"მეგობრები საავადმყოფოშიც კი არ მოსულან ჩემს სანახავად..." "ქუჩაში ხალხის ყურადღებას ძალიან ადვილად ვიქცევ იმის გამო, რომ ერთი ხელი მაქვს. მათი რეაქცია ისეთი უცნაურია, რომ მგონია, რაღაც საინტერესო ფილმს ვუყურებ. ზოგი ტირის, ზოგი მიღიმის და ვგრძნობ, მათი ღიმილი გულწრფელია. ზოგი "საწყალს" მეძახის ან "საცოდავს"... ძალიან მაღიზიანებს ეს სიტყვები, თავს არ ვგრძნობ საცოდავ ადამიანად. მახსოვს, მეტროში ვიღაც უცხო როგორ ჩამეხუტა. ჩამეხუტა და გაიქცა. ძალიან შემრცხვა, მაგრამ დღემდე მახსოვს. მეტი ღიმილი და მეტი სითბო გვჭირდება ადამიანებს, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. მე ბედნიერი ვარ!" - წერს 21 წლის პარაოლიმპიელი ლიკუნა ჩაჩიბაია, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი სირთულე დასძლია და დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ახლობლებისა და სიცოცხლის სიყვარული ბევრ რამეს შეაძლებინებს ადამიანს.
- ვცხოვრობდი ისე, როგორც ყველა ჩემი თანატოლი - დავდიოდი 108-ე საჯარო სკოლაში, მყავდა მეგობრები. რომ გითხრა, მხიარული და ხალასი ბუნების ვიყავი-მეთქი, მოგატყუებ, აგრესიული და პრეტენზიული უფრო ვიყავი. ცუდი რეაქცია მაქვს სიყალბეზე - როდესაც ადამიანი თავს ისე მაჩვენებს, როგორიც რეალურად არ არის, ამას ვერ ვიტან და საერთოდ ვწყვეტ მასთან კონტაქტს. პატარაობაში უფრო ზარმაცი და ქალაბიჭა ვიყავი. ძირითადად, ბიჭი მეგობრები მყავდა და ახლაც ასეა, მათთან უფრო ადვილად ვურთიერთობ. ძალიან ხიფათიანი ვიყავი ბავშვობიდანვე, სამჯერ გადავურჩი დახრჩობას.
- რა მოხდა 5 წლის წინ?
- 14 მაისს გავხდი 16 წლის და 29 მაისს ეს ამბავი მოხდა. მეგობრები ხშირად ავდიოდით სახურავზე, მოგვწონდა ხმაურისა და ხალხისგან მოშორებით ყოფნა. იმ დღესაც მათთან ერთად ვიყავი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე, მაგრამ ბევრი არაფერი მახსოვს. როდესაც თვალები გავახილე და გავიღვიძე, საავადმყოფოში, კომაში ვიყავი. 3 დღე პერიოდულად ვიღვიძებდი, მაგრამ დედასაც ვერ ვცნობდი თურმე და ვეკითხებოდი, ვინ იყო. ექიმებს ვეუბნებოდი, არ ვიცნობ ამ ადამიანს-მეთქი. სასიცოცხლო ორგანოები დამიზიანდა, ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ მესამე დღეს შეამჩნიეს, რომ მარჯვენა ხელი სივდებოდა და მშობლების თანხმობით, მომკვეთეს. რომ გამოვფხიზლდი, დაბმული ვიყავი, - ხელის მოჭრის ამბავს რომ გაიგებს, არ გაგიჟდესო, ეშინოდათ. მესმოდა ექიმების ჩურჩული: არაფერი იცის, ვერ ვეტყვით... მივხვდი, რაღაც პრობლემა იყო და პირველ რიგში, ფეხები გავამოძრავე. ვიგრძენი და გამიხარდა, რომ სიარულს შევძლებდი. დანარჩენს აზრი აღარ ჰქონდა. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და ამან მიმახვედრა, რომ მარჯვენა ხელი დავკარგე. დედაჩემის ნახვა მოვინდომე და აბსოლუტურად მშვიდად ვკითხე: რატომ მიმალავთ, ხელი რომ აღარ მაქვს-მეთქი? გაუხარდა, ამ ამბავს ასე წყნარად რომ შევხვდი და მამას უთხრა, ლიკუნამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე გადაიტანა და ახლა იწყებს ბრძოლასო. მართლაც, დაიწყო ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება. ხშირად ვიხედებოდი სარკეში, მაგრამ არასდროს ვფიქრობდი, - ვაიმე, რა მეშველება, ცალი ხელით რას როგორ გავაკეთებ-მეთქი. პირიქით, მინდოდა, საკუთარი თავისა და სხვებისთვისაც დამემტკიცებინა, რომ ყველაფერს შევძლებდი!
- მეგობრები ალბათ ძალიან წუხდნენ მომხდარის გამო. არ გიამბეს, რა და როგორ მოხდა?
- ისინი ამ ამბის შემდეგ თვალითაც არ მინახავს, საავადმყოფოშიც არ მოსულან ჩემს სანახავად. შეიძლება, შეეშინდათ, სხვა ვერაფრით ვხსნი მათ საქციელს. ამ ყველაფერს იმ კუთხით შევხედე, რომ სიცოცხლის მეორე შანსი მომეცა. 20 დღის შემდეგ საავადმყოფოდან გამომწერეს და გადავწყვიტე, სოფელში, წალენჯიხაში გადავსულიყავი საცხოვრებლად. მიჭირდა მომხდართან შეგუება და მაღიზიანებდა ხალხის ყურადღება... განაგრძეთ კითხვა