სტივენ კინგის ”ის” და ბრენტ უიქსის ”შავი პრიზმა” - ორი წიგნი, რომელსაც საზოგადოება განსაკუთრებულად ელოდა, ქართულ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია. გამომცემლობა ”პალიტრა L” და პროექტი „პორტალი“ ამ ფაქტთან დაკავშირებით მკითხველს განსაკუთრებულ საღამოს ბარ ”კრეატორში” უწყობს. საღამო 18 აპრილს 20:00 საათზე სტივენ კინგის ყველაზე ეპიკური რომანის წარდგენით დაიწყება. 20:30-ზე კი ბრენტ უიქსის ყველაზე ფერმოსილ წიგნს წარუდგენენ დამსწრე საზოგადოებას.
ორივე წიგნი პრეზენტაციაზე 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. გარდა ამისა, მისულ სტუმრებს არაერთი სიურპრიზი ელოდებათ. შეეძლებათ გადაიღონ სამახსოვრო „გიფები". მოვიდნენ რომანების მთავარი პერსონაჟების კოსტუმებით. კოსტუმირებულთა შორის საუკეთესოებს კი წიგნები გადაეცემათ საჩუქრად.
სპეციალურად შეირჩა პრეზენტაციის ადგილიც - ბარი ”კრეატორი”, რომელის გარემოც მაქსიმალურად შეესაბამება რომანებში განვითარებულ ამბებს.
„ის“ სტივენ კინგის ეპიკური, მძაფრი სიუჟეტით გამორჩეული და შემაძრწუნებელი ამბავია.
დერი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ქალაქია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით – სინამდვილეში ის საზარლად განსხვავებულია, იქ ის ბინადრობს და მას ბავშვები ხედავენ! ის ყველგანაა და ის კოშმარად ატყდება ქალაქს, ის დაუმარცხებელია! მაგრამ ფიცითა და პირობით იკვრება შესანიშნავი ერთობა – შვიდი ბავშვი, შიშით, განცდითა და გარდაუვალი უბედურების შეჩერების სურვილით დაკავშირებულნი მის პირისპირ დგებიან: ის ბავშვების ბედისწერაა, ბავშვები – მისი! ჰოდა, საბედისწერო ბრძოლაც უნდა გაიმართოს... ახლა და 27 წლის შემდეგ...
რომანი მოგვითხრობს შვიდ ბავშვზე, რომლებსაც ატერორებს უცნობი არსება, რომელიც საკუთარ ძალას შიშის, სიძულვილისა და იმედგაცრუებიდან იღებს. როდესაც შტატ მენის ქალაქ დერიში ბავშვების გაუჩინარება დაიწყება, რამდენიმე ბავშვი საკუთარ ყველაზე დიდ შიშს გადაეყრება და მოუწევთ გამკლავება ბოროტ ჯამბაზ პენივაიზთან, რომლის სისასტიკის გამოვლინება და მსხვერპლთა ნუსხა საუკუნეების მიღმა იკარგება. თხრობა მიმდინარეობს პარალელურად დროის სხვადასხვა ინტერვალში, რომელთაგან ერთ-ერთი შეესაბამება მთავარი პერსონაჟის ბავშვობას, ხოლო მეორე - გვიანდელ წლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ რომანის დაბოლოება არაერთმნიშვნელოვანია და ბოლომდე გაურკვეველი რჩება, ცოცხალია თუ არა „ის“. თუმცა სტივენ კინგმა დაიფიცა, რომ აღარასდროს დაწერს პენივაიზის შესახებ, რადგან ეს პერსონაჟი მისთვისაც ძალიან საშიშია. მიუხედავად ამისა, ”ის” ავტორის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რომანია.
რაც შეეხება ”შავ პრიზმას”, მისი მთავარი გმირი გევინ გაილი პრიზმაა, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი მსოფლიოში, კაცი, რომლის ძალას, ჭკუასა და სახელს არეული მსოფლიოს დამშვიდება შეუძლია, თუმცა პრიზმები უკვდავნი არ არიან და გაილმაც ზუსტად იცის, რამდენ ხანს იცოცხლებს, სიკვდილამდე კი ყველა მიზნის ასრულება უნდა მოასწროს. მაგრამ როდესაც შეიტყობს, რომ ჰყავს ვაჟი, რომელიც შორეულ სამეფოში ომის შემდეგ დაიბადა, იძულებულია, აირჩიოს, ღიაროს სიმართლე თუ შეინახოს საიდუმლო, რომლის გამჟღავნებას მისი სამყაროს დამსხვრევა შეუძლია.
ღონისძიების ბმული:
„ის“ - https://www.facebook.com/events/216243195806681/
„შავი პრიზმა“ - https://www.facebook.com/events/182541812557833/