"რუსთავი 2"-ის ეთერში 2 აპრილიდან ახალი გრანდიოზული მუსიკალური პროექტი "მხოლოდ ქართული" იწყება. პროექტში ქართული მუსიკა აჟღერდება და მასში უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "რუსთავი 2"-ის მთავარი რეჟისორი და ახალი პროექტის რეჟისორი ნიკა ლომიძე გვეუბნება, ეს იქნება მუსიკალური კონკურსი, სადაც კონკურსანტები მხოლოდ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ.
"თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქნება ფანოღი. გაჟღერდება ყველა ჟანრის ქართული მუსიკა, როგორც კლასიკური ქართული ესტრადა, ისე ფოლკლორი და თანამედროვე კომპოზიციები. ყველაფერი იმას ემსახურება, რომ ქართული სიმღერა იყოს პოპულარული. ამისთვის მაყურებელი და მსმენელიც მზად არის - ამას ადასტურებს ის, რომ ქართულ პროდუქტს ითხოვს, რადგანაც წაგვლეკა ყველანაირმა უცხოურმა. არადა, მშვენიერი კომპოზიტორები გვყავს, გადასარევი შემსრულებლები, ბევრი კარგი სიმღერაა და რატომაც არა?
ველოსიპედი არ გამოგვიგონია. "მხოლოდ ქართული" ჩვეულებრივად, მუსიკალური კონკურსის პრინციპს ეფუძნება და ასეთი კონკურსები მთელ მსოფლიოში თითქმის ერთმანეთს ჰგავს და აქ სიახლე არც არაფერია. რაც მთავარია, იქნება ჟიურის სამართლიანი შეფასება, მაყურებელს ექნება ერთი ტელეფონიდან მხოლოდ ერთი ზარის გაშვების უფლება, გაიყოფა ჟიურისა და მაყურებლის ხმები", - გვეუბნება ნიკა ლომიძე.
კასტინგებით 10 ფინალისტი შეირჩევა, მაყურებელი სულ 8 ლაივკონცერტს იხილავს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პროექტში მონაწილეობის მსურველი ძალიან ბევრია. მთელ საქართველოში 3 კასტინგ-ტური ჩატარდება, 2 აპრილს კი მაყურებელი პირველ შოუს იხილავს.
- რა ევალებათ კონკურსანტებს, რა ამოცანის წინაშე არიან ისინი?
- ერთმანეთისგან განსხვავებული ტურები ელით, ლაივკონცერტებზე თავის მოსინჯვა ყველა ჟანრში მოუწევთ და წარმოადგენენ მხოლოდ ქართულს. წინასწარ რაც შემიძლია ვთქვა, მაყურებელს ძალიან საინტერესო სანახაობა ელოდება.
24 საათის განმავლობაში ქართულ მუსიკას რომ ვუსმენდე, ასეთი მსმენელი არ ვარ, თუმცა მიყვარს, მაგრამ რასაც ამ პროექტის მსვლელობისას ვისმენ, რაც იგეგმება, ვხვდები, რომ ინტერესი თანდათან მიჩნდება. კარგი და გემოვნებიანი სიმღერებია შერჩეული, თან, ყველა ჟანრის. მაყურებელს და ქართული მუსიკის მსმენელს წინ დიდი სიამოვნება ელის.
- ვინ არიან ჟიურის წევრები?
- კასტინგის ჟიურის წევრები არიან - მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი. 2 წევრი ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება. მათგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ყველა ტურზე შეიცვლება.
- მოსამზადებელ პერიოდში რა გამოიკვეთა?
- ყველაზე მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, ის არის, რომ მონაწილის 90% ახალგაზრდაა, ეს იმას ნიშნავს, რომ უმცროსი თაობა კარგად იცნობს დიდ ქართველ კოპოზიტორებსაც, თანამედროვეებსაც და ფოლკლორსაც. მოკლედ, ასრულებენ ყველაფერს.
კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის, რომ ვართ მუსიკალურები, უცხოური მაგრად მოგვბეზრდა და ქართული გვინდა! იმედი მაქვს, მაყურებელი ამაში აქტიურად ჩაერთვება. ჩვენი მიზანი დასაწყისში, ახლაც და მერეც ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და კომპოზიტორების წარმოჩენა, რადგანაც არანორმალურად კარგი კომპოზიტორტები გვყავს. მათ შორის, ახალგაზრდებიც და მათ სტიმული სჭირდებათ.