რეზოლუციის მიღებით არც არჩილ ტატუნაშვილს და არც გიგას ეშველება რამე, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ეს მომავალში სხვის შვილებს დაიცავს, - ამის შესახებ "ინტერპერსნიუსს" გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ განუცხადა.
"ამ რეზოლუციისთვის მხარის დაჭერას დიდი იმედით ვუყურებ. იმედი მაქვს, რომ გიგას და არჩილის მკვლელები დაისჯებიან. ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია იქნება შემაკავებელი, რათა მომავალში მაინც არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევა. უბრალოდ, აქამდე რატომ არ დაუჭირეს მხარი არ მესმის, ვის უშლიდა ეს რეზოლუცია ხელს?", - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.
გიგა ოთხოზორიას დედა და ოჯახის წევრები ხვალ წილკანში ჩასვლას და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებას გეგმავენ.
"ოჯახის ყველა წევრი წავალთ, ბავშვებსაც წავიყვანთ. პატივისცემის, თანაგრძნობის, თანადგომის ნიშნად. რა შეიძლება ამ დროს კიდევ გამოხატოს ადამიანმა?", - აღნიშნა ოთხოზორიას მეუღლე ნინო მატკავამ.
ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 26 დღის შემდეგ, გუშინ გადმოასვენეს. გიგა ოთხოზორია კი 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.
რაც შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმეებთან დაკავშირებულ რეზოლუციას, ის პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.