ლადო გოგოლაძის ბლოგი
ვიდრე მთავარ თემაზე გადავიდოდე, გიორგი გაბუნიას ნათქვამზე ვიტყვი - ნამდვილად არ მომეწონა, როგორც ქრისტიანს არ მესიამოვნა (სხვათა შორის, როგორც ხუმრობაც არ იყო მაღალი დონის, უკეთესი "შუტკები" ჰქონია ხოლმე გიორგის), მაგრამ აზრადაც არ მომსვლია მისთვის რაიმე შეურაცხმყოფელი მეთქვა, მით უფრო სადმე დავხვედროდი. ახლა კი სათქმელი...
იესო ქრისტეს მოძღვრება და მთელი ახალი აღთქმა სიყვარულზე, ნუგეშზე, სიკეთესა და მშვიდობაზეა დაფუძნებული. "ქართული მარში" ან სხვა სახარებით ცნობს ქრისტიანობას ან საერთოდ სხვა სარწმუნოება სწამს და სხვა ღმერთი ჰყავთ, თორემ მათ ქცევაში, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხიდან არცერთი არ იყო, პირიქით ამ ოთხეულის საპირსიპრო ქცევებს თუ დაინახავდა ადამიანი. უხვად იყო სიძულვილი, ბოროტება, შფოთი და ეს ყველაფერი გამოყენებული ქრისტიანობის დაცვისთვის. როცა ქრისტეს შეურაცხყოფენ, გაჩერება სირაქლემას პოზააო. დალოცვილო, თავად მაცხოვარმა მოგვცა საკუთარი ცხოვრებით მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაითმინო შეურაცხყოფა, ის კი არა, როცა პეტრე მოციქულმა, მაცხოვრის დასაჭერად მისულ რომაელ ჯარისკაცს ყური მოაჭრა, მაცხოვარმა უმკურნალა და პეტრეს შენიშვნაც მისცა. აგრესია რომ ხსნა ყოფილიყო, იესო ქრისტე ამის მაგალითს არ მოგვცემდა?! ზოგჯერ მგონია, რომ "ქართულ მარშს" საკუთარი ღმერთი ჰყავს, უბრალოდ მასაც ჩვენი მაცხოვარის სახელი ჰქვია და გვგონია, რომ იმ იესო ქრისტეს გულისხმობენ, რომელსაც ჩვენ სახარებიდან ვიცნობთ, თორემ რეალურად საკუთარ ღმერთს ახსენებენ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს მაცხოვართან, სიყვარულთან და სიმშვიდესთან.
მარხვაში, როგორ იკადრა გიორგი გაბუნიამ ასეთი განცხადების გაკეთებაო და ამ დროს ისეთი სიტყვებით იგინებიან, ბევრის მნახველ ქუთასიელ ფეხბურთის გულშემატკივარსაც კი შეშურდება. ეს გინება სოიოსია და მარხვაში შეიძლება, თუ წლევანდელი მარხვა გინებით ხსნილია?! "ქართული მარშის" წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი, ვინც მათთან ერთად აგრესიულად არ გამოხატავს უკმაყოფილებას, ქრისტეს მტრები არიან. მომკალით და მე პირიქით მგონია, ვინც ქრისტეს ცნების დარღვევით ცდილობს ქრისტეს მცნების დაცვას ის უფრო მგონია ეკლესიის მტერი. ქრისტიანის ერთადერთი იარაღი ლოცვაა, თუმცა ეს იარაღი ნამდვილად არ გამოუყენებიათ "მარშელებს", თორემ ამ იარაღის გამოყენების გამო პოლიცია ადამიანებს არ იჭერს.
"ქართული მარშის" "ღმერთი" მხოლოდ შფოთს, ქაოსსა და სიძულვილს ქადაგებს, მე მათ "სახარებას" არ ვიცნობ, მხოლოდ მათი ქცევიდან გამომდინარე ვმსჯელობ ასე.
"ქართული მარშის" "ღმერთი" ოკუპანტის ცნებასაც არ ცნობს და შესაბამისად, ამ "ღმერთის" მრევლი არასოდეს აპროტესტებს ოკუპაციას.
ეკლესიაში როცა დავიწყე სიარული, პირველი რაც მითხრეს ის იყო, რომ ღმერთი ყველაზე კეთილია, მას შეუძლია ყველაფერი მოგვიტევოს, ბუნებრივია, თუ შევინანებთ, ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ღმერთი სადამსჯელო რაზმის ხელმძღვანელია, არადა "ქართული მარში" სწორედ ისე აშინებს ღმერთით ხალხს, როგორც პატარა ბავშვს აშინებენ ბუათი. ღმერთი სიყვარულია, მთელი ქრისტიანული მოძღვრებაც სწორედ ამ სიყვარულზეა დაფუძნებული, რომ არა სიყვარული, მამა ღმერთი არც ძეს გამოუგზავნიდა ცოდვილ კაცობრიობას. განა მას არ შეეძლო, სწორედ ისე დაესაჯა ხალხი, როგორც დღეს ეგზალტირებული მასა აშინებს "ცოდვილთ"?! რა თქმა უნდა, შეეძლო, მაგრამ სიყვარულმა სძლია, მისივე შექმნილი კაცთა მოდგმის სიყვარულმა.
თქვენი არ ვიცი და ჩემი ღმერთი, რომელსაც ყოველთვის ვესაუბრები, რომელთან მისასვლელადაც არ მჭირდება სხვის თვალში გამოვლენილი ფარისევლური ნაბიჯები, ძალიან კეთილია. ისიც ვიცი, რომ ვუყვარვარ ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ, წინააღმდეგ შემთხვევაში არც გამაჩენდა, მაგრამ გავჩნდი, ზუსტად ისეთი, როგორც მას სურდა. ჩემი ღმერთი "ქართული მარშის" "ღმერთს" არ ჰგავს, ჩემი ღმერთი ძალიან კეთილია, მას უყვარს სიმშვიდე და სიყვარული.