ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან "ქართული მარშის" წევრები აქციას მართავენ და დაკავებულ პირებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვენ. როგორც ადვოკატმა დავით გირგვლიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხდა, მან პოლიციის თანამშრომლებს წარუდგინა დოკუმენტაცია და უთხრა, რომ დაკავებულ ლუკა ნაცვლიშვილის ადვოკატია, თუმცა, მას მიზეზების განმარტების გარეშე სამმართველოს შენობაში შეშვებაზე უარი უთხრეს და შენობის ტერიტორია დაატოვებინეს.
"დაკავებულ ლუკა ნაცვლიშვილის დასაცავად მოვედი, თუმცა, შენონაში არ მიშვებენ. არც მიზეზს მიხსნიან და არც იმას მეუბნებიან, რის გამოა ნაცვლიშვილი დაკავებული, ან რა სტატუსით იმყოფება ის პოლიციის სამმართველოში. პოლიციელებმა დაარღვიეს ადვოკატის უფლება, ისევე, როგორც დაკავებულის უფლებებს არღვევენ, როდესაც ის გაურკვეველი სტატუსით ადვოკატის გარეშე ჰყავთ დაკავებული", - განაცხადა გირგვლიანმა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნაცვლიშვილთან ერთად დაკავებულები არიან ლადო სადღობელაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი. ასევე, დაკავებული იყო სანდრო ბრეგაძეც, რომელიც მათივე ინფორმაციით, შეუძლოდ გახდა და ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შსს-მ "რუსთავი 2"-თან გამართულ აქციაზე მომხდარი ინციდენტის გამო "ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადღობელაშვილს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.