გიორგი ონიანის საქმეზე საპროცესო შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
მოსამართლე დაინტერესდა მხარეებისგან, თუ რა ხდებოდა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. პროკურორმა აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ვიდრე პროკურორი საპროცესო შეთანხმებას დეტალურად გააცნობდა სასამართლოს, მსჯავრდებულმა გიორგი ონიანმა პროცესის ნაწილობრივ დახურვის თხოვნით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ მის მიერ გასაკეთებელი განცხადება შეიცავდა პირად ინფორმაციას. შესაბამისად, სურდა პროცესის ნაწილობრივ დახურვა.
მოსამართლემ გაიზიარა მსჯავრდებულის შუამდგომლობა და დღევანდელი სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ნაწილობრივ დახურა.
ყოფილი სამართალდამცველსა და ადვოკატს, გიორგი ონიანს ბრალი უკანონო დაკავებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში ედება. საქალაქო საასმართლომ მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.