მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციდან აცნობეს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ხვალ, 6 აპრილს, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972 წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად, გარდაიცვალნენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.