სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ირაკლი ს. დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადრატული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა.
”2018 წლის 3 აპრილს ირაკლი ს-მ ზემოხსენებულ მეწარმეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ’’ პუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.