საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებისგან ითხოვს მკვეთრ რეაგირებას, რომ მორწმუნეებს უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია "აიისას" და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და "რუსთავი 2"-ის ამა წლის 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა.
ამას შედეგად მოჰყვა ცალკეული მოქალაქეების, "ქართული მარშის" და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი რეაგირება. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან, მკვეთრ რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.
გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.
ამიტომაც მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და საერთოდ ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყანის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, "ქართულმა მარშმა" გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ 17 მარტს ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ.
"მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას.
ნახეთ ვიდეო: გიორგი გაბუნიას სიტყვა, რასაც "რუსთავი 2"-თან "ქართული მარშის" დაპირისპირება მოჰყვა