ტრაილერი, რომელსაც რიკოთზე დღეს ცეცხლი გაუჩნდა, ამ დრომდე იწვის. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტრაილერს თხევადი აირი გადაჰქონდა და ვიდრე ავზი მთლიანად არ დაიცლება, დამატებითი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ცეცხლის ჩაქრობა არ ხდება.
”ჯერჯერობით ცეცხლი ლიკვიდირებული არ არის. ამის მიზეზია ის, რომ იწვის თხევადი აირის ავზი. მეხანძრეები ყველანაირ ზომას იღებენ, რომ ხანძრის გავრცელება არ მოხდეს და ამის საშიშროება არ არსებობს. ავზი უნდა დაიცალოს თხევადი აირისგან. თუ ამ ცეცხლს ჩავაქრობთ და მოხდება ამ ავზის ტრანსპორტირება, არსებობს რისკი, რომ მოხდეს აფეთქება ან აირის გაჟონვა”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი სხვა ტერიტორიაზე არ გადასულა.
რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ტრაილერი ამოტრილდა და ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილია ტრაილერის მძღოლი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დამწვრობები აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველლო ბრიგადა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ავტროსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.