ავტორი:

”პალიტრა მედია ჰოლდინგი” აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის პროექტს იწყებს

”პალიტრა მედია ჰოლდინგი” აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის პროექტს იწყებს

”პალიტრა მედია ჰოლდინგი” ახალ სოციალურ პროექტს იწყებს, რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი ”დაუმეგობრდი ფერებს” ითვალისწინებს საჭიროების მქონე ბავშვების სასწავლო-შემეცნებითი ლიტერატურით უზრუნველყოფას, რაც მათ სამყაროს შეცნობაში დაეხმარება, საშუალებას მისცემს, რომ „იკითხონ და შეეხონ სამყაროს“. საწყის ეტაპზე დაგეგმილია სპეციალური ბიბლიოთეკების შექმნა, იმ ცენტრებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საქმიანობენ.

”პალიტრა მედია ჰოლდინგის” გენერალური დირექტორის მოადგილის ნინო ფეიქრიშვილის განმარტებით, ეს არის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ექვს ცენტრში შეიქმნება ბიბლიოთეკა და ისინი სამ თვეში ერთხელ განახლდება.

”ჰოლდინგი მასზე დაკისრებულ სოციალურ პასუხისმგებლობას კარგად აცნობიერებს. 23 წელია, ჩვენი საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეგვაქვს განათლებაში, რაც, თავის მხრივ, უკეთესი მომავლის გარანტიას გვაძლევს. მიხარია, რომ ჩვენი ღირებულებები უკვე თითოეული თანამშრომლის ღირებულებად იქცა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართვის ინიციატივაც სწორედ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომლიდან მოდიოდა,” - განმარტავს ნინო ფეიქრიშვილი.

ინიციატივის ავტორი ჰოლდინგის ერთ-ერთი მთავარი ბუღალტერი შორენა შუკაკიძეა. იდეა, რომელიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობას გულისხმობს, მან ”პალიტრა მედია ჰოლდინგის” პროექტის ”აანთე იდეა” ფარგლებში წარადგინა. პროექტი თანამშრომლების განვითარებას და წინსვლაზეა ორიენტირებული და მისი სლოგანია „მეტი შესაძლებლობა თითოეული თანამშრომლისთვის“.

”ჩემი დები პედაგოგები არიან და ინკლუზიური განათლების შესახებ ტრენინგს გადიან. მათგან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ინკლუზიურ სწავლებაში ხელით შეხებას დიდი როლი ენიჭება. აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვები კი სრულად ამ მეთოდით სწავლობენ. ინკლუზიური განათლების წიგნების გამოცემა პროექტში ”აანთე იდეა წარვადგინე”, როგორც კომერციული პროექტი. თუმცა, საბოლოოდ ის სოციალურ პროექტად ჩამოყალიბდა. ძალიან მიხარია, რომ ჰოლდინგისგან ასეთი მხარდაჭერა მივიღე და ერთად დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება” - განმარტავს იდეის ავტორი.

”შორენას დახმარებით, დავუკავშირდით 6 ორგანიზაციას, შევხვდით მათ წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ამ ორგანიზაციებს სასწავლო-შემეცნებითი ლიტერატურის კუთხით აქვთ. მათთან შეხვედრების შემდეგ, ორმხრივი ინიციატივის საფუძველზე თითოეულ ორგანიზაციასთან გრძელვადიანი მემორანდუმის გაფორმებაზე შევთანხმდით და მათ პერმანენტულად გადავცემთ წიგნებს” - აღნიშნავს ნინო ფეიქრიშვილი.

ბიბლიოთეკებისთვის გადასაცემი წიგნების შერჩევაში თერაპევტები და ფსიქოლოგები ჩაერთვებიან.

პროექტი სტარტს 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს აიღებს. პალიტრა მედია ჰოლდინგი 2 აპრილს, მთაწმინდის პარკში, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შეუერთდება და ბავშვების საჩუქრებს დაურიგებს, მომდევნო დღეს კი ჰოლდინგი კოალიციასთან მემორანდუმს გააფორმებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი