ავტორი:

"შუშანამ უამრავი ადამიანი აალაპარაკა..." - რას ამბობს "მხოლოდ ქართულზე" თიკა ფაცაცია, რომელიც აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად პროექტს წაიყვანს

"შუშანამ უამრავი ადამიანი აალაპარაკა..." - რას ამბობს "მხოლოდ ქართულზე" თიკა ფაცაცია, რომელიც აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად პროექტს წაიყვანს

პროექტ "მხოლოდ ქართულს" 23 აპრილიდან მთავარი წამყვანები, თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი შეუერთდებიან. მათ, როგორც სასცენო პარტნიორებმა, წლების წინ გამოსცადეს თავი და წარმატებულადაც. ახალ შოუზე თითოეული დიდ იმედებს ამყარებს, რომ ის აუცილებლად გამოავლენს ინდივიდუალურ შემსრულებლებს და ახალგაზრდობა ქართულ მუსიკას მეტად შეიყვარებს.

Ambebi.ge თიკა ფაცაციას ესაუბრა.

- წლების შემდეგ წამყვანად გარკვეული პაუზის შემდეგ ბრუნდები. რა მოლოდინი გაქვს?

- ეს პაუზა დიდად არც აღმიქვამს, დღის სხვა მონაკვეთში, მაყურებელთან სხვა ტიპის კომუნიკაცია მაქვს. მეგაპროექტის წამყვანობა ჩემი ტელევიზიაში საქმიანობის სხვა ნაწილია, შენში ამ დროს თითქოს რაღაც სხვა ღილაკებზე აჭერ ხელს, სხვა ემოციები მოდის, ყველაფერი კი სხვა მომართვასა და მოქოქვას იწვევს. წამყვანი შემოქმედებითად სხვაგვარად იხარჯები. მუსიკასთან, სცენასთან ურთიერთობა სხვა ემოციებს მიღვიძებს. მოკლედ, მე და არჩილი სცენაზე და კამერის წინ, ამ ამპლუაში სასინჯად, როგორც კი დავდექით, მაშინვე მივხვდით, რომ ჩვენში რაღაც "გატკაცუნდა" და ჩაირთო (ამ განცდას სხვა სიტყვებით ვერც ვიტყვი). დიახ, ასეთ შოუებს სხვანაირი გამოცდლება და წამყვანობა სჭირდება, რაც გვაქვს! "მხოლოდ ქართულისგან" დადებითი მოლოდინი მაქვს. მიყვარს ჩემი თავი იქაც და აქაც.

- სანამ შოუში "ლაივ-ტურები" დაიწყება, როგორ შეაფასებ კონკურსანტებს?

- ქართულ სიმღერაზე ამხელა აქცენტი ჩვენს რეალობაში ძალიან მიგნებულად მიმაჩნია. ჩვენ ვართ ადამიანები, რომ ქართულ აკორდს, სისხლხორცეულად ვგრძნობთ. შეფასების თვალსაზრისითაც გვიადვილდება ნომრები. გამოუვიდა თუ არა შემსრულებელს, ამას საუკეთესოდ ვხვდებით. უცხოურ სიმღერაში შეიძლება რაღაც გამოგვეპაროს, თუნდაც მუსიკალური ნიუანსი და მხოლოდ ემოციით განსაზღვროთ. ჩვენ ბავშვობიდან ხომ ქართულ მუსიკას ვართ მიჩვეულები? წლების წინ, ერთი პერიოდი, აქტიურად ჟღერდა კიდეც ყველგან ქართული მუსიკა, მერე გაქრა. ახლა მიხარია, რომ ჩვენი შვილები, მათი თაობა ჭარბად მოისმენს "მხოლოდ ქართულს". მინდა, რომ ადამიანები ამ მუსიკის თანხლებით იზრდებოდნენ. ამ შოუების ის მომწონს, რომ მასში თანაბრად მონაწილეობს ყველა ასაკის ადამიანი... დამიჯერეთ, ეს ქართული ენერგეტიკა დიდ საქმეს გააკეთებს. ხომ ვამბობ, კარგი მოლოდინები მაქვს. ახალი თაობის მიერ დანახული ქართული სიმღერაც მაინტერესებს, ასევე ისიც, როგორ შეასრულებენ, რა მანერით. მგონია, რომ სიახლეს აქაც აღმოვაჩენთ, რაც თანამედროვეობას მოერგება. რეპერტუარის, ჟანრების სიჭრელეც მომწონს. თითოეული სხვადასხვა მუსიკას გვთავაზობს. ზოგი ალტერნატივაა, ზოგი სულიკოს და ქართულ ჰანგებს ეთაყვანება, ესეც საინტერესოა. დარწმუნებული ვარ, ყველა სიმღერის შესრულება დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი იქნება. მოლოდინით ვუყურებ იმას, რომ ვიპოვი ისეთ ადამიანს, რომელიც სულ სხვანაირად დამანახებს ქართულ სიმღერას. ჩემთვის ეს დღევანდელი დღე ხვალინდელიც იქნება და როგორი დამოკიდებულებაც აქვთ ახალგაზრდებს უცხოური მუსიკის მიმართ, ასეთივე დამოკიდებულება გაუჩნდებათ.

- ჟიურის მუშაობა თუ მოგწონს, ობიექტურია?

- საერთოდ, გადაწყვეტილების მიღება რთულია, ეს ჟიურის თითოეული წევრის ფიქრთან, სიწრფელესთან არის ახლოს, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ. ყველა მონაწილეს თავისი გულშემატკივარი ჰყავს და თავისი ამბავი აქვს. ასე რომ, არ არის ადვილი. შეიძლება გულშემატკივრების ჯარმა წინააღმდეგობა გაგიწიოს გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ მაინც შენ საზღვრავ, გადაიყვან თუ არა შემდეგ ტურში. ცოტა წინმსწრებად ვიტყვი, რომ ჟიური კმაყოფილია იმ შემადგენლობით, რაც ლაივ-ტურებისთვის უკვე შეარჩია.

- მოდი, გუშინდელ შოუს მივუბრუნდეთ. კონკურსში გამოჩნდა გორელი კონკურსანტი შუშანა ყაზარაშვილი, რომლის მიმართ დღეს სოციალურ ქსელში ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები იწერება. ზოგი ჟიურის ამტყუნებს, რომ არ გადაიყვანეს შემდეგ ტურში, ზოგიც - ტელეკომპანიას, რომ ეს ქალბატონი კონკურსზე საერთოდ დაუშვეს. შენ რას იტყვი?

- ძალიან მეგემრიელა ქარბატონი შუშანას ნამღერი, მარილით და მადლით შეასრულა, რაც შეასრულა. კარგი ვიბრაციები ჰქონდა, მესიამოვნა.

- მერე რატომ არ დატოვეს?

- მგონია, რომ ჟიურის წევრები ცოტა შორს იყურებიან, იციან, კონკურსანტებს რა ტურები ელოდებათ. ჩათვალეს, რომ ის კონკურსში სირთულეებს შეეჯახებოდა. თუმცა ერთი შეხედვით, შუშანამ უამრავი ადამიანი აალაპარაკა. ბევრი გულშემატკივარი შეიძინა. ასე რომ, დაგვამახსოვრა თავი გულწრფელი და გემრიელი ნამღერით.

- შენი და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილის სცენაზე გამოჩენა თავიდანვე წარმატებული აღმოჩნდა. კარგად შეეწყვეთ...

- მე და აჩიკოს კონკურსში მონაწილეობის, პარტნიორობის, შეხმატკბილების და დუეტში კარგობის გამოცდილება გვაქვს. ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმატებული პროექტის გამარჯვებულები გავხდით. კარგი ბიჭია არჩილი და ერთმანეთის სიხარულით შევძვერით იმ ოთახში, რომელსაც ცოცხალი ეთერების მანძილზე დავისაკუთრებთ. ვუმასპინძლებთ ჩვენს საყვარელ და სათაყვანებელ კომპოზიტორებს, რომელთა ტურებიც იქნება. შემსრულებლებს, რომლებიც მის სიმღერებს ასრულებდნენ. შემოქმედებითი ოთახი გვექნება. თავის გახსენებით და შეფასებებითაც. სავარაუდოდ, ამ ტურის შემოქმედი ადამიანები იქნებიან.

- პირადად შენთვის რა არის ქართული სიმღერა?

- ჩემთვის ქართული ჰანგი გიტარაა, თავისი მრავალხმიანი სიმღერებით, ფოლკლორი, ხალხური სიმღერა კიდევ ცალკე ფენომენია. ბავშვობიდან დავდიოდი მაკა აროშიძესთან, რომელმაც ქართული სიმღერები შემაყვარა. სწორედ გუშინაც მეჭირა გიტარა ხელში და ბავშვობის რვეული მქონდა გადაშლილი, საიდანაც ვიხსენებდი ქართულ სიმღერებს. რამდენიმე ხმაში სიმღერა, ეს აქტივობაა, რომელსაც მივმართავთ, როდესაც მე და ჩვენი მეგობრები ვიკრიბებით. ერთი დაიწყებს, დანარჩენები ავყვებით. ქართულ სიმღერას ქართველი რომ მღერის, ისე ვერავინ. მოკლედ, პროექტში კარგად გამოჩნდება ის საფუძვლები, მომავალში ვინ რას იზამს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ