ახალი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის სისხლი, ერთ-ერთი მოწმის ტანისამოსზე აღმოჩნდა, რომელმაც სასამართლოში დაკითხვისას სარალიძესთან კონტაქი უარყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა.
ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაერთო. ზაზა სარალიძის თქმით, მოწმე უკვე დაკითხულია და შესაბამისად, სასამართლოზე ვერ მოხდება იმის დადგენა, თუ როგორ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლის კვალი ამ პირის ტანსაცმელზე მაშინ, როდესაც ის დავით სარალიძესთან კონტაქტს უარყოფს.
„დაიდო ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი მოწმის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩემი შვილის სისხლი. დაკითხვის პროცესში კი მოწმემ უარყო ჩემს შვილთან კონტაქტი. თუ არ ჰქონდა ჩემს შვილთან შეხება, მაშინ როგორ აღოჩნდა მის ტანსაცმელზე სისხლი, ძალიან საეჭვოა. სამწუხაროდ, ეს მოწმე უკვე დაკითხულია. ის პროკურატურამ დროზე ადრე დაკითხა ჩემი აზრით, ან უკვე იცოდა ექსპერტიზის პასუხი და სპეციალურად დაკითხა ის დროზე ადრე. ფაქტია, რაღაცას მალავენ სერიოზულად“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
გარდა ამისა, დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიკვლიეს, რომელიც გამოძიებამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფარულად ჩაწერა. „ამ ჩანაწერში დეტალებში არ ყვება მომხდარს და ასევე არ ასახელებს დანარჩენ მონაწილე პირებს, ვინ შეიძლება იყოს მკვლელი. იმედი მაქვს, როცა მისი დაკითხვის დრო მოვა, ყველაფერ ჭეშმარიტებას ისაუბრებს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.