მინდა ის ადამიანები დავარწმუნო, ვინც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე ტაიმერი აქვთ დაყენებული - ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი წარადგინა. პრემიერი მისი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.
„ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.