კემეროვოში სავაჭრო ცენტრი „Зимняя вишня“ თვითნებურად ააშენეს, სამშენებლო ნებართვის გარეშე, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
მათივე ინფორმაციით, გამომძიებლებმა დააკავეს კემეროვოს ოლქის სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი ტანზილია კომკოვა, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ვერსიის მიხედვით, მან არ მიიღო შესაბამისი ზომები თვითნებურად და ნებართვის გარეშე აშენებული სავაჭრო-გასართობი ცენტრის ექსპლუატაციის შესაწყვეტად, რამაც გამოიწვია სტუმრების დაღუპვა.
სავაჭრო ცენტრში „Зимняя вишня“ ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა.
ჯერჯერობით მხოლოდ 27 ადამიანის ცხედარია ამოცნობილი.
გამოძიება ხანძრის გაჩენის ორ ვერსიას განიხილავს - მოკლე ჩართვასა და ცეცხლის განზრახ გაჩენას. საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია ხუთი ეჭვმიტანილი, ასევე სავაჭრო ცენტრის მფლობელი კომპანიის გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა.