შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, მათ შორის ცნობილი პოლიტიკოსები... და თუ ჩვენი შეცდომები დიდ ყურადღებას არ იმსახურებს, პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების დაშვებული შეცდომები შეუმჩნეველი ნამდვილად არ რჩება.
წარმოგიდგენთ ცნობილი პოლიტიკური ლიდერების ყველაზე უხერხულ შეცდომებს, რომლებიც სხვადასხვა დროს სერიოზული სკანდალის მიზეზიც გახდა:
აშშ-ს პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 1977 წელს, პოლონეთში ვიზიტისას ძალიან უხერხულ ვითარებაში ჩავარდა. სიტყვით გამოსვლის დროს პოლონელ მასპინძლებს უთხრა, რომ მისი მიზანი იყო პოლონელებისთვის „მომავლის სურვილები“ ესწავლებინა. მისმა თარჯიმანმა აუდიტორიას ფრაზა შეცდომით უთარგმნა, თითქოს პრეზიდენტს „პოლონელები ფიზიკურად სურდა“.
ეს კარტერის თარჯიმნის, სტივენ სეიმურის ერთადერთი შეცდომა არ ყოფილა. პრეზიდენტის მიერ პოლონეთის კონსტიტუციისადმი ქება მან ისე შეცვალა, თითქოს კარტერს კონსტიტუცია სასაცილო ობიექტად მოეხსენიებინა. აღსანიშნავია, რომ კარტერმა ვიზიტის დანარჩენ დღეებში სხვა თარჯიმანი აიყვანა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში უფროსმა, 1992 წელს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში სტუმრობისას, უნებლიე შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივებს - მათ მიმართ საჩვენებელი და შუა თითებით „გამარჯვების ჟესტი“ (V-sign) გამოხატა. ამერიკაში ეს გამარჯვების სიმბოლოა, მაგრამ ავსტრალიაში, თუკი ვინმე ასეთი ნიშნის გამოხატვისას ხელის გულს საკუთარ მხარეს მოაქცევს, იგივე იქნება, რაც შუა თითის ჩვენება. ბუშმა ადგილობრივებთან მისალმებისას ხელის გული სწორედ საკუთარ მხარეს მოაქცია...
უფროსი ბუში სხვა დროსაც ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. ის პირველი და ალბათ ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაზე... აღებინა, თანაც პრემიერ-მინისტრის მხარზე. ეს შემთხვევა 1992 წლის 8 იანვარს მოხდა. ამ წელს ბუში ორკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა აზიის ქვეყნებში და სახელმწიფო ბანკეტის დროს სუფრაზე შეუძლოდ გახდა.
პრეზიდენტმა ჯერ თავი ჩაქინდრა, შემდეგ კი გულისრევა დაეწყო და იაპონიის პრემიერ კიიჩი მიაძავას მხარზე აღებინა. პირველი ლედი ბარბარა ბუში მაშინვე წამოდგა და მეუღლეს სახეზე ხელსახოცი ააფარა, თუმცა უკვე გვიანი იყო... ABC News ჟურნალისტმა მოახერხა აღნიშნული მომენტის გადაღება, რის შემდეგაც კარგა ხნის მანძილზე ჯორჯ ბუში უფროსი გაზეთების ჰედლაინებისა და ღამის შოუების მთავარი გმირი იყო. ამასთან, იაპონიაში სიტყვა "ღებინების" ახალი ფორმა დამკვიდრდა - ბუშუ სურუ ანუ „ბუში გააკეთა“.
ფიჯის პრემიერ-მინისტრმა ფრენკ ბაინიარამამ უხერხული ვითარება შექმნა მოსკოვში დიპლომატიური შეხვედრისას - მან ხელი პირველად არა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, დიმიტრი მედვედევს, არამედ მის ორ თანაშემწეს ჩამოართვა. მედვედევს იმიტირება დასჭირდა, თითქოს მეორე ხელიდან მტვერს იწმენდდა. მიუხედავად ასეთი „გაუგებრობისა“, შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
ინგლისის დედოფალი ხელშეუხებელია - ზოგიერთ შემთხვევაში ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პროტოკოლის მიხედვით, მასთან შეხება არ შეიძლება, გარდა ხელის ჩამორთმევისა. გასაკვირი არაა, რომ პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ, ბრიტანეთის მედია შოკში ჩააგდო, როცა დედოფალს შეხვედრისას ხელი მოხვია. ეს ერთ-ერთი კლასიკური წესის დარღვევა იყო.
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი ცნობილია თავისი გამონათქვამებით, მაგრამ როცა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას "გარუჯული" უწოდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. იმავე სიტყვით მოიხსენია მან ობამას მეუღლე მიშელიც. "თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ ისინი (ბარაკ ობამა და მიშელ ობამა) ერთად დადიან პლაჟზე გასარუჯად. მისი ცოლიც გარუჯული იყო" - განაცხადა მილანში ბერლუსკონიმ.
გერმანიის კანცლერი გერჰარდ შროდერი 2000 წელს, ისრაელში ვიზიტისას ყველაზე უფრო დიდ უხერხულობაში ჩავარდა, რაშიც შეიძლება ჩავარდეს გერმანელი თანამდებობის პირი. ისრაელში ვიზიტის დროს უცხოელები როგორც წესი პატივს მიაგებენ ჰოლოკოსტის მემორიალს, სადაც „მარადიული ცეცხლი“ ანთია. შროდერმა, იმის ნაცვლად, რომ ცეცხლის ალისთვის მოემატებინა, ცეცხლი ჩააქრო. შემდეგ ცეცხლი გაზის სანთებელათი აანთეს.
2011 წელს, კანში დიდი ოცეულის სამიტის მსვლელობისა, საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზისა და აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას მიკროფონები ჩართული დარჩათ. ისინი ისრაელის პერმიერ-მინისტრზე, ბენიამინ ნეთანიაჰუზე საუბრობდნენ.
„ვერ ვიტან ნეთანიაჰუს, მატყუარაა“ - თქვა სარკოზიმ. „ყელში ამოგივიდა? მე რაღა ვთქვა? მასთან ურთიერთობა შენზე ხშირად მიწევს“ - უპასუხა ობამამ. აღსანიშნავია, რომ მედია შეთანხმდა საუბარი არ გაევრცელებინა, თუმცა სამიტის დასრულების შემდეგ, ინფორმაციამ მაინც გაჟონა. პრეზიდენტებს აღნიშნულთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების მიცემა მოუხდათ.
AMBEBI.GE-სთვის მოამზადა იოანე შაიშმელაშვილმა