ლეგენდარული რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, ინფორმაციას ჩეხური სააგენტო CTK ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ფორმანის ცოლმა, მარტინამ სააგენტოს განუცხადა, რომ რეჟისორი გუშინ, 13 აპრილს აშშ-ში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მარტინას თქმით, მის ქმართან ერთად ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები.
ფორმანმა, სხვა შედევრებთან ერთად, კენ კიზის რომანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ეკრანიზაცია გადაიღო.
მილოშ ფორმანი 1932 წლის 18 თებერვალს ჩეხეთში, ქალაქ ჩასლავში დაიბადა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1968 წელს „პრაღის გაზაფხულის“ შემდეგ დაწყებული კომუნისტური წმენდის შედეგად გადასახლდა. 1970 წელს ის ამერიკის მოქალაქე გახდა.