პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამ წუთის მდგომარეობით, ისევე როგორც რამდენიმე თვის წინანდელი მდგომარეობით, საპრეზიდენტო კანდიდატობის საკითხზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა და არ იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, შესთავაზა თუ არა მას "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო კანდიდატობა ან რამდენად შესაძლოა, "ქართული ოცნების" კანდიდატი ქალი იყოს.
"ვფიქრობ, ძალიან მალე დაიწყება ოფიციალური კონსულტაციები. ალბათ, კონსულტაციები იქნებოდა, თუმცა ოფიციალურად, რომელშიც ალბათ, მეც მივიღებდი მონაწილეობას, არ დაწყებულა. ჩემთვის უცნობია, რომ მომავალი კანდიდატის შერჩევა მოხდეს გენდერული ნიშნის მიხედვით. ეს ალბათ, მოხდება იმ ნიშნით, რომელიც ყველაზე უფრო ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ალბათ, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისი ხედვა, მათ შორის მეც, მაგრამ ამის ცალსახად გაცხადებისგან თავს შევიკავებ. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ამ წუთის მდგომარეობით, ისევე როგორც რამდენიმე თვის წინანდელი მდგომარეობით, ჩემთან მიმდინარე კონსულტაციები არ ყოფილა და არ იქნება. ნამდვილად არ მაქვს პოლიტიკური გეგმები", - განაცხადა სერგეენკომ.