდნენ.

კლუბის კიდევ ერთი წევრის ბუბა ხუცურაულის განმარტებით, კვლევის რეზოლუცია იყო, რომ მოსწავლეები ბულინგს თავის დამკვიდრების მიზნით იყენებენ.

”დებატებში ჩართული ორივე მხარე ძლიერი იყო, შედეგად დამსწრეები კარგად აცნობიერებდნენ, რასთან გვქონდა საქმე და რატომ იყო ბულინგი მუდმივი პრობლემა. აღმოჩნდა, რომ თვითონ ბულერებიც ძალადობის მსხვერპლები არიან, რადგან ისინი აკეთებენ იმავეს, რასაც ოჯახში ხედავენ. ვამაყობთ იმით, რომ პროექტი დასრულდა, თუმცა არ დასრულებულა მისი შედეგები, რადგან შეიცვალა მოსწავლეების ქცევა” - განმარტავს ბუბა ხუცურაული.

”ბულერებს არ უნდა ვეჩხუბოთ. მათ თბილი სიტყვით უნდა ავუხსნათ, რომ შეცდომა დაუშვეს. ურთიერთთანამშრომლობა და პრევენციული ზომები ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად ეს ყველაფერი უკეთესად გავაცნობიერეთ და შედეგიც სახეზეა. ჩვენ, უფროსკლასელებს უფრო მეტად გვაწუხებდა ეს საკითხი, ვიდრე ახლა ჩვენს შემდეგ კლასებს აწუხებთ. ახალ თაობას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და ისინი აღარ იქცევიან არც ბულერებად და არც მსხვერპლებად. მდგომარეობა ცალსახად გაუმჯობესებულია, თუმცა უფრო სერიოზულ ცვლილებებს მეტი დრო სჭირდება,” - განმარტავს კლუბის წევრი ნინო კაპანაძე.

კლუბის წევრები ბულინგთან ბრძოლაში სკოლის ადმინისტრაციის მაქსიმალურ ჩართულობაზეც საუბრობენ. მათი მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი იდეა იყო დიდ შესვენებაზე მუსიკის ჩართვა. ამ დროს ბავშვები პოზიტიური ენერგიით და ემოციებით იმუხტებიან. მათივე განმარტებით, მოსწავლეები ერთმანეთის დევნისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებების ნაცვლად, ერთად ცეკვავენ.

ბულინგის საკითხებში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ბავშვები კონსულტაციისა და სხვების დასახმარებლად ყოველთვის მზად არიან. ყოფილა შემთხვევები, როცა სხვა სკოლის მასწავლებლებს მათი სკოლის ბავშვეთან ბულინგზე ლექციის ჩასატარებლად მიუწვევიათ.

”ყველას ვურჩევ, რომ ბულინგის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი სკოლა გაერთიანდეს. მნიშვნელოვანია სკოლისა და ოჯახის სწორი და თანმიმდევრული ჩარევა და რეაგირება. ბულინგის საბოლოოდ აღმოფხვრა ალბათ, შეუძლებელია, ისევე როგორც კრიმინალის. თუმცა მის წინაღმდეგ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია” - განმარტავს ირაკლი მანაგაძე.

186-ე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ”დელტა”, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამის ”მომავლის თაობის” ფარგლებში შეიქმნა, უკვე მეოთხე წელია ანალოგიური აქტიურობით მუშაობს სკოლის თემისთვის აქტუალურ სხვა საკითხებზე და საკმაოდ წარმატებითაც. მათი დამსახურებაა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიხაზა ზებრა გადასასვლლები და დაემატა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ