ავტორი:

"ქართული ჯიგარი" არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა!" - როგორ აპირებს ახალბედა მომღერლების შეფასებას მარინა ბერიძე ახალ მუსიკალურ შოუში

"ქართული ჯიგარი" არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა!" - როგორ აპირებს ახალბედა მომღერლების შეფასებას მარინა ბერიძე ახალ მუსიკალურ შოუში

2 აპრილიდან "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალი მუსიკალური შოუ "მხოლოდ ქართული" იწყება. პროექტში კონკურსანტები საქართველოს მასშტაბით მიიღებენ მონაწილეობას და იმღერებენ ქართველი კომპოზიტორების მხოლოდ ქართულ რეპერტუარს. რაში მდგომარეობს კონკურსის არსი, რა ევალებათ მონაწილეებს და ჟიურის როგორი წევრი იქნება მუსიკისმცოდნე მარინა ბერიძე, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრა:

- კასტინგების შემდეგ გამოიკვეთა: კონკურსის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდა მომღერლები ქართულ სიმღერას ეზიარონ და შეიყვარონ. თუ ერთი მაინც დადგა დიდ სცენაზე, დიდი გამარჯვება იქნება. კასტინგებიდან ბევრი კარგი რამ გამოჩნდა და ასეთი შემართებით დაიწყება ალბათ პროექტიც.

- როგორც გაირკვა, პროექტში მონაწილეობის მსურველი ბევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსანტები ქართულმა სიმღერამ სულაც არ დააფრთხო, მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობა, ბოლო დროს, უმეტესად უცხოურ მუსიკაზეა გადართული...

- დიახ, ამის გამო არავინ დამფრთხალა. სიმართლე გითხრათ, ამდენ მსურველს არ ველოდებოდი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოვიდა. თითოეულს უნდა, რომ ქართული სიმღერა კარგად იმღეროს. ეს მგონი, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

- რით იქნება "მხოლოდ ქართული" სხვა მუსიკალური პროექტებისგან განსხვავებული?

- "მხოლოდ ქართული" დაწყებული 50-იანი, 60-იანი წლების ქართველი კომპოზიტორების (გიორგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე) და შემდგომი წლების ავტორების შემოქმედებას ააჟღერებს, ასევე უახლესი 90-იანებისას (სერგი გვარჯალაძე, ირაკლი ჩარკვიანი, ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი `სახე", მწვანე ოთახი")... ესენი ის ადამიანები არიან, ვინც სხვა ეტაპზე გადაიყვანა ქართული სიმღერა და მისი შექმნის პროცესი.

კონკურსანტები მთელ ამ ვრცელ, მუსიკალურ გზას გაივლიან - ასეთია პროექტის მიზანი. ძირითადად, თუ რა მუსიკალური ნამუშევრები იქნება გაჟღერებული, ამას პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი გადაწყვეტს, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად იქნება 60-იანი წლებიდან 2000-იანი წლების ჩათვლით და ალბათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაც. დროს და განვლილ გზას ეტაპობრივად წავყვებით.

- კასტინგების მიხედვით რისი თქმა შეგიძლიათ - ნიჭიერია თაობა?

- რაც აქამდე ვნახე და დღემდე თვალყურს ვადევნებ, ძალიან საინტერესო კონკურსანტები არიან. მთავარი ისევ და ისევ ის არის, რომ დღეს სცენაზე გულწრფელობა გვაკლია, ამის დეფიციტია. კონკურსში თითოეული გულწრფელი და ინდივიდუალური უნდა იყოს. ეს ორი რამ მნიშვნელოვანია, რაც მართლაც მაწუხებს, რადგან ვიმეორებ ეს ქართულ სცენას დღესდღეობით აკლია. თან, სიმღერები XXI საუკუნის გადასახედიდან უნდა იყოს ნამღერი. მგონია, რომ XXI საუკუნის თაობის ახალგაზრდისთვის სიმღერა "მე საიდუმლოს შენახვა ვიცი", სხვა "საიდუმლოა" და ის თავისებურად უნდა წარმოადგინოს, ისე, რომ იყოს თავისი.

- ე.ი. იმედი გაქვთ, რომ `მხოლოდ ქართულის~ კონკურსანტები ამ ყველაფერს შეძლებენ და სცენაზე ამ ემოციას მოიტანენ?

- უნდა მოიტანონ! ამისთვის არის ჟიური, ვიღაც მოიტანს, ვიღაც - ვერა. უმეტესად ახალბედა, გამოუცდელი კონკურსანტები მონაწილეობენ... შეიძლება რომელიმეს რაღაც საბავშვო კონკურსში ჰქონდეს ოდესმე მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მერე გაიზარდა, უცხოურს მღეროდა და "მხოლოდ ქართული" თუნდაც ამიტომ არის მისთვის კარგი. დიახ, უპირატესი ქართული სიმღერაა და ყველაფრის ამოსავალი წერტილიც. ადამიანმა უნდა იცოდეს საკუთარ ენაზე სიმღერა, რასაც დღესდღეობით აქტუალობა დაკარგული აქვს. იმის გამო, რომ `რუსთავი 2~ ყოველთვის ნოვაციებითაა სავსე, გადაწყვიტა, ქართული სიმღერა პრიორიტეტული გახდეს. სხვა ქვეყნის სიმღერას ისე ვერ გაითავისებ, როგორც შენსას...

- ჟიურიში ყოველთვის მკაცრი შემფასებელი ხართ. ამჯერადაც ასე იქნება, თუ შეიცვალა რაიმე ამ მიმართულებით?

- არაფერი შეცვლილა. იმდენი წლის ვარ, რომ ახლა უკვე არაფერი და ვერავინ შემცვლის - ასე მოვდივარ სულ და ვამბობ, "მე ვარ კატა, რომელიც თავის გზით დადის". ჰოდა, ახლა რა შემცვლის ან ვინ შემცვლის, ან ვისი უნდა მეშინოდეს? მე ვარ სამართლიანი ადამიანი! ჩემი აზრით, ჟიურიში ყოფნა, ვიღაცის შეფასება, როგორც ერთი ადამიანის შეფასებას ნიშნავს და არაფერს სხვას. ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. რას ვიზამთ, ასეა.

- ჯერ არ დაწყებული კონკურსის მისამართით გარკვეული კრიტიკა უკვე გამოითქვა, მუსიკოსების გარკვეული ჯგუფი კონკურსანტებს და ნამღერს უწუნებს და იმასაც აღნიშნავენ, რომ რაც იქ ჟღერს, ქართული სიმღერა არ არის...

- როგორ არის ის ანდაზა? ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო - ვფიქრობ, ასეა მაგათი საქმე. არავინ ვიცით, რა მოხდება, ვინ როგორ გამოვა, როგორ წარმოაჩენს თავს, კონკურსიც ეს არის. ჟიური იმისთვის არსებობს, რომ ყველას და ყველაფერს შეფასება მისცეს. მოკლედ, გვიყურონ, გვისმინონ და შეგვაფასონ.

- საქართველოს ყველა რეგიონია კონკურსში მოცული?

- ყველა არა, მოდი ასე ვთქვათ - არის თბილისიც და არის რეგიონიც. რეგიონმა აჩვენა, რომ საშუალო თაობა ძალიან კარგად არის ქართულ სიმღერაში გაწაფული. ბევრი ადამიანი იყო, ვინც ქართულს ძალიან გამართულად, აბსოლუტურად კარგად მღერის, მაგრამ ისიც დავინახეთ, რომ ახალგაზრდა თაობაში ეს ჩავარდნა არსებობს და ამიტომ შეიქმნა ეს კონკურსი. `მხოლოდ ქართულს~ ბევრი პედაგოგი, მუსიკალური ხელძღვანელი ჰყავს, რომ კონკურსანტებს დაეხმაროს. არ ვიცი, რა არის "ქართული ჯიგარი", მაგრამ ვიცი, რა არის ქართული სული, რაც ქართულ სიმღერაში ნამდვილად დევს. ვიმეორებ, ეს ამ თაობას უჭირს და ამიტომ ვართ ჩვენ და ჩვენი ვალია, ეს თაობა წამოვწიოთ.

-`ჯიგარზე~ გამახსენდა, ამ პროექტში `ქართული ფანოღს~ თუ მოისმენს მაყურებელი?

- კიდევ ვიტყვი, `ქართული ფანოღი~ და `ქართული ჯიგარი~ არ ვიცი, ვიცი კარგი ქალაქური სიმღერა, რომელიც, თავის დროზე, ცინუკი დადიანმა სხვა საფეხურზე აიყვანა და შემდგომ უკვე მედიკო ძიძიგურმა გააგრძელა და განავრცო. იმას ფანოღი არ ერქვა და მეც ვერაფრით ვუწოდებ ფანოღს. ისინი იმ ქალაქურის ჟანრში დიდ სიმღერებს აჟღერებდნენ. ის `ტაშ-ტაში~ არ ყოფილა, ნამდვილი სიმღერები იყო. დიახ, ცინუკი დადიანმა ამ ჟანრში მთელი ეპოქა შექმნა - `დუდუკებით~ ავიდა სცენაზე და პროფესიით არამუსიკოსმა, ექიმმა გადატრიალება მოახდინა. საოცარი ინტელექტის ქალბატონი გახლდათ. ნაკლები ინტელექტისა და კატეგორიის მქონე ასეთ სიმაღლეზე ვერ ავიდოდა.

ასე რომ, დღეიდან, 2 აპრილიდან ჩავუსხდეთ ამ პროექტს და თავადვე დავრწმუნდებით ბევრ რამეში. პირველი სამი ორშაბათი მაყურებლს კასტინგის ყურება მოუწევს, დანარჩენი 5 ტური 23 აპრილიდან დაიწყება და კონკურსი მეტად საინტერესო ეტაპზე გადავა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს