ბიჭს, რომელმაც თანატოლებს კითხვა შეაყვარა, პატარა ასაკში წიგნი ასე ძალიან სულაც არ აინტერესებდა. როგორც 16 წლის ლუკა ქუთათელი იხსენებს გარდამტეხი აღმოჩნდა „ჰარი პოტერი“, რომლის წაკითხვამაც ბიჭი წიგნებს მიაჯაჭვა.
სკოლის მოსწავლე ლუკა დღეს გამომცემლობა ”პალიტრა L-ის” პროექტების მენეჯერია და უკვე გამოსცა პირველი წიგნი - რობერტ ლუის სტივენსონის ნოველა „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი”. მისი გამომცემლობასთან ურთიერთობა პროექტ ”ლიბერქიდსით” დაიწყო, შემდეგ ”ლიბერთინსით” გაგრძელდა და ახლა 16 წლის ლუკა ამაყობს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ გამომცემლობაში საქმიანობს.
„პატარაობაში წიგნებზე მეტად საბავშვო ჟურნლები მიყვარდა. დედა ყოველთვის მყიდულობდა „მხიარულ კარუსელს“, რომელშიც ორგვერდიანი მოთხრობები იყო და მათ აუცილებლად ვკითხულობდი. მოგვიანებით დედა სხვადასხვა სერიის წიგნებსაც მყიდულობდა, თუმცა მე ნაკლებად ვინტერესდებოდი. ერთ დღეს კი გადავწყვიტე, მეც წამეკითხა ის ლეგენდარული წიგნი, რომელსაც ჩემი თანატოლები მონუსხული ჰყავდა. „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ვიყიდე და ის ღამე კითხვაში გავატარე. დაახლოებით ერთ თვეში „ჰარი პოტერის“ შვიდივე ნაწილი წავიკითხე. სწორედ ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რაც შერჩეულმა წიგნმა მოახერხა. ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ მოზარდს მისი ასაკის შესაბამისი წიგნი შევთავაზოთ და 10 წლის ბავშვს დოსტოევსკის წაკითხვა არ დავაძალოთ“ - გვეუბნება ლუკა.
მას შემდეგ კითხვა მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა და სამომავლო გეგმებშიც გადამწყვეტი როლი აკისრია. ლუკას საყვარელი მწერალი ჰარუკი მურაკამია. იხსენებს, რომ ერთ დღესაც აპლიკაცია შეავსო, რომლის მიხედვითაც გამომცემლობა პატარა მკითხველებს არჩევდა პროექტისთვის. მისდა გასაკვირად, მალევე „პალიტრა L“-დან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პროექტის ერთ-ერთ მონაწილედ შეარჩიეს.
„8-დან 12 წლამდე 10 ბავშვი ვიყავით. ჩვენ გვევალებოდა, უცხო ენაზე წაგვეკითხა წიგნები და საგამომცემლო ჯგუფისთვის ამა თუ იმ წიგნის თარგმნა გვერჩია. ჩვენი ანოტაციები და რეცენზიები კი შერჩეული წიგნების პირველ გვერდზე იბეჭდებოდა. მოგვიანებით ეს პროექტი დაიხვეწა და „ლიბერქიდსის“ სახელით საკმაოდ წარმატებულ პროექტადაც ჩამოყალიბდა. ამ საქმემ ისე დამაინტერესა, რომ შემდეგ ამავე გამომცემლობის პროექტ „ლიბერთინსში“ გავაგრძელე საქმიანობა. აქაც იგივე გვევალებოდა, თუმცა ახლა თინეიჯერებისთვის გათვლილი წიგნები უნდა შეგვერჩია. ამ პროექტის ფარგლებში ჩემი დაუღალავი მცდელობა წარმატებით დასრულდა და 30 მაისს საქართველოს ბრიტანელი ავტორი ჰოლი სმეილი ეწვევა“ - ამბობს ლუკა.
ახლა ლუკა ქუთათელი კომპანიის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელია და სკოლაში სწავლის პარალელურად, პროექტების მენეჯერად მუშაობს. მისი პირველი პროექტი რობერტ ლუის სტივენსონის ნოველა „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავია“, რომელიც ქართულ ენაზე სრულად ახლახანს გამოიცა. ლუკა ქუთათელი ახლა ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობს, რომელიც მალე დაანონსდება.
თინეიჯერი გამომცემელის სამომავლო გეგმებიც საგამომცემლო საქმიანობას უკავშირდება. მას უნდა ინგლისში „ჰარპერ კოლინსის“ ერთ-ერთი გამომცემელი გახდეს. თუმცა მანამდე ლუკამ, რომელიც ჯერ ისევ სკოლის მოსწავლეა, უმაღლესი განათლება უნდა მიიღოს.
„სწავლა საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა, თუმცა არა საქართველოში. ბენილუქსის ქვეყნებში ან აშშ-ში მსურს უმაღლესი განათლების მიღება და ვფიქრობ, „პალიტრა L“-ში მიღებული გამოცდილება ამ ოცნების ასრულებაში დამეხმარება, რადგან სკოლის პარალელურად მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. გამომცემლობაში მართლაც უამრავი რამ ვისწავლე. საგამომცემლო საქმიანობის კარგად შესწავლის პარალელურად, ბევრი პიროვნული თვისება გამოვიმუშავე, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი“ - გვიყვება ლუკა.
ამ ყველაფრის პარალელურად, 16 წლის მოსწავლე ვიოლინოზე უკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის სკოლის კამერულ ორკესტრსა და მევიოლენთა ანსამბლში. ფლობს ინგლისურ, რუსული, გერმანულ და ჰოლანდიურ ენებს. სწავლობს ფრანგულს. 4 წელია, წყალბურთს თამაშობს.
"რეკომენდაციებს ხშირად მშობლებისგან ვიღებ. სწორედ ისინი არიან, ადამიანები, რომელთა მსგავსიც მინდა, რომ ვიყო მომავალში... წიგნი განვითარების ერთადერთი საშუალებაა, რომელიც სხვა ადამიანის ჩარევის გარეშე გაძლევს ცოდნას და მიმართულებას. ყოველი წაკითხული წიგნი ახალი ცოდნა და გამოცდილებაა. ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე იქამდე იყავი. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ჩემს გარშემო ბევრ ადამიანს კითხვა შევაყვარე. მე რომ მიყურებდნენ, მათ თავად უჩნდებოდათ კითხვის სურვილი და მეც რეკომენდაციებს ვაძლევდი. სხვანარად ადამიანს კითხვას ვერ აიძულებ. ყველას თავისი ასაკის შესაფერისი წიგნი უნდა შესთავაზო, ესაა წიგნის სიყვარულის მთავარი საიდუმლო გასაღებიც და სწორედ ამ საქმეს ემსახურება პროექტები „ლიბერქიდსი“ და „ლიბერთინსი“ - განმარტავს ლუკა ქუთათელი.
ლუკას თქმით, ამ პროექტების დაწყებამდე საქართველოში მოზარდებსა და თინეიჯერებზე გათვლილი ახალი წიგნები საერთოდ არ არსებობდა, სწორედ ამიტომ უამრავი ოჯახი იდგა პრობლემის წინაშე, რომ მოზარდებს კითხვა არ უყვარდათ. ლუკას განმარტებით, ამ პროექტებმა წიგნის მაღაზიებში უამრავი ახალი წიგნი გააჩინა და ბევრ მოზარდსაც კითხვა შეაყვარა.