„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი აბულაძის ქუჩაზე, #34-ში მდებარეობს. გახსნის ცერემონიალს „PSP–ს ჯგუფის“ დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ახალი ცენტრი პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. როგორც ღონისძიებაზე „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, ახალი ფილიალი ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და მასში ოფთალმოლოგიური სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის. მისივე თქმით, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი პაციენტებს სთავაზობს ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს. კერძოდ, სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა.
„მოგეხსენებათ, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი უკვე 126 წლიან ისტორიას ითვლის. ჩვენ, „ნიუ ჰოსპიტალსი“, ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრის სამართალმემკვიდრე ვართ და ყოველნაირად ვცდილობთ, განვავითაროთ ჩვენი ისედაც ლიდერული პოზიციები ჩვენი პაციენტების საკეთილდღეოდ. სწორედ იმისათვის, რომ ხარისხიანი ოფთალმოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა შესაძლებელი იყოს, ჩვენი მიზანია საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ფილიალი გავხსნათ. დღეს ჩვენ გავხსენით ვაკის ფილიალი. წლის ბოლომდე ვგეგმავთ ახალი ფილიალების გახსნას. კერძოდ, სულ ხუთი ფილიალის გახსნა იგეგმება, მათგან სამი თბილისის სხვადასხვა რაიონებში იქნება“, – განაცხადა რამიშვილმა.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის თქმით, მათი, როგორც დარგის ლიდერი ორგანიზაციის, აქცენტი მიამრთული იქნება მეცნიერების განვითარებაზე და სასწავლო პროცესზეც.
„ოფთალმოლოგიაში ყველაზე მეტი რეზიდენტი ჩვენთანაა. ამდენად, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, გავაკეთოთ „ვეტლაბი“, ადგილი, სადაც მომავალი ოფთალმოლოგი ქირურგები ივარჯიშებენ. ამის ფინანსირებას ვაპირებთ. ასევე, მეცნიერების ხელშეწყობისთვისაც იქნება სპეციალური გრანტი, რომელსაც ჩვენ გამოვყოფთ“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
ახალ ფილიალში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ კლინიკის კაბინეტებიც დაეთვალიერებინათ. ქირურგმა ოლეგ გოლევაჩოვმა საზოგადოებას ერთ–ერთი უახლესი ოფთალმოლოგიური აპარატის მოქმედების ფუნქციები გააცნო.
„ამ აპარატზე პაციენტს შესაძლებელია გამოკვლევა ჩაუტარდეს და პირველადი დიაგნოზი დაესვას. თუ აუცილებელი გახდება, შემდეგ პაციენტს უფრო რთულ გამოკვლევებიც ჩაუტარდება. ამ შემთხვევაში აქ შეიძლება დავადგინოთ რა ნომერი სათვალე სჭირდება ადამიანს, გაუზომოთ რქოვანის სისქე, თვალის შიდა წნევა, ფსკერი დავათვალიეროთ და სხვა. ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთ სივრცეში“, – განაცხადა გოლევაჩოვმა.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით ლიდერია. ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
ავტორი: ეკა ბახუტაშვილი