...1973 წლის თებერვალში, ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის „მოსადის“ დირექტორმა ცვი ზამირმა, „საიერეტ მატკალის“ სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური (ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი) ეჰუდ ბარაკი გამოიძახა. ზამირმა ბარაკს პალესტინური მოძრაობა „ფათხის“ ლიდერების სამი სურათი დაუდო მაგიდაზე და დაგეგმილი ოპერაციის დეტალებზე დაიწყო საუბარი...
სალიკვიდაციო სიაში სამი კანდიდატი იყო: პალესტინელთა ლიდერის იასერ არაფატის მოადგილე, იუსუფ ნაჯარი (ცნობილი როგორც აბუ იუსუფი); „ფათხის“ ფარგლებში შექმნილი „დასავლეთ სექტორის“ დანაყოფის სამხედრო მეთაური ქამალ ადვანი და „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ პრესმდივანი ქამალ ნასერი. აბუ იუსუფისა და ქამალ ადვანის ტერორისტული საქმიანობა კარგად იყო ცნობილი ისრაელის სპეცსამსახურებისთვის. მათი კავშირი 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიადაზე ისრაელის ოლიმპიური ნაკრების სპორტსმენების მკვლელობასთან და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვა ტერაქტებთან დამტკიცებული იყო და არანაირ ეჭვებს არ იწვევდა. რაც შეეხება ქამალ ნასერს, ის პირადად არასოდეს მონაწილეობდა ტერაქტებში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ პრესმდივანი იყო, არა მხოლოდ ამართლებდა ტერორს, არამედ ღიადაც მოუწოდებდა ისრაელის მოქალაქეების მკვლელობისკენ. შესაბამისად, ისრაელის სპეცსამსახურები მასში ტერორის მთავარ იდეოლოგს ხედავდნენ...
იასერ არაფატი ქამალ ადვანთან და ქამალ ნასერთან ერთად
ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ დაგეგმვა
პირველი კითხვა, რომელიც „მოსადის“ დირექტორმა ეჰუდ ბარაკს დაუსვა მხოლოდ ერთ რამეს ეხებოდა: შესძლებდნენ თუ არა „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ლიბანის დედაქალაქის ბეირუტის ცენტრში სალიკვიდაციო ოპერაციის ჩატარებას და ისრაელში უვნებლად დაბრუნებას. მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი სადაზვერვო მონაცემებს გაეცნო, ცოტათი დაიბნა. საერთო სურათი არც ისე სახარბიელო იყო - სულ მცირე ტერორისტების ადგილსამყოფელთან მიახლოება სირთულეს წარმოადგენდა, ხოლო შენობებში შესვლაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტი იყო.
ისრაელიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, ბოევიკებით, არმიითა და ჟანდარმერიით გავსებულ ბეირუთში „საიერეტ მატკალის“ წევრებს მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე მოუწევდათ ყოფნა, იმის სრული გააზრებით, რომ მათ დასახმარებლად არავინ მივიდოდა. როგორც გამოცდილ პროფესიონალს, ეჰუდ ბარაკს ესმოდა, რომ „საიერეტ მატკალის“ შესაძლებლობები უსაზღვრო არ იყო. რისკებისა და წარმატებაზე შანსების გასაანალიზებლად ბარაკმა „მოსადის“ დირექტორს უფრო დეტალური ინფორმაცია გამოსთხოვა, მათ შორის ტერორისტების სახლებისა და ბინების დეტალური გეგმები, ობიექტების დაცვის სისტემა, მათთან მისასვლელები, ასევე ის, თუ ზუსტად რამდენი ლიბანელი ჯარისკაცი და ჟანდარმი პატრულირებდა ბეირუთის რამლეთ ელ-ბაიდას რაიონში.
ამის შემდეგ, „მოსადის“ აგენტები იწყებენ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოპოვებას, რასაც თუნდაც ირიბი კავშირი შეიძლება ჰქონდეს ბეირუთის რამლეთ ელ-ბაიდას რაიონთან. კერძოდ, ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა, შუქნიშნების ფაზების ხანგრძლივობა, თითოეული კუნჭული, სადაც სპეცრაზმელებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ თავშესაფარი ეპოვათ. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო იმის დადგენა, დღის რა მონაკვეთში იმყოფებოდნენ სამიზნე ტერორისტები სახლში, მეზობლებიდან ვინმეს ჰყავს თუ არა საკუთარი დაცვა და ა.შ. ნებისმიერ გაუთვალისწინებელ წვრილმანს, შეეძლო ოპერაცია კრახამდე მიეყვანა...
მხოლოდ მას შემდეგ, რაც საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია ეჰუდ ბარაკის ხელთ აღმოჩნდა, მან თავისი ოფიცრები შეკრიბა და ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ დეტალები გააცნო. ეჰუდ ბარაკს, პირველ რიგში, გადასაწყვეტი ჰქონდა თუ როგორ მოახერხებდა 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ქალაქის გავლით ოპერაციის დანიშნულების ადგილამდე მისვლას ისე, რომ ვინმეს ყურადღება არ მიეპყროთ. გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: ჯგუფის წევრების მობილურ ჯგუფებად, ორ-სამ კაცად დაყოფა. „საიერეტ მატკალის“ მაიორი მუკი ბეცერი კი საკმაოდ ორიგინალური იდეით გამოვიდა: სპეცრაზმელების ნაწილი ქალად გადაიცმევდა და წყვილებად განაწილდებოდნენ სპეცრაზმის სხვა წევრებთან. საამისოდ თელ-ავივის მაღაზიებში ქალის დიდი ზომის ტანსაცმელები შეისყიდეს. ტანსაცმელი საჭიროზე ორი-სამი ზომით დიდი უნდა ყოფილიყო, რომ იარაღის დამალვა მოეხერხებინათ.
ოპერაციის ადგილამდე მანქანით მისვლაზე საუბარი ზედმეტი იყო. მანქანები მეზობელ კვარტალში უნდა დაეტოვებინათ და ოპერაციის ადგილამდე ფეხით მისულიყვნენ. თუმცა, ოპერაციის საბოლოო ფაზის დაგეგმვამდე საჭირო იყო რიგი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა, რომლის გარეშეც ყველა შემდგომ ქმედებებს აზრი ეკარგებოდა. როგორ უნდა მომხდარიყო სპეცრაზმელების ბეირუთამდე მიყვანა, რომელიც ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრისგან 120 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს? ვერტმფრენიდან გადმოსხმა თავიდანვე უარყოფილი იყო. ლიბანის დედაქალაქში უცხოელი ტურისტების სახით შესვლა ასევე არარეალური იყო. მხოლოდ ერთი გზა რჩებოდა - ზღვა. ეჰუდ ბარაკმა მაიორ ამნონ ბირანს დაავალა ოპტიმალური ადგილის მოძებნა.
1973 წლის მარტის ბოლოს მაიორმა ამნონ ბირანმა ეჰუდ ბარაკს ანგარიში ჩააბარა, რომელშიც ლიბანში გადმოსხმის პოტენციურ პლაცდარმად სასტუმრო „სანდესის“ პლაჟი შესთავაზა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ბევრი ნომრის ფანჯრები პირდაპირ ზღვას გადაჰყურებდა - იმის ალბათობა, რომ რომელიმე ტურისტი აივანზე გამოვიდოდა და სპეცრაზმის გადმოსხმას შეამჩნევდა, დიდი იყო. თუმცა, უკეთესი ალტერნატივა არც იყო და შესაბამისად, ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბმა ეს ვარიანტი დაამტკიცა.
ოპერაციის დაწყების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. ამის მიზეზი ისრაელის თავდაცვის მინისტრის ყოყმანი იყო. გენშტაბის ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი დავიდ ელიაზარი თითქმის ყოველ დღე შედიოდა თავდაცვის მინისტრის კაბინეტში და ოპერაციის დაუყოვნებლივ დაწყებას თხოვდა. თუმცა, მოშე დაიანი ყოყმანობდა. როგორც მინისტრი ის არ ერეოდა ოპერაციის დაგეგმვაში, მის ფუნქციებში პოლიტიკური საკითხების გადაჭრა შედიოდა და ზუსტად ეს აშინებდა მას. ოპერაციის შედეგებს ისრაელზე უარყოფითი გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. მსოფლიოში პოლიტიკური რეზონანსი არაპროგნოზირებადი იყო, ვინაიდან საუბარი ეხებოდა არა უბრალოდ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე, არამედ ღია დივერსიულ აქციაზე ერთ-ერთი არაბული ქვეყნის დედაქალაქში.
მზადება ოპერაციისთვის
ვიდრე პოლიტიკოსები ოპერაციის ბედს წყვეტდნენ, „საიერეტ მატკალის“ წევრები ყოველდღიურ წვრთნებს ატარებდნენ. ყველაზე რთული ქუსლებზე სიარულის სწავლა აღმოჩნდა. ოპერაციის ფარგლებში იმ სპეცრაზმელებს, ვისაც ქალად გადაცმა მოუწევდათ, ქალებივით სიარული უნდა ესწავლათ...
თელ-ავივის გარეუბანში რამათ ავივის რაიონში შეირჩა სახლი, რომელიც მაქსიმალურად ჰგავდა ტერორისტების საცხოვრებელ სახლს. ორი თვის განმავლობაში „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ყოველდღიურად ატარებდნენ წვრთნებს, რათა ცალკეულ ჯგუფებს შორის ურთიერთქმედებები გამოემუშავებინათ. ეჰუდ ბარაკმა ოპერაციაში 16 სპეცრაზმელი ჩართო და ისინი ხუთ ჯგუფად დაყო. პირველი ჯგუფი მობილური შტაბის ფუნქციების ასრულებდა. მეორე ჯგუფი კი ლიკვიდატორების სამი სშტურმო ჯგუფისთვის საფარველს უზრუნველყოფდა. ოპერაციის გეგმის მიხედვით, „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები ოპერაციის ადგილზე სამი მანქანით უნდა მისულიყვნენ, რომელსაც „მოსადის“ აგენტები ბეირუთში წინასწარ იქირავებდნენ. მანქანებს მეზობელ კვარტალში დატოვებდნენ და წყვილებად დაყოფილნი ფეხით გაემგზავრებოდნენ ტერორისტების ადგილსამყოფელისკენ. ოთხი სპეცრაზმელი, მათ შორის ეჰუდ ბარაკი, ქალად გადაცმულნი იქნებოდნენ.
„საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელები
დრო გადიოდა, თუმცა გენშტაბიდან ოპერაციის ჩატარებაზე თანხმობა არ მოდიოდა. რაღაც მომენტში, ვიცე-პოლკოვნიკ ეჰუდ ბარაკს უკვე ეეჭვებოდა, რომ ოპერაცია საერთოდ შედგებოდა. თუმცა, ყველაფერი 1973 წლის პირველ მარტს შეიცვალა. პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია „შავი სექტემბრის“ ბოევიკები სუდანში საუდის არაბეთის საელჩოში შეიჭრნენ, სადაც ოფიციალური მიღება მიმდინარეობდა. მათ რამდენიმე უცხოელი დიპლომატი მძევლად აიყვანეს, მათ შორის სუდანში აშშ-ს ელჩი კლეო ნოელა. ისინი ისრაელისგან, აშშ-სგან, იორდანიისგან და დასავლეთ გერმანიისგან ტერორისტების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი განაცხადა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, 2 მარტს სამი დიპლომატი მოკლეს: აშშ-ს ელჩი კლეო ნოელი, აშშ-ს საელჩოს პირველი მდივანი ჯორჯ კარტის მური და ბელგიელი დიპლომატი გაი ეიდი.
აღნიშნულმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიოში, რამაც საბოლოოდ აიძულა ისრაელის თავდაცვის მინისტრი მოშე დაიანი ლიბანის დედაქალაქში ანტიტერორისტული რეიდი ჩაეტარებინა. ისრაელის გათვლა ის იყო, რომ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი დაჟინებით არ გააკრიტიკებდა ისრაელს, ვინაიდან პალესტინური ტერორი უკვე ყელში ჰქონდათ ამოსული. ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ ჩატარება 9 აპრილისთვის ჩაინიშნა. ღამით საზღვაო დესანტი ლიბანის ტერიტორიულ წყლებში უნდა შესულიყო, საიდანაც მოტორიან ნავებზე სპეცრაზმელები გადმოსხმის პუნქტს მიაღწევდნენ...
1973 წლის პირველ აპრილს ბეირუთის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო „სანდესში“ ელეგანტურად გამოწყობილი მამაკაცი შევიდა. სასტუმროში რეგისტრირებისას მან ბელგიის მოქალაქის პასპორტი, ვინმე ჟილბერ რიმბოდის სახელზე წარადგინა. დაიქირავა ავტომობილი, თეთრი „ბიუიკი“. რამდენიმე საათის შემდეგ იმავე სასტუმროში კიდევ ერთი „უცხოელი ტურისტი“ გამოჩნდება, რომელიც გერმანიის მოქალაქის პასპორტს, ვინმე დიტერ ალტნუცერის სახელზე წარადგენს. სასტუმროს მენეჯერს ალტნუცერი ეტყვის, რომ თევზაობის დიდი მოყვარულია და მთელი წელი ოცნებობდა ბეირუთის სანაპიროზე ეთევზავა. ის ასევე დაიქირავებს თეთრი ფერის „ბიუიკს“, რის შემდეგაც დაიწყებს ინფორმაციის შეგროვებას ტალღების სიმაღლეზე, ქარის სიჩქარეზე, წყლის ტემპერატურასა და ზღვის ნაკადებზე.
ხუთი დღის შემდეგ იმავე სასტუმროში სამი „ბრიტანელი ტურისტი“ გაჩერდება, ხოლო მეოთხე „ბრიტანელი“ ტურისტი ფეშენებელურ სასტუმრო „ატლანტიკში“ დაბინავდა, რომელიც ტერორისტების სახლთან ახლოს მდებარეობდა. „მოსადის“ აგენტები ხელთ არსებული ოპერატიული და სადაზვერვო ინფორმაციის გადამოწმებას შეუდგნენ.
ოპერაციის დღე
1973 წლის 9 აპრილის დილა. კესარიაში მდებარე ისრაელის საზღვაო ძალების ბაზაზე ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი დავიდ ელიაზარი და სამხედრო დაზვერვის „ამანის“ ხელმზღვანელი ელიაჰუ ზეირა მივიდნენ. ოპერაციის ყველა მონაწილე დიდ ანგარში იყო შეკრებილი. ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელს არ დაუწყია ხანგრძლივი საუბარი იმის თაობაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია ეს ოპერაცია. მან თითოეულ სპეცრაზმელს სახეში შეხედა და წყნარად წარმოსთქვა: „მოკალით ის არამზადები და სახლში მშვიდობით დაბრუნდით“.
დილით ხაიფას ყურედან ზღვაში რვა სარაკეტო და ოთხი ტორპედოიანი კატარღა გავიდა, რომელზეც განლაგებული იყო 48 სწრაფმავალი რეზინის მოტორიანი ნავი. ღამის დადგომისთანავე ესკადრა ლიბანის ტერიტორიალურ წყლებს მიუახლოვდება, საიდანაც ჯგუფებად დაყოფილი სპეცრაზმელები ნავებზე გადმოსხმის პუნქტამდე მიაღწევენ. ამ დროს სანაპიროზე მათ უკვე ელოდნენ „მოსადის“ აგენტები წინასწარ დაქირავებული მანქანებით. იმ ღამეს ქარიანი ამინდი იდგა, მაღალი ტალღები ჭარბობდა, რაც ისრაელელი კომანდოსების სანაპიროსთან მიახლოვებას შეუმჩნეველს ხდიდა. 9 აპრილის შუაღამისას „მოსადის“ აგენტმა კომანდოსებს პირობითი სიგნალი მისცა, რაც ნიშნავდა იმას, რომ „ყველაფერი კარგადაა და მანქანები ადგილზეა“. მხოლოდ ამის შემდეგ სპეცრაზმელები სანაპიროს მიუახლოვდნენ. პირველ „ბიუიკში“ სპეცრაზმის მეთაური ეჰუდ ბარაკი ჩაჯდა. ყველა წესების დაცვით მანქანები ქალაქის ცენტრისკენ გაემართნენ. ოპერაციის ობიექტამდე მათ 8 კილომეტრი აშორებდა.
თუმცა, „მოსადის“ ჯგუფის ხელმძღვანელს რაღაც აწუხებდა. ერთი შეხედვით, არაფერი იწვევდა საფრთხეს, თუმცა, ინტუიცია კარნახობდა, რომ რაღაც შეიცვალა. ბოლო დღეების განმავლობაში ბეირუთის ქუჩებში ჟანდარმერიის პატრულის რაოდენობა გაიზარდა. „მოსადის“ აგენტმა დაჟინებით ურჩია ეჰუდ ბარაკს მანქანების არა მეზობელ კვარტალში, არამედ ობიექტისგან რამდენიმე ასეულ მეტრში დატოვება.
ინსტრუქციების მიხედვით, სპეცრაზმის მეთაური დაუყოვნებლივ უნდა დაკავშირებოდა ოპერაციის შტაბს და შეეტყობინებინა შეცვლილი ოპერატიული ვითარება. ამგვარ სიტუაციებში დანაყოფის მეთაურს არ აქვს უფლება საკუთარ მოსაზრებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მიიღოს, ეს მხოლოდ ოპერაციის ხელმძღვანელის პრეროგატივაა. მუკი ბეცერი, რომელიც ეჰუდ ბარაკის უკან იჯდა, უკვე მზად იყო ხაზზე გასულიყო ოპერატიულ შტაბთან, თუმცა ეჰუდ ბარაკმა ოპერაციის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
სანაპიროდან გამგზავრებიდან 15 წუთში სპეცრაზმელების მანქანები ბეირუთის ფეშენებელურ რაიონში სუანში შევიდნენ. გვიან ღამის მიუხედავად, ქალაქი განათებული იყო. მდიდრული რესტორნები, კაზინოები და კინოთეატრები ხალხით იყო სავსე. ირგვლივ დღესასწაულისა და აბსოლუტური უდარდელობის ატმოსფერო სუფევდა. არავის მოუვიდოდა თავში, რომ იქ შეიარაღებული ისრაელელი სპეცრაზმელები გაჩნდებოდნენ. „საიერეტ მატკალის“ სპეცრაზმელებმა მანქანები ვერდუნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან დატოვეს და რამლეთ ელ-ბაიდას რაიონისკენ გაემართნენ. ისინი წყვილებად გადაადგილდებოდნენ.
ქალად გადაცმული ისრაელის მომავალი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ბარაკი, რომელსაც შავი პარიკი ეკეთა, ხელჩაკიდებული მიდიოდა თავის „კავალერთან“ მაიორ ბეცერთან ერთად. ეჰუდ ბარაკს ბიუსტჰალტერში ორი პლასტიკური ასაფეთქებელი ედო, ხოლო ფართო ბლუზში კი „უზის“ ავტომატი ჰქონდა მოთავსებული. მათ უკან ათი მეტრის დაშორებით კიდევ ერთი წყვილი მოდიოდა - ლეიტენანტი ილან რაფაელი და კაპიტანი იონი ნეთანიაჰუ, ისრაელის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა.
ეჰუდ ბარაკი და ბენიამინ ნეთანიაჰუ
ეჰუდ ბარაკი და მუკი ბეცერი პირველები იყვნენ, ვინც სპეცოპერაციის ობიექტს მიუახლოვდა. ისინი ისეთ ადგილას გაჩერდნენ, სადაც განათება არ იყო. ერთმანეთს ჩაეხუტნენ, როგორც ამას ჩვეულებრივი წყვილი იზამდა და დანარჩენი ჯგუფების მოსვლას დაელოდნენ. ერთი შეხედვით ყველაფერი მშვიდად იყო... თუმცა, ტერორისტების სახლიდან ას მეტრში ორი ჟანდარმი შენიშნეს. „მოსადისგან“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჟანდარმები იმ ადგილას არ უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ვერ შეცვლიდა ლიკვიდატორების გეგმებს - საჭიროების შემთხვევაში კაპიტანი ამირამ ლევინის ჯგუფი ჟანდარმების განეიტრალებას თავის თავზე აიღებდა.
საცხოვრებელ სახლში, რომლის გვერდითაც ბარაკი და ბეცერი იდგნენ, მეექვსე სართულზე იასერ არაფატის მოადგილე ალ-ნაჯარი (აბუ იუსუფი) ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა. „მოსადის“ აგენტების ინფორმაციით, აბუ იუსუფის სახლის ვესტიბიულში მოხუცი კარისკაცი იმყოფებოდა, ხოლო დაცვის წევრებს კი ღამით მანქანებში ეძინათ. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ მოხუცი კარისკაცის განეიტრალება ცრემლსადენი გაზით მოხდებოდა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ის აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევდა სპეცრაზმელებს, მას თავში მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლით გაანეიტრალებდნენ. დაცვის წევრების ლიკვიდაციას კი თავის თავზე კაპიტანი ლევინის ჯგუფი აიღებდა.
10 აპრილს, 01:30 საათზე ყველა ჯგუფი საწყის პოზიციებზე გავიდა. ეჰუდ ბარაკმა ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. თუმცა, პირველივე წუთებიდან გაუთვალისწინებელი გართულებები გაჩნდა. დამხმარე ჯგუფმა უცებ ვერ შეძლო დაცვის წევრების მანქანის პოვნა. ის ადგილი, სადაც მანქანა უნდა ყოფილიყო, ცარიელი აღმოჩნდა. მეტი ლოდინი არ შეიძლებოდა. ნებისმიერ დაყოვნებას შემთხვევითი გამვლელების ან ჟანდარმების ყურადღების მიპყრობა შეეძლო.
ეჰუდ ბარაკი ჯგუფთან ერთად აბუ იუსუფის სახლის ფართო ვესტიბიულში შევიდა. შიგნით არც დაცვა და არც კარისკაცი არ იყო. სპეცრაზმელები სწრაფად ავიდნენ მეექვსე სართულზე და ბრძანების მოლოდინში კარებთან გაჩერდნენ. მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი დარწმუნდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ის გარეთ გავიდა, რათა ყველა ჯგუფებისთვის ეხელმძღვანელა. კიდევ ორმა ჯგუფმა ამ დროს პოზიციები დაიკავა მეზობელი სახლის მეოთხე და მეორე სართულებზე - ადვანისა და ნასერის ბინებთან.
საკმაოდ წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა შტურმის დაწყება ზურგს უკან გაურკვეველი რაოდენობის დაცვის წევრების ცოცხლად დატოვებით. ეჭვი რომ არ გაჩენილიყო, ქალად გადაცმული კაპიტანი ლევინი, რომელიც ნასვამი ქალის როლს თამაშობდა, ავტომობილების სადგომისკენ გაემართა, აბუ იუსუფის დაცვის წევრების პოვნის იმედით. რამდენიმე წუთიც არ გასულა და ერთ-ერთ გაჩერებულ მანქანაში მან საეჭვო მოძრაობა შეამჩნია. ლევინმა მანქანასთან მიახლოება ვერ მიასწრო, როდესაც მანქანის კარები გაიღო და იქედან შეიარაღებული მამაკაცი გამოვიდა. ლევინი ნასვამი ქალის როლის თამაშს აგრძელებდა და შეიარაღებულ მამაკაცს უახლოვდებოდა. როდესაც მათ შორის სულ რაღაც ათი მეტრი დარჩა, კაპიტანმა ბლუზიდან ავტომატი გამოიღო და ტერორისტის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თუმცა, ორი გასროლის შემდეგ ავტომატმა უმტყუნა და აბუ იუსუფის დაჭრილი მცველი სიბნელეში მიიმალა. ამ დროს დამხმარე ჯგუფმა მარჯვენა ფლანგიდან შემოუარა ინციდენტის ადგილს და მიბჯენით დაცხრილა დაცვის წევრების მანქანა. მოკლული მძღოლი თავით დაეცა საჭეზე, რამაც ხანგრძლივი და გამყინავი სიგნალი გამოიწვია. გარდა ამისა, ტყვიები გვერდით მდგომ მანქანებს მოხვდა, რის გამოც სიგნალიზაცია ამუშავდა.
შექმნილმა ხმაურმა სპეცრაზმელებს მათი მთავარი უპირატესობა, მოულოდნელობის ფაქტორი წაართვა. ყველაფერი დამოკიდებული იყო მათი ქმედებების სისწრაფეზე. ამ დროისთვის მაიორ ბეცერის ჯგუფმა კარებზე პლასტიკური ასაფეთქებელი მიამაგრა. თითოეული წამი მარადიულობად ეჩვენებოდათ სპეცრაზმელებს, ხოლო პირობითი სიგნალი ეჰუდ ბარაკისგან არ მოდიოდა. „საიერეტ მატკალის“ მეთაური, მოვლენების სწრაფი განვითარების მიუხედავად, არ ჩქარობდა. ორ სხვადასხვა სახლში მდებარე სამ ბინაში შტურმი ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი დარწმუნდა იმაში, რომ სამივე ჯგუფი მზად არის, მან შტურმის დაწყების პირობითი სიგნალი მისცა.
სამი აფეთქება
პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა აბუ იუსუფის ბინასთან ამოქმედდა. მაიორ ბეცერის ჯგუფმა დეტალურად იცოდა ბინის შიდა დაგეგმარება. „მოსადის“ ინფორმაციით, აბუ იუსუფი ბინის მარცხენა ფრთაში უნდა ყოფილიყო, დიდ ოთახში, რომელიც მისი სამუშაო კაბინეტი იყო. გეგმის მიხედვით, მუკი ბეცერი პირველი უნდა შეჭრილიყო აბუ იუსუფის კაბინეტში. ამავდროულად, მისი ჯგუფის წევრები სხვა ოთახებს "გაწმენდნენ". აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ კარი ფაქტობრივად ოთახში შევარდა. აბუ იუსუფი შეეცადა პისტოლეტის აღებასა და წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა კაპიტან იონი ნეთანიაჰუს რამდენიმე ტყვიამ ის გაანეიტრალა. ამ დროს ოთახში აბუ იუსუფის მეუღლე შევარდა, ნეთანიაჰუს დაახტა, თუმცა მას მუკი ბეცერმა ესროლა. იონი ნეთანიაჰუ მშვიდად მიუახლოვდა ტერორისტის ცხედარს და მოკლულის ხელის მტევანი შეამოწმა - „მოსადის“ ინფორმაციით, აბუ იუსუფს ხელზე თითის ფალანგი არ ჰქონდა.
იონი ნეთანიაჰუ
მას შემდეგ, რაც იონი ნეთანიაჰუ დარწმუნდა იმაში, რომ მის წინაშე ის ადამიანი იყო, ვისაც წლების განმავლობაში ისრაელის სპეცსამსახურები ეძებდნენ, მან საკონტროლო გასროლა განახორციელა და ოთახიდან გავიდა. სროლებისა და სიგნალიზაციის ხმაურმა ნახევარი ბეირუთი გააღვიძა. ოპერაციის ადგილიდან 200 მეტრში მდებარე პოლიციის განყოფილების ოფიცერმა ადგილზე ჟანდარმერიის ჯგუფი გააგზავნა, რათა გაერკვიათ რა ხდებოდა პალესტინელების თავს. სავარაუდოდ, ლიბანელებმა სროლები პალესტინელებს შორის საქმის გარჩევად მიიღეს.
როგორც კი მოშორებით ჟანდარმების ჯიპი გამოჩნდა კაპიტანი ლევინი და მაიორი დოვ ბარი თავშესაფრიდან გამოვიდნენ და ჯიპი დაცხრილეს. მანქანის მძღოლმა მართვა დაკარგა და გაჩერებულ მანქანას შეეჯახა. ჟანდარმები იმდენად დაბნეულები იყვნენ, რომ საპასუხო ცეცხლიც კი არ გახსნეს. მძღოლი ადგილზე მოკვდა, ხოლო დანარჩენებმა მანქანა დატოვეს და გაიქცნენ.
ამ დროს ქამალ ნასერის ბინაში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. სპეცრაზმელების ჯგუფი ბინაში შეიჭრა. „მოსადის“ აგენტების ინფორმაციით, ქამალ ნასერი უცოლო იყო და მარტო ცხოვრობდა. ეს არსებითად აადვილებდა სპეცრაზმელების დავალებას. თუმცა, ტერორისტის საძინებელ ოთახში ორი შეშინებული ახალგაზრდა ქალი დახვდათ. ერთ-ერთმა მათგანმა ტანსაცმლის კარადისკენ მიუთითა სპეცრაზმელებს, მათაც ტყვიებით დაცხრილეს კარადა, საიდანაც ნასერის გვამი გადმოვარდა.
მესამე ჯგუფი ამ დროს უკვე მზად იყო ქამალ ადვანის ლიკვიდაციისთვის. სპეცრაზმელები იმავე სცენარით მოქმედებდნენ. როგორც კი ბინაში შეიჭრნენ, ქამალ ადვანი პისტოლეტით ხელში დახვდათ. მან რამდენიმე გასროლა მოასწრო და ერთი სპეცრაზმელი დაჭრა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაქცევა სცადა, თუმცა ამაოდ, ის რამდენიმე გასროლით მოკლეს. ამის შემდეგ სპეცრაზმელებმა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის“ საიდუმლო დოკუმენტები და მასალები წაიღეს და ბინა დატოვეს.
ამ დროს გარეთ სიტუაცია სულ უფრო და უფრო დაიძაბა. სიტუაციიდან ცოცხლად გამოსვლის შანსები მცირდებოდა. ნებისმიერ მომენტში ლიბანურ ჟანდარმერიას შეეძლო გზების გადაკეტვა, რაც ეჰუდ ბარაკსა და „მოსადის“ აგენტებს უკან დახევის გზას მოუჭრიდა. მას შემდეგ, რაც ეჰუდ ბარაკი დარწმუნდა, რომ ყველანი ადგილზე იყვნენ, დათქმულ ადგილზე სამი მანქანა მივიდა. სპეცრაზმელების ნაწილი უკვე მანქანებში ისხდა, როდესაც ჟანდარმების კიდევ ერთი ჯიპი გამოჩნდა. გარეთ დარჩენილმა სპეცრაზმელებმა ჟანდარმების მიმართულებით ისროლეს - მანქანამ მართვა დაკარგა და დიდი სიჩქარით სახლის კედელს შეეჯახა.
როდესაც თითქოს ყველაფერი მორჩა და ეჰუდ ბარაკმა გამგზავრების ბრძანება გასცა, მოსახვევიდან ჟანდარმების კიდევ ერთი ჯიპი გამოჩნდა, რომელმაც სპეცრაზმელებს უკან დახევის გზა გადაუჭრა. ყველაზე ახლოს მუკი ბეცერი იდგა. მან მსხვრევადი ყუმბარა ესროლა ჟანდარმებს. ორი ჟანდარმი ადგილზე დაიღუპა, მესამემ კი იქამდე მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა, ვიდრე ყუმბარა აფეთქდებოდა. დაჭრილი ჟანდარმის ცოცხლად დატოვება არ შეიძლებოდა. კაპიტანმა ნეთანიაჰუმ ავტომატი გადატენა და ჟანდარმს დაედევნა. 20-30 მეტრში დაეწია და გაანეიტრალა. თუმცა, როდესაც უკან მოტრიალდა დაინახა, რომ მანქანები მის გარეშე დაიძრნენ - სიჩქარეში არავის შეუმჩნევია მისი არყოფნა. იონი ნეთანიაჰუმ დაუყვირა თანამებრძოლებს, მისი ხმა ერთ-ერთმა გაიგო და მანქანა უკან დაბრუნდა მის ასაყვანად.
თუმცა, პალესტინელი ტერორისტების სამი მაღალჩინოსნის ლიკვიდირება არ იყო ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ ერთადერთი სამიზნე. ეჰუდ ბარაკის ჯგუფის პარალელურად ბეირუთში ისრაელის სადესანტო ძალების 35-ე ბრიგადისა და საზღავო კომანდოსების ჯგუფის „შაიეთეთ 13“-ის ჯგუფმა პალესტინელი ტერორისტების ინფრასტრუქტურის ოთხი ობიექტი ააფეთქეს და ასობით ტერორისტი მოკლეს.
...1973 წლის 10 აპრილს დილით ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესმდივანი პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც უცხოელ ჟურნალისტებს განუცხადებს, რომ ისრაელი ლიბანის დედაქალაქში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე პასუხისმგებლობას იღებს. „ჩვენ არა მხოლოდ ლიბანში და ევროპაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტერორისტების გადაადგილების თაობაზე გვაქვს ინფორმაცია“, - განაცხადებს ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესმდივანი.
ისრაელის პრემიერი ეჰუდ ბარაკი პალესტინელთა ლიდერ იასერ არაფატთან და აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრისას
ანტიტერორისტულმა ოპერაციამ „ახალგაზრდობის გაზაფხულმა“ ღრმა შოკში ჩააგდო სრულიად არაბული სამყარო. რეაქცია მოიცავდა ზიზღს, დაბნეულობას, შიშსა და საკუთარი უძლურების შეგრძნებას. თუმცა, ოპერაციის მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ისრაელის სპეცსამსახურებმა დაამტკიცეს, რომ მათ დეტალური ინფორმაცია აქვთ პალესტინელი ტერორისტების ლიდერების გადაადგილებაზე და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მათი ლიკვიდირება მათივე საძინებელ ოთახში. დაწყებული 1973 წლის აპრილიდან პალესტინური ტერორიზმის ლიდერები მშვიდად ვერ იძინებდნენ, თავიანთ სახელზე სახლებს ვერ ყიდულობდნენ და ვერ ქირაობდნენ, თითქმის ყოველდღიურად იცვლიდნენ ადგილსამყოფელს, რათა ოპერაცია „ახალგაზრდობის გაზაფხულის“ მსგავსი არ გამორებულიყო.
იმ დღეებში ბრიტანული The Daily News წერდა: „ისრაელის საიდუმლო სამსახურები ყველაზე ეფექტურები არიან თანამედროვე მსოფლიოში…“
სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის კახა დგებუაძე