„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ მომხმარებლებს სედანის სეგმენტის ფლაგმანი Toyota Camry-ს, ახალი მე-8 თაობის მოდელი წარუდგინა. პრეზენტაციის ფორმატი ტრადიციულად განსხვავებული და მეტად ორიგინალური გახლდათ. „წარმატება არ არის დასასრული, ის მხოლოდ დასაწყისია, რადგან სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი!“ - ეს გახლდათ პრეზენტაციის მთავარი სლოგანი რომელიც სრულად პასუხობს „ტოიოტა კამრის“ ახალ შესაძლებლობებს.
მე-6 თაობის შემდეგ “კამრი” მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და დღემდე 19 მილიონი ერთეულია გაყიდული. წლის განმავლობაში 700 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვით “კამრი” რჩება მსოფლიო ბესტსელერად სედანების D/E კატეგორიაში, ახალ მოდელს კიდევ უფრო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მე-8 თაობის “კამრი” სრულად ითვალისწინებს ტოიოტას ახალი გლობალური არქიტექტურის (TNGA) დიზაინის და ინჟინერის ფილოსოფიას. ახალი “კამრის” დიზაინი წინამორბედზე გაცილებით დახვეწილია, იაპონელების მიზანიც სწორედ ეს იყო. ახალი Toyota Camry-ს პროპორციები უფრო დინამიკურია. წინა მოდელს ასეთი ცოცხალი და ემოციური დიზაინი არ ჰქონდა - ახლა კი “კამრი” უფრო ახალგაზრდული ავტომობილი გახდა. თვლების ბაზა 50 მილიმეტრითაა გაზრდილი, რაც მეტ დინამიკასთან ერთად, მეტ სივრცესაც ნიშნავს. ეს განსაკუთრებით სალონის უკანა განყოფილებას ეხება, სადაც ახლა გაცილებით მეტი სივრცეა.
სრულად ახალია ავტომობილის ინტერიერის დიზაინიც. სალონში მაშინვე თვალში მოგხვდებათ S-ფორმის ხაზი ცენტრალურ კონსოლზე. ცენტრალური მომსახურების ელემენტი კი დიდი სენსორული ეკრანია. მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სალონში გამოყენებული მასალების ხარისხიც.
“კამრით” პირველივე გასეირნებისას შეამჩნევთ - ავტომობილი გაცილებით მანევრული და დინამიკური გახდა. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა კიდევ უფრო დაბლა დაიწია. მძღოლის სავარძელიც 20 მილიმეტრით უფრო ღრმადაა მოთავსებული, შესაბამისად საჭესთან მძღოლს შეეძლება უფრო სპორტულად იგრძნოს თავი - რამდენადაც ეს ამ კლასის სედანშია შესაძლებელი. ახალი “კამრი” მოსახვევებშიც გაცილებით უფრო მდგრადია.
„კამრი“ მისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებშიც დაიხვეწა - კომფორტი და უსაფრთხოება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომფორტის თვალსაზრისით ახალმა მოდელმა ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. იაპონელებმა განსაკუთრებული ყურადღება ხმაურიზოლაციის ოპტიმიზაციას დაუთმეს. მაღალ სისწრაფეზეც კი სალონში სრული სიჩუმე ნარჩუნდება და ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხმის იზოლაციის დამსახურებაა.
რაც შეეხება ძრავებს, ახალი “კამრი” ხელმისაწვდომია ბენზინის სრულად ახალი, 2,5 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიანი ძრავით და ასევე ახალი 3,5-ლიტრიანი V6 აგრეგატით. სრულად ახალია CVT გადაცემათა კოლოფიც (ე.წ. ვარიატორი) და 8-საფეხურიანი ავტომატიკაც.