„სტერეო +“ მფლობელი აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

„სტერეო +“ მფლობელი აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

კომპანია "სტერეო +"-ის მფლობელის, დავით ზილფიმიანის განცხადებით, მისი წილი კომპანიაში, დაახლოებით, სამ კვირაში აუქციონის წესით უკანონოდ გასხვისდება. ამის შესახებ ზილფიმიანმა თავის ადვოკატებთან ერთად ”ინტერპრესნიუსის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დავით ზილფიმიანმა განაცხადა, აღნიშნულს საფუძვლად უდევს 2018 წლის 19 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დაკმაყოფილდა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის Chemexim International სრულიად დაუსაბუთებელი სასარჩელო მოთხოვნა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო ფურცელი. ამის საფუძველზე კი, დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც უნდა მოჰყვეს შპს „სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის დაყადაღება და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება.

„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით მტკიცდება, რომ თურმე 13 წლის წინ დავით ბეჟუაშვილმა სიტყვიერად მასესხა 256 ათასი ევრო, რასაც ახლა ითხოვს. მათ ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ აქვთ. უზენაესმა სასამართლომ კი ირწმუნა, რომ მეცენატი ბეჟუაშვილი იძლევა სესხებს ყოველგვარი კონტრაქტის გარეშე და 14 წლის შემდეგ ახსენდება, რომ მე მისი ვალი მაქვს. ამ დონეზეა დღეს ჩვენი მართლმსაჯულება. დაახლოებით, 3 კვირაში „სრეტეო +“-ში ჩემი წილი გასხვისდება აუქციონის წესით. მე და ბეჟუაშვილი ”პირველ სტერეოში” ვიყავით პარტნიორები და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მან ჩათვალა, თითქოს ის ვაზარალე, რითაც გზა გაიხსნა, რომ 2012 წელს კომპანია დაერბია, რადგან მეზობლად იყო „პირველი სტერეო“ და „სტერეო +“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

ზილფიმიანი ითხოვს სასწრაფოდ გაგრძელდეს იმ საქმის გამოძიება, რომელიც „სტერეო +“-მა 2012 წელს, ოფისის დარბევისა და აპარატურის განადგურების შემდეგ, ბეჟუაშვილის წინააღმდეგ დაიწყო და ამ დრომდე პროკურატურაში დევს.

მისივე განმარტებით, თბილისის პროკურატურას საქმე 2012 წელსვე გამოძიებული ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ აღნიშნული საქმის მასალები გამოითხოვა, მოწმეებისა და დანაშაულის ჩამდენი პირების აღიარებითი ჩვენებები დაიკარგა.

„ქალაქ თბილისის პროკურატურამ 6 წლის წინ, 2012 წელს 4 თვეში გამოიძია საქმე და როდესაც სასამართლოსთვის უნდა გადაეცა, მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე დღით ადრე დაასწრო, გაიწვია საქმის მასალები ქალაქის პროკურატურიდან ვითომდა მასალების დასამატებლად და გასამდიდრებლად. სინამდვილეში მოხდა ისე, რომ ამ საქმემ სინათლე ვეღარ ნახა ამ 6 წლის განმავლობაში. როდესაც ხელი მიგვიწვდა საქმის მასალებზე და გავეცანით, აღმოჩნდა, რომ იმ 4 ტომიდან, რომელიც ქალაქის პროკურატურამ მოამზადა, მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დარჩენილი. პირდაპირ, ხელით იყო გადაკეთებული ნუმერაცია, საქმე გადანომრილი იყო. გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ამოხეულია დანაშაულის ჩამდენი პირებისა და მოწმეების აღიარებითი ჩვენებები.

დღევანდელ მთავარ პროკურორსაც მივმართეთ წერილით, თუმცა, არათუ პასუხი, ყურადღების ღირსადაც არ ჩაგვაგდეს. ეს არის პროკურატურის მიერ განხორციელებული ტოტალური უკანონობა, რომელიც დარწმუნებულები ვართ, არა მხოლოდ ჩვენს საქმეზე, არამედ ყველა იმ საქმეზე ხორციელდება, სადაც კორუფციული მეთოდებით რაღაც ფორმით ხელის მოთბობა შეიძლება. ამ საქმის მფარველისთვის, დავით ბეჟუაშვილისთვის ეს დრო საკარისზე მეტი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ თავისი ქსელით ჩაეფარცხა და გაენადგურებინა საქმე.

მოვითხოვ ყველა იმ პროკურორისგან პასუხს, რომელმაც ხელყო და გაანადგურა ეს საქმე, ამავე დროს, მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან დაუყოვნებლივ აღადგინოს საქმე და გადასცეს მართლმსაჯულებას. სხვანაირად ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება. ჩვენ არ გავჩერდებით, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს ამას მაინც ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

როგორც „სტერეო+“-ის ხელმძღვანელმა დავით ზილფიმიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2012 წლის 12 მაისამდე რამდენიმე კვირით ადრე „სტერეო +“-მა ხელშეკრულება დადო „მეცხრე არხთან“, რომლის პროდუქტიც მაყურებლისთვის უნდა მიეწოდებინა. მისივე ინფორმაციით, მაშინ დაიწყო „მეცხრე არხმა“ ციხის კადრების გამოქვეყნება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გაშუქება.

„სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები. იყო ზეწოლა და მუქარები, რომ შეგვეჩერებინა „მტრების ტელევიზიის“ გაშუქება. მე ვერ დავარღვევდი კონტრაქტის პირობებს და ვერ შევწყვეტდი მაუწყებლობას მხოლოდ იმიტომ, რომ მოსახლეობას რაღაც კადრები არ ენახა. თუმცა, ამის შემდეგ მოხდა ოფისის დარბევა და აპარატურის განადგურება, რის გამოც „მეცხრე არხი“ სამი კვირით გაითიშა.

გარდა ამისა, ბეჟუაშვილს, რომელსაც „სტერეო +“-სთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, თქვა რომ თითქოს მე მაქვს მისი ვალი. თავდაპირველად მან 1,7 მილიონი ლარი მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დაუკმაყოფილა, ახლა ის 256 ათას ევროს ითხოვს ასევე უსაფუძვლოდ, რასაც სასამართლოს პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ადასტურებს, თუმცა, ამის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

თავის მხრივ, „სტერეო +“-ის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით ზილფიმიანის უფლებები დარღვეულია, რის გამოც, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

„მივმართავთ ევროპულ სასამართლოს, რადგან დარღვეულია ეფექტური დაცვის უფლება, ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-13 მუხლი, როდესაც საქმეს არ იძიებენ და მეორე შემთხვევაში, საქმე გვაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან, როდესაც ზილფიმიანს არ მიეცა უზენაეს სასამართლოში თავისი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა. ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით, დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებასა და პროკურატურაზე, რითაც გრძელდება მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის“, - განაცხადა ბარათაშვილმა.

ვინ მფარველობს დავით ბეჟუაშვილს, ამაზე დღეს ზილფიმიანს და მის ადვოკატებს არ უსაუბრიათ. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა აღნიშნა, „ეს ყველაფერი გამოძიების საგანია, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების“.

„როდესაც ადამიანს ხელი მიუწვდება პროკურატურაზე და სასამართლოზე, 2x2=4 ვინ მფარველობს ბეჟუაშვილს“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. „სტერეო +“ დახმარებისთვის მიმართავს როგორც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე პარლამენტს, მედია საშუალებებს, საერთაშორისო და დიპლომატიურ უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ