ავტორი:

"ვფიქრობ, მხიარული და ხალისიანი "ოთახი" გამოვა" - "მხოლოდ ქართულში"  პროფესიონალი მოდელი თამთა შედანია ახალ ამპლუას მოირგებს

"ვფიქრობ, მხიარული და ხალისიანი "ოთახი" გამოვა" - "მხოლოდ ქართულში"  პროფესიონალი მოდელი თამთა შედანია ახალ ამპლუას მოირგებს

პროფესიონალი მოდელია, ამჟამად ტელეწამყვანობა პირველად უწევს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან შემოთავაზება მიიღო და დათანხმდა. შოუს "მხოლოდ ქართული" გულშემატკივართა ოთახიდან წაუძღვება, რისთვისაც თამთა შედანია სერიოზულად ემზადება.

- პირველი შემთხვევაა, მაყურებლის წინაშე შოუს წამყვანი ვიყო. ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით ვეკიდები. ვიქნები გენერალური სპონსორის ("ავერსი") გულშემატკივართა ოთახში და სტუმრად კონკურსანტების გულშემატკივრები მეყოლებიან, რომლებსაც გავესაუბრები, რამდენიმე ჩართვა მექნება. გულშემატკივრები კი ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც გვერდში უდგანან თავიანთ ფავორიტებს. ვფიქრობ, რომ მხიარული და ხალისიანი "ოთახი" გამოვა. ვინაიდან პირდაპირ ეთერში მუშაობა ადვილი არ არის, ამისთვის ტექნიკურ მომზადებას ახლა გავდივარ, ანუ ვეუფლები იმ ყველაფერს, რაც ტელეწამყვანს სჭირდება. რასაც მავალებენ, კარგად ვითვისებ, მშვენივრად გამომდის. თუმცა ვნახოთ, ყველაფერი წინ არის. თავიდან ცოტა ვღელავდი, მაგრამ ნერვიულობის მომენტი გადავლახე. როცა უკვე გარკვეული ვარ იმაში, რას ვაკეთებ და როგორ, ყველაფერი გამიმარტივდა.

- მუსიკალურ პროექტში მონაწილეობ, სიმღერა იცი?

- არა, რადგანაც შესაბამისი მონაცემები არ მაქვს. მე მხოლოდ მიყვარს სიმღერა და კარგი მსმენელი ვარ. როგორც ვიცით, საქართველო სიმღერის ქვეყანაა, სადაც ძალიან მუსიკალური ხალხი ცხოვრობს. პროექტში გაიჟღერებს როგორც ქართული მივიწყებული რეპერტუარი, ასევე თანამედროვეც. ახლა ქასთინგების ტურებს რომ ვუყურებ, ბევრი ჩემთვის უცხო სიმღერა აღმოვაჩინე. მათგან უმრავლესობა ზოგისთვის მივიწყებულია. ამიტომ მათი ახალი სახით გაჟღერება, ნამდვილად საინტერესო იქნება.

- დღესდღეობით როგორც მოდელი, რას საქმიანობ?

- ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ვარ. მანამდე კონტრაქტებით ვმოგზაურობდი - ნიუ-იორკი, ჰონკონგი... ახლა ეს მოგზაურობა ცოტა ხნით შევაჩერე, რადგანაც მყავს პატარა შვილი, 4 წლის გოგონა, რომელიც უკვე აცნობიერებს, რომ დედა სჭირდება და უნდა გვერდით ჰყავდეს. ამიტომ ეს მოგზაურობა არაფრად მიღირს. გარდა იმისა, რომ პროექტში ამიყვანეს, ერთ-ერთ სტუდიაში ვიზაჟისტადაც ვმუშაობ. საფრანგეთში ამ მიმართლებით კურსები მაქვს დამთავრებული და აქტიურად ვიყავი ამ საქმეშიც ჩართული. მანამდე ერთ-ერთ კლინიკაში პიარშიც ვმუშაობდი. მოკლედ, ბოლო დროს ცოტა შენელებული მქონდა კარიერულად საქმიანობა და როგორც გითხარით, სწორედ ამ დროს მივიღე შემოთავაზება, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევაა.

- როგორც მახსოვს, საკმაოდ პატარამ დაიწყე მოდელის კარიერა და საკმაოდ საინტერესო ეტაპები გაიარე. როგორც პროფესიონალმა მოდელმა საზღვარგარეთ სერიოზული გამოცდილება დააგროვე. რა არის ეს პროფესია დღეს შენთვის?

- კი, 2007 წლიდან ჩავერთე ამ საქმეში. კონტრაქტი მქონდა გაფორმებული ქალბატონ ია კიწმარიშვილთან ("იმიჯცენტრი"), რომელიც სამი წლის წინ გავწყვიტე. ახლა დამოუკიდებელი მოდელი ვარ და მიწვევით დავდივარ. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, ვაკეთებდი და დღემდე ვაკეთებ ჩემთვის საყვარელ საქმეს. მოდელობა ჩემი ჰობი კი არა, პროფესიონალური თვალსაზრისით, ძალიან სერიოზული პროფესიაა. მოყვარული მოდელი არ ვარ და ეს ბევრს ნიშნავს. გამოცდილებამ კი ის მომიტანა, რომ ბევრ მოდის სახლთან და ცნობილ ბრენდებთან ვთანამშრომლობ. ამ საქმიანობაში მაქსიმუმს მივაღწიე, თუმცა მეტიც შემეძლო. მაგრამ პირადი ცხოვრებისთვის განკუთვნილმა დრომ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში...

- ე.ი. შვილს დამოუკიდებლად ზრდი?

- კი, შვილს დამოუკიდებლად ვზრდი და არ ვარ ცუდი დედა. 4 წლის ასაკთან შედარებით, ჩემი გოგონა საკმაოდ განვითარებული ბავშვია. როგორც დიდ, ზრდასრულ ადამიანს, ისე ველაპარაკები... ჩემი ოჯახი 2014 წელს დაინგრა და მას მერე ვარ მარტოხელა დედა. ამიტომაც ვცდილობ, ვიყო მისთვის კარგი დედა.

- მუდმივად ფორმაში ყოფნა გიწევს, როგორ ახერხებ ამას, რა არის შენთვის ამ შემთხვევაში სილამაზის ფორმულა?

- რომ ვთქვა, თავის მოვლისთვის ყოველდღიურად რაიმე რეცეპტი მაქვს-მეთქი, ასე არ არის. გეტყვით, რომ ყველაფერი გენეტიკის დამსახურებაა, რომ სულ ფორმაში ვარ და თუნდაც წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაქვს. თუმცა მეხმარება ვარჯიში, სწორი კვება... მთავარია, ადამიანი შინაგანად იყო ბედნიერი და სამყაროს მიმართ კარგად განწყობილი, შენი გარეგნობა შეინარჩუნო. როდესაც ქალი ბედნიერია, ყოველთვის ლამაზად გამოიყურება. მე სულ ისეთი განცდა მაქვს, რომ ვარ ბედნიერი, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება, წინააღმდეგობა მქონია, თუ მხვდება.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს