გუშინ „ქართული მარშის“ წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს სანდრო ბრეგაძის ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გაავრცელა და პოლიტიკოსის ცემის ფაქტი კატეგორიულად უარყო.
ამასთან, ექიმის ინფორმაციით, „ქართული მარშის“ წევრი სანდრო ბრეგაძე საავადმყოფოში საკუთარი მოთხოვნით გადაიყვანეს და მას დაზიანებები არ აღენიშნება.
„პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. არ აღენიშნება გარეგანი დაზიანებები და ტრავმის კვალი. პაციენტი თავისი მოთხოვნით მოთავსებულია ჩვენს კლინიკაში“, - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს ექიმმა ნინო აქიაშვილმა.
სანდრო ბრეგაძე გუშინ ვაკე-საბურთლოს სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა, როცა საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა.