ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანისა და შენახვის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის დაცვის მხარემ მოსამართლე ნატო ხუჯაძის აცილების საკითხი დააყენა.
პროცესის დაწყებისას ბრალდებულის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა მოითხოვა განმარტება, როდის შევიდა სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე და რამდენ ფურცლად, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ სასამართლოში საქმე შევიდა დღეს, 1-ელ აპრილს, 10:37 საათზე და 1400 ფურცელია.
ამის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმის განხილვა, რადგან ის ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი, ერთი მარტივი გარემოების გამო, რომ ის აღნიშნულ პერიოდში 1400-გვერდიან საქმეს ვერ შეისწავლიდა. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კი აღნიშნა, რომ მას ქორიძის საქმე შესწავლილი აქვს და კარგად იცნობს. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ დირექტორის შვილს, ირაკლი ქორიძეს ორ დანაშაულს ედავება. კერძოდ, ქორიძეს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში.
შსს-მ გასულ წელს თურქეთიდან რეანიმობილით უკანონოდ შემოტანილი დაახლოებით 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმის ორგანიზატორი დააკავა. აღნიშნულ საქმეში გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ფიგურირებდა. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ორგანიზებას შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი ი.ქ. უკეთებდა და ნარკოტიკული საშუალებების საზღვარზე გადმოტანისთვის რეანომობილებს იყენებდა.